თბილისში საერთაშორისო პროექტი Finding a Common Language" („საერთო ენის პოვნა“) გაიმართა. პროექტი გერმანიის უმაღლესი ხელოვნების ბიუროს მიერ იყო ორგანიზებული და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა. ორგანიზატორების ინფორმაციით, ინიციატივის მიზანია გააერთიანოს სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდები მუსიკისა და ცეკვის ძალით. პროექტი ყურადღებას ამახვილებს ახალგაზრდებს შორის ინკლუზიის, ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობაზე სხვადასხვა კულტურული, ლინგვისტური, და ეროვნული წარმომავლობის მიუხედავად...
გვესაუბრება High Art Bureau-ს ხელმძღვანელი - ქსენია რაკლინი
- ეს არის საერთაშორისო პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს სხვადასხვა ქვეყნების გაერთიანებას იმ ქაოსში, იმ რეალობაში, რაც დღეს მსოფლიოშია შექმნილი. პროექტში მონაწილეობს - სომხეთი, უკრაინა, საქართველო, რუსეთი... როგორც მოგახსენეთ, ჩვენი მიზანია ბავშვებს საერთო ენის გამონახვის საშუალება ხელოვნებით ჰქონდეთ. მთავარი გამოწვევა ის არის, რომ ჩვენი მონაწილეები ომის შედეგად ტრავმირებული ბავშვები არიან... მაგალითად - უკრაინიდან, ყარაბაღიდან და ასე შემდეგ... მათ ომის სიმძიმე და ტკივილი აქვთ გამოვლილი. მონაწილეობდნენ ასევე დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები .
- გულწრფელად გითხრათ, არ ველოდი ბავშვები თუ ამდენად ნიჭიერები იქნებოდნენ, ამდენი ტალანტი თუ ჰქონდათ... პირველი ორი დღე შედარებით რთული , ძალიან ემოციურიც იყო, რადგან ბავშვებს საუბრის თემა ჰქონდათ - სახლი, სამშობლო... იყო თემები, რომლებიც ბავშვებში სხვადასხვა ასოციაციებს, ინსპირაციას იწვევდა. აქედან გამომდინარე პირველ დღეებში სირთულეებთან შერკინება მოგვიხდა, სანამ ყველაფერი დალაგდებოდა. შემდეგ ჩვენ მივეცით ბავშვებს შესაძლებლობა, თავიანთი ნიჭი გამოევლინათ, წამოეწიათ. დღეს კი გვაქვს ის შედეგი, რომ ეს ბავშვები ერთმანეთში გახსნილები არიან და სითბოს გამოხატავენ. პირველ დღეს თუ პირსაც ვერ აღებდნენ, ვერ იღიმოდნენ მიღებული ტრავმებისგან და ტკივილებისგან, დღეს უკვე საოცრად ბედნიერები არიან და სალმის დროსაც ერთმანეთს გულში იკრავენ.
- ქართული კულტურის ელემენტები პროექტში მრავალფეროვანი სახით არის წარმოდგენილი. ამას ერთვის სომხური კულტურის ელემენტებიც. რადგან ჩვენს პროექტს საერთო ენის პოვნა ჰქვია, ვცდილობთ ყველა ქვეყნის კულტურის ელემენტები გავაერთიანოთ და ადაპტირებული გავხადოთ, რომ ბავშვებისთვის სიახლე იყოს. ეს ხელოვნება რომ ყველასი გახდეს. საბაზისოდ აღებული გვაქვს ქართული, სომხური სიმღერები.
- ჩვენი პროექტი ძალიან ღიაა... ყველგან ვგზავნით პრესრელიზებს, მოსაწვევებს, საელჩოს გვერდზე ვდებთ ინფორმაციას, ასე იყო საქართველოშიც..ამ ეტაპზე ოკუპირებული რეგიონებიდან არ გვყავს, თუმცა საქართველოს რეგიონებიდან გვყავს ორი ბიჭი. მათ არ აქვთ ასეთი ტიპის ღონისძიებებზე წვდომა და იმედი მაქვს, რომ მომავალში საქართველოს რეგიონებიდან უფრო ბევრი მონაწილე გვეყოლება.
კონცერტები სომხეთში, ერევნის თეატრში ჩატარდა. ბავშვები უკვე ერთმანეთს იცნობენ, მოგზაურობენ, ერთმანეთს შთაბეჭდილებებს უზიარებენ. ვგეგმავთ, რომ მომავალ წელს მონაწილეები გერმანიაში წავიყვანოთ.
10 დღის განმავლობაში 30 ახალგაზრდა მონაწილე მუსიკისა და ცეკვის ინტენსიურ „ვორქშოფებში“ ჩაერთო, რომელსაც ხელმძღვანელობდა ქორეოგრაფებისა და მუსიკოსების საერთაშორისო გუნდი. ეს სემინარები წაახალისებს მონაწილეებს გამოხატონ საკუთარი თავი და განავითარონ “საერთო ენა“ მხატვრული მოძრაობისა და ხმის მეშვეობით, გაარღვიონ კულტურული განსხვავებები, ენისა და სოციალური გამოწვევებით შექმნილი ბარიერები.