მკითხველის წერილი:
სანამ ჩემს პრობლემაზე საუბარს დავიწყებ, მინდა, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ყველა მომავალ მშობელს ვურჩიო: არასოდეს განიხლოთ ნათესავებთან ერთად, თუ რის დარქმევას აპირებთ შვილისთვის. წინასწარ ბავშვის სახელის ვარიანტები არავის უთხრათ. ათასგვარ მიზეზს მოგიძებნიან, თუ რატომ სჯობს სხვა სახელი.
საბედნიეროდ, როდესაც ბავშვის დაბადების მოწმობა ხელში გექნებათ, ამ თემაზე კამათი და ჭკუის სწავლება დასრულდება. უფრო სწორად, ალბათ დასრულდება მეტ-ნაკლებად ადეკვატური ადამიანების შემთხვევაში, მაგრამ ჩემი შემთხვევა სრულიად განსხვავებული აღმოჩნდა. საკუთარ დედას ვერ შევაგნებინე, რომ ჩვენ, მშობლებს რაც გვინდა, ის უნდა დავარქვათ ბავშვს.
მშობიარობამდე, რა თქმა უნდა, ბოლომდე გადაწყვეტილი არ გვქონდა, რას დავარქმევდით ჩვენს ბიჭს. გვქონდა რამდენიმე ვარიანტი, რომელსაც დედაჩემი სულ აპროტესტებდა. მამამისის ძმის, ვლადიმერის სახელი უნდოდა, დაგვერქმია - ლადოს დავუძახებთო. ჯერ ერთი, ლადო საერთოდ არ მომწონდა, და მეორეც, ჩემს ქმარს საერთოდ არ ესმოდა, როატომ უნდა დაგვერქმია ბავშვისთვის სიდედრის ბიძის სახელი. ამაზე დიდად არ ვღელავდით და სერიოზულადაც არ აღვიქვამდით. ვიმშობიარე, ბავშვს ნიკალა დავარქვით და დაბადების მოწმობაშიც ასე ჩავუწერეთ.
ჩემი მეუღლის ოჯახს საერთოდ არ გამოუვლენია რაიმე წინააღმდეგობა, ბედნიერები დახვდნენ ჩვენს ნიკალას. მაგრამ დედაჩემი დღემდე კატეგორიულად უარს ამბობს ჩემის შვილის სახელის მიღებაზე. ჯერ კიდევ დაბადებამდე მიჩიჩინებდა: „ეგ რა სახელია, არც ნიკოა, არც ნიკოლოზიო. რომ გაიზრდება, ბავშვები დასცინებენო და მსგავს სისულეებს.
დაბადების მერე კი ოფიციალურად გვეჩხუბა. ჯერ ტელეფონზე დაურეკა ჩემს ქმარს და სულ უმადური უწოდა, მერე მე მირჩია საქმეები და რაც მთავარია, ხალხო, ბავშვი უკვე 6 თვისაა და დღემდე აგრძელებს სახელზე ჩხუბს და საყვედურს. თავად ბავშვს კი ლადოს ეძახის. თითქოს სასაცილო ალბავია, მაგრამ როცა ეს უსიამოვნება თვეობით გრძელდება, მართლა აუტანელია უკვე.
ძალიან მიყვარს დედაჩემი, მაგრამ ასეთი საუბრები უკვე მაგიჟებს. როგორ დავარწმუნო, რომ ბავშვს თავი დაანებოს და შეეგუოს მის სახელს. სახელის გამო უსიამოვნება ოჯახში გამიგია, მაგრამ 6 თვის დარქმეულ სახელზე კიდევ ჩხუბი გრძელდებოდეს, მსგავსი არა მგონია, სადმე ხდებოდეს.
ნათია 29 წლის.