"ნოვატორთა აუდიტორია" უკვე მრავალი წელია, ქვეყნის მასშტაბით ინტელექტუალურ თამაშებს აწყობს. გარდა იმისა, რომ გუნდის წევრები თავად დიდი ხანია, თამაშში "რა? სად? როდის?" მონაწილეობენ და საკმაოდ მრავალფეროვანი გამოცდილებაც დაუგროვდათ, ახლა ისინი ამ გამოცდილების მიღების შესაძლებლობას სკოლის მოსწავლეებსაც აძლევენ. ინტელექტუალური თამაში "ინტელექტიადა", რომელიც მოსწავლეთა ზოგად განათლებას ამოწმებს, პირველად "ნოვატორთა აუდიტორიამ" რამდენიმე თვის წინ - მარტში ჩაატარა. თამაში "რა? სად? როდის?" ფორმატით გაიმართა.
"ჩვენს გუნდში არსებული ადამიანების უმეტესობა მშობელია და შესანიშნავად ვიცით, ბავშვთა განვითარებისათვის სკოლებში არაფორმალურ განათლებასა და ზოგადი ინფორმაციის მიღებას რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს. უკვე არსებული ტურნირები, როგორც წესი, საგნების, მაგალითად, ქართულის, მათემატიკის, ინგლისურის ცოდნას ამოწმებს და მოსწავლეებს კონკრეტული მიმართულების შეკითხვაზე უწევთ პასუხის გაცემა. ამიტომ, გადავწყვიტეთ, მათთვის სიახლე შეგვეთავაზებინა. ჩვენი გუნდის წევრები სკოლის მასწავლებლებიც არიან. ვიცით, რომ ბავშვებს მსგავსი ფორმატის თამაში ძალიან მოსწონთ და უყვართ. ამიტომ, მარტში "რა? სად? როდის?" ფორმატის თამაში მოსწავლეებისთვისაც ჩავატარეთ." - ამბობს "ნოვატორთა აუდიტორიის" გენერალური დირექტორი, მარიამ შარაშენიძე.
პირველი "ინტელექტიადა" იმერეთის მასშტაბით ჩატარდა და საკმაოდ დიდი გამოხმაურებაც დაიმსახურა. მონაწილეობა 42 სკოლის 104-მა გუნდმა მიიღო. თითოეული გუნდი მაქსიმუმ 6 მოსწავლისაგან შედგება და ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით, მათ უწევთ, სხვადასხვა სააზროვნო, ინტელექტუალურ შეკითხვას უპასუხონ. თამაში მე-3 - მე-12 კლასის მოსწავლეებისათვის ტარდება. გუნდებს სკოლები შესაბამისი ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით აკომპლექტებენ.
როგორც მარიამ შარაშენიძე ამბობს, "ინტელექტიადა" სკოლის მოსწავლეებს ბევრ სხვადასხვა უნარს უვითარებს და აძლევს მოტივაციას, რომ განვითარება და სწავლა მუდმივად განაგრძონ:
"როდესაც მოსწავლეები შეკითხვაზე სწორ პასუხს გამოიცნობენ, ეს მათთვის იმდენად დიდი სიხარული და მოტივაციაა, რომ უნდათ, ცოდნის გამრავალფეროვნება კვლავ განაგრძონ. თამაში მათ თავდაჯერებულობას სძენს და აჩვენებს იმის პრაქტიკულ შედეგს,რასაც სწავლობენ. როგორც უკვე აღვნიშნე, აქვთ მოტივაცია, რომ მუდმივად განვითარდნენ, სხვადასხვა ინფორმაციით დაინტერესდნენ. გარდა ამისა, თამაში ლოგიკის განვითარებასაც უწყობს ხელს. ხშირად, შესაძლოა, მოსწავლემ კონკრეტული პასუხი არ იცოდეს, მაგრამ ლოგიკური მსჯელობით სწორ დასკვნამდე მივიდეს.გარდა ამისა, ავითარებს გუნდური მუშაობის უნარს. ერთ გუნდში მაქსიმუმ 6 მონაწილეა და მათ ერთობლივი გადაწყვეტილების მიღება უწევთ." - ამბობს მარიამ შარაშენიძე.
"ინტელექტიადას" გარდა, რამდენიმე თვის წინ "ნოვატორთა აუდიტორიამ" მოსწავლეებისათვის კიდევ ერთი ინტელექტუალური თამაში - "აზრიადა" ჩაატარა. "აზრიადა" მოსწავლეებში ზოგად განათლებას ამოწმებს, თუმცა თამაშში მონაწილეობის მიღება არა გუნდურად, არამედ ინდივიდუალურადაა შესაძლებელი. მონაწილეობა, დაახლოებით, 950-მა მოსწავლემ მიიღო. ფინალში კი 500 გავიდა.
"ნოვატორთა აუდიტორია" სკოლებისათვის ინფორმაციის გასაზიარებლად სოციალურ ქსელებს, სარეკლამო პოსტერებს ხშირად იყენებს და ასევე, პირადი კონტაქტების გარდა, რესურსცენტრის დახმარებითაც ცდილობენ, საგანმანათლებლო დაწესებულებას თამაშის ჩატარების შესახებ მიაწოდონ ინფორმაცია.
"მთავარი მიზანი იყო, რომ ბავშვებს თამაშისაგან მაქსიმალური სიამოვნება მიეღოთ და ბედნიერები წასულიყვნენ. პირველი თამაშის დროს ჩვენი სპონსორი "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა" იყო. არც ერთი მოსწავლე სასაჩუქრე სიგელის გარეშე არ გაგვიშვია. გამომცემლობისგან ყველა მათგანმა ფასდაკლების ვაუჩერი მიიღო. "ინტელექტიადას" შემოდგომის სეზონი 19-20 ოქტომბერს გაიმართება და ამჯერად ჩვენი სპონსორი "პალიტრა L” და "ფინედუა". "ფინედუმ" რამდენიმე თვის წინ "აზრიადას" გამართვისასაც დაგვაფინანსა. ამავე დროს, გამარჯვებული გუნდებისთვის სასაჩუქრე ბუები გვაქვს. გასულ თამაშებზეც მოსწავლეებს მედლები, სასაჩუქრე ვაუჩერები იმავე დღეს გადავეცით და ეს მათთვის ძალიან დიდი სიხარული იყო. ვაპირებთ, იგივე ფორმატი შემოდგომის სეზონზეც გამოვიყენოთ. მოსწავლეებს ნამდვილად კარგი შედეგები აქვთ. არიან ისეთი გუნდები, რომლებმაც ფორმატი კარგად იციან და არიან ისეთებიც, რომლებსაც წინასწარ არ აქვთ ინფორმაცია, მაგრამ შესანიშნავ შედეგს აჩვენებენ. მაგალითისთვის ვიტყვი, რომ პირველ სეზონზე თერჯოლიდან რამდენიმე გუნდი გვყავდა და ძალიან კარგი შედეგი დააფიქსირეს. მოსწავლეებიც მონდომებულები იყვნენ, სამოქალაქო განათლებაში საოცარი მასწავლებელი ჰყავთ, რომელიც არაფორმალური განათლების კუთხით არაერთ აქტივობას ახორციელებს. სკოლაც, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს. ზოგადად, წინა თამაშზე ბავშვები იმდენად მოტივირებულები იყვნენ, რომ ვფიქრობ, ახლა გაცილებით უკეთ მომზადებულები მოვლენ." - ამბობს მარიამ შარაშენიძე.
"ინტელექტიადას" შემოდგომის სეზონი ქუთაისის მე-40 საჯარო სკოლაში 19-20 ოქტომბერს გაიმართება. ჯამში თამაშში ორივე დღეს120-მდე გუნდი და 720 მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას.