იმ ადამიანების შემოქმედება, გადაწყვეტილებები თუ ნაშრომები, რომლებმაც კაცობრიობას სამუდამოდ დაამჩნიეს კვალი, ყოველდღიურად ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე ზეგავლენას. ზოგიერთის გამოგონებამ სრულიად შეცვალა ჩვენი ყოფითი ცხოვრება, ზოგიერთის შემოქმედებამ - სტილი და შეხედულებები ხელოვნებაზე, ზოგიერთის გადაწყვეტილებამ დიდი პოლიტიკური გადალაგებები გამოიწვია...
ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რა ცვლილებებს დაუდეს დასაბამი?- სწორედ ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად შეიქმნა ილუსტრირებული საკოლექციო სერია „ლეგენდარული ადამიანები“, რომელიც 4 წიგნად გამოიცემა და ასობით პერსონას აერთიანებს. მათ შორის არიან გამომგონებლები, პოლიტიკოსები, მწერლები, კომპოზიტორები, მუსიკოსები, მხატვრები, რეჟისორები, მოქანდაკეები სხვადასხვა ეპოქიდან, რომელთაც ერთი რამ აერთიანებთ - გავლენა მსოფლიოს კულტურულ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაზე.
პირველ წიგნში, რომელიც 21 ოქტომბრიდან იქნება ხელმისაწვდომი, ათობით ლეგენდარულ პერსონასთან ერთად მოთხრობილია ლეონარდო და ვინჩის, ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის, პაბლო პიკასოს, ვინსენტ ვან გოგის, უოლტ დისნეის, ალფრედ ჰიჩკოკის, დევიდ ბოუის, ფრედი მერკურის, მერილინ მონროს, მიქელანჯელოს, ანტონიო გაუდის, კოკო შანელის, ვიქტორ ჰიუგოს, ჰომეროსის ცხოვრების ისტორია და მოღვაწეობა. წიგნის დახვეწილი ილუსტრაციები კიდევ უფრო საინტერესოდ წარმოაჩენს ისტორიულ ფიგურებს, მათ ეპოქებსა და საქმიანობის სფეროს.
გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ ახალი პროექტი საშუალებას გვაძლევს, გვქონდეს მთელი ოჯახისთვის საინტერესო, დასურათებული ენციკლოპედია კაცობრიობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანების შესახებ. თითოეული თვეში ერთხელ გამოვა და მთელი საქართველოს მასშტაბით გახდება ხელმისაწვდომი „ბიბლუსის“ მაღაზიებსა და პრესის გავრცელების ჯიხურებში, ასევე „პალიტრა L-ის“ ვებგვერდზე. მისი სპეციალური ფასი 14 ლარი იქნება.
R