შაკიკი საკმაოდ გავრცელებული დაავადება, რომელიც მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 10% აწუხებს. ეს გახლავთ ქრონიკული, მორეციდივე ნევროლოგიური დაავადება და ხასიათდება ძლიერი, მფეთქავი ტკივილით. როგორც წესი, ტკივილი დამახასიათებელია თავის ცალ, მარჯვენა ან მარცხენა მხარეს.
როგორც „ნიუ ჰოსპიტალსის“ ნევროლოგიისა და ნეირორეაბილიტაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თემურ მარღანია განმარტავს, შაკიკის დროს არსებობს ორი მიმართულების მკურნალობა: შეტევის მომხსნელი და შეტევების საპრევენციო. დაავადების პრევენციისა და მკურნალობის შესახებ სპეციალისტი დეტალურად გვესაუბრება.
შაკიკი არის ნევროლოგიური დაავადება, რომელიც თავის ინტენსიური ტკივილით ვლინდება. ეს გახლავთ პულსირებადი ხასიათის ტკივილი, მეტწილად გამოხატული თავის რომელიმე, მარცხენა ან მარჯვენა ნახევარში. შაკიკს ახასიათებს შეტევითობა, ტკივილი არის მფეთქავი. ასევე მისი სიმპტომებია: ხმაურის და შუქის აუტანლობა, წამოზიდვა, ღებინება.
შაკიკს დამახასიათებელია ე.წ. აურა, ანუ გარკვეული პერიოდით მხედველობის კონკრეტული არის დაბინდვა. ის მაქსიმუმ 30 წუთი გრძელდება და წინ უძღვის უშუალოდ თავის ტკივილს.
შაკიკი უმეტესად აწუხებთ ქალებს. დაავადება ხშირად თავს იჩენს პუბერტატულ ასაკში ან მოგვიანებით 20 წლიდან 40 წლამდე.
პირდაპირი გამომწვევი მიზეზი არ არსებობს. ის არ არის მემკვიდრული დაავადება, თუმცა მემკვიდრეობითი დატვირთვის მიმართ აქვს მიდრეკილება.
რაც შეეხება მის მაპროვოცირებელ ფაქტორებს, ესენია: კვებებს შორის დიდი ინტერვალი, მზეზე ხანგრძლივად ყოფნა, სითხის ნაკლებობა, უძილობა, ზოგიერთი და მათ შორის ცხარე საკვები, წითელი ღვინო, მძაფრი გემოსა და სუნის მქონე ყველის სპეციფიკური სახეობები და სხვა.
მკურნალობის მიმართულება დამოკიდებულია შეტევების სიხშირეზე. თუ პაციენტს შეტევა წლის განმავლობაში რამდენჯერმე აქვს, მან უნდა მიიღოს ტკივილის მომხსნელი პრეპარატები, რომლებიც ტკივილის კუპირებას ახდენს. საპრევენციო ზომების მიღება ამ შემთხვევაში საჭირო არ არის. ხოლო თუ შეტევები ხშირია და ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებასა და აქტივობაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს, მაშინ დაავადების საპრევენციო ზომებს უნდა მიმართოს. ამ მიმართულებით კვლავ აქტიურად მიმდინარეობს კვლევები და მკურნალობის სხვადასხვა გზის შესწავლა. ამ დროისთვის ერთ ერთ ყველაზე ეფექტურ მეთოდად ბოტულინოთერაპია მიიჩნევა.
ბოტულინოთერაპია განიხილება როგორც პრევენციული მკურნალობა. ის გავლენას ახდენს ტკივილის ნივთიერების გადამტანზე ანუ ნეიროტრანსმიტერზე. მარტივად რომ ვთქვათ, ნერვ-კუნთოვანი გადაცემის ბლოკირება აკეთებს. აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, რომ იბლოკება მხოლოდ „მავნე“ იმპულსები, რომლებიც თავის ტკივილს იწვევენ.
შაკიკის დროს ბოტულინოთერაპია უკვე დიდი ხანია მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში ეფექტურ მეთოდად ითვლება. საქართველოში და კერძოდ „ნიუ ჰოსპიტალსში“ რამდენიმე წელია ბოტულინოთერაპიას შაკიკის სამართავად ვიყენებთ. აღსანიშნავია, რომ ეფექტის უკეთესად შესასწავლად მიმდინარეობს კვლევაც, რომლის მონაწილეებზეც მუდმივი დაკვირვება ხდება. რაც შეეხება გვერდით მოვლენებს, პროცედურის ხარისხიანად ჩატარების შემთხვევაში, მას გვერდითი მოვლენები ფაქტობრივად არ აქვს.
გეტყვით იმასაც, რომ „ნიუ ჰოსპიტალსში“ ბოტულინოთერაპიას ვნიშნავთ არა მხოლოდ შაკიკის, არამედ იმ სხვა ნევროლოგიური დაავადებების დროსაც, რომელთა შემთხვევაშიც ეფექტიანობის მყარი მტკიცებითი მონაცემები არსებობს.
სასურველია, რომ პროცედურები 3-4 თვეში ერთხელ ჩატარდეს, რადგან ამ დროის გასვლის შემდეგ პრეპარატის მოქმედებს სუსტდება.
მნიშვნელოვანია, რომ მიმართოს გამოცდილ სპეციალისტს, რომელსაც ამ მიმართულებით სათანადო ცოდნა აქვს. რაც შეეხება პრეპარატს, ამ ეტაპზე საქართველოში ორი დასახელების წამალია ხელმისაწვდომი და ორივე ძალიან ეფექტურია.
R