ოჯახი სახელმწიფოს ყველაზე მყარი ფუნდამენტია. სწორედ ოჯახებზეა დამოკიდებული ჩვენი საზოგადოების სიჯანსაღე. რა პრობლემებს მიიჩნევენ ყველაზე მნიშვნელოვნად დღევანდელ თანამედროვე ოჯახში, რა არის ოჯახური ბედნიერების ყველაზე დიდი ხელშემწყობი ან ხელისშემშლელი ფაქტორი - ამის შესახებ საკუთარ მოსაზრებებს მკითხველები სოციალურ ქსელში გვიზიარებენ.
- „ოჯახური იდილია მაშინ იქნება, როდესაც წყვილის ურთიერთობაში მესამე და მეოთხე პირი არ ჩაერევა. მეუღლის ოჯახის წევრებთან ერთად ცხოვრება უპირველესი და ურთულესი პრობლემაა ზოგადად“.
- „საარსებო წყაროს გამო მთელი დღით შრომა და სახლიდან გადაკარგვა რომ უწევთ მშობლებს, ეგაა დღევანდელი ოჯახებისთვის მთავარი ძირგამომთხრელი. ნორმალურად შვილს ვერ ამეცადინებ, ვერ გაართობ, ის ორიოდე საათი, რაც გრჩება, სახლის რუტინას უნდები, რომ ელემენტარული სისუფთავე და სადილი ჰქონდეს შენს ქმარ-შვილს. ურთიერთობებისთვის და ჰარმონიისთვის აღარავის რჩება დრო“.
- „ბანკის ვალები, რომლის გარეშე ვერაფერს ეღირსები და მერე ამ ვალების გამო მუდმივი გაჭირვება. ყველას სჭირდება სახლში მაცივარიც, გაზქურაც და კიდევ ბევრი აუცილებელი ნივთი, რომლებსაც კრედიტისა და განვადების გარეშე ვერ ვყიდულობთ. მერე ვიხდით საშინელ პროცენტებს“.
- „ბებია-ბაბუები ყველა რომ გვყავდეს სახეზე და შვილებს მათთან თანაცხოვრებით ვზრდიდეთ, იქნებოდა იდეალური“.
- „დეიდა-ბიცოლა-მამიდების და მათი შვილების ჩარევა ოჯახის საქმეებში ლოგიკით "ერთი ოჯახი ვართ" - ეგაა ყველა უბედურების და უთანხმოების საწყისი და სათავე. ოჯახი ვიცი დედა, მამა და შვილი.“
- „თქვენ რომ კომფორტულად იცხოვროთ, მე რა უნდა ვქნა, გავქრე თუ საკუთარი სახლიდან სადმე ავიბარგო?! ეგ რანაირი დამოკიდებულებაა, თვეში ერთხელ სანახავად თუ შემომივლით, მადლობელი დავრჩები, სხვა არაფერზე არ შეგაწუხებთ ნამდვილად. თავად შექმენით საკუთარი კერა და თავზე ჭერი".
- „არანაირი ხელშეწყობა არ არსებობს ახალგაზრდა ოჯახებისთვის. თუ მუშაობ და ორ კაპიკს შოულობ, შვილების მომავლისთვის ცდილობ რაღაცას, სახელმწიფო არაფერში გზოგავს. არც გადასახადში, არც ელემენტარულად, რაიმე წრეებზე ბავშვებისთვის. მაინცდამაინც სოციალური დახმარების ხელშემყურე უნდა იყო, არაფრის მკეთებელი, რომ რაღაც შეღავათი მიიღოს ან ოჯახმა, ან ბავშვმა. დღევანდელი ხელფასებით და ფასებით ბინებიც უნდა შევიძინოთ (აბა მშობლიურ სახლში რამდენი თაობა და და-ძმა იცხოვრებს), შვილებიც ვზარდოთ - ვაჭამოთ ჩავაცვათ, ვუმკურნალოთ, განათლება მივცეთ, მოხუც მშობლებზე ვიზრუნოთ და ღმერთმა ნუ ქნას, თავად შეგვექმნას ჯანმრთელობის პრობლემები. თუ არც პენსიონერი ხარ და არც სოცდაუცველი, განწირული ხარ. არანაირი შეღავათი შენთვის არსებობს - ეს ყველაფერი ფიტავს და ჩრდილს აყენებს ოჯახურ ბედნიერებას".
- „როცა პრობლემები გექნებათ ეკონომიური და სხვა... მაშინაც ნუ შეაწუხებთ მშობლებს, მოაგვარედ თვითონ.“
- „როდესაც ახლად შექმნილი ოჯახი ცალკე ოჯახად იწყებს ცხოვრებას, ყველანაირი მოწმეების გარეშე, იქ არის სრული იდილია და სრულყოფილება“.
- „ოჯახს სირთულეებიც ექნება, პრობლემებიც, კრიზისიც და ბედნიერი დღეებიც! მთავარია, არჩევანში იყოთ დარწმუნებულნი, ერთი მიზანი გქონდეთ და ამ მიზნიდან არ გადაუხვიოთ. როცა გზაზე მარტო რჩება რომელიმე, აი მერე ინგრევა იდილია, მიზნიდან გადახვევაც შეიძლება, მაგრამ ეგეც შეთანხმებულად და ურთიერთპატივისცემით. ამას მარტო ვერც ცოლი შეძლებს და ვერც ქმარი. აი ამ ყველაფრის გასააზრებლად კი ასაკი და შესაბამისი უნარ-ჩვევებია საჭირო!“
- „არამკითხე მოამბე ახლობლები, ნათესავები, "კეთილისმყოფელები". თვითონ რომ ვერ დაულაგებიათ ოჯახები, ისეთი ბრძენქალები და მეოჯახეები. ზოგადად, გარეშე ადამიანები ძალიან ბევრს ბედავენ სხვის ოჯახებში ენით და საქციელით და პასუხის შემთხვევაში შეურაცხყოფილნი რჩებიან.“
- „ადამიანებმა უნდა მივიღოთ ერთმანეთი ისეთები, როგორებიც ვართ. სანამ ამას არ მიხვდება ადამიანი, არაფერი შეიცვლება!“
- „თაობების ერთად ცხოვრება, სადაც რატომღაც ოჯახის ერთ წევრს უწევს ყველას მომსახურება - ლაგება, რეცხვა, სადილ-ვახშამი და მისი გაშლა-ალაგება. პარალელურად, შვილებსაც უნდა მიხედოს. ბავშვის მომვლელი, ჭურჭლის დამრეცხი და სახლის დამლაგებელი შენს მეტი არავინაა, მაგრამ ჭკუის მასწავლებლები და ყველაფერში ცხვირის ჩამყოფები - თავზე საყრელი. რა ოჯახურ ბედნიერებაზეა ლაპარაკი, როცა შენს ოჯახში შენს გემოზე ვერ ჯდები და დგები“.