უინტერესო შეხვედრისას დრო რომ სწრაფად გავიყვანოთ, ან უბრალოდ, კალმისა და ფურცლის არსებობის შემთხვევაში, შესაძლოა, გაუცნობიერებლად კონკრეტულ ფიგურებს ვხატავდეთ. ფსიქოლოგები და გრაფოლოგები, რომლებიც ადამიანების ხასიათს ხელნაწერის საშუალებით სწავლობენ, ამბობენ, რომ ერთი შეხედვით უბრალო ნახატებს ჩვენს პიროვნებასა და განწყობაზე ბევრი რამის თქვა შეუძლიათ. თემის შესახებ საინტერესო სიუჟეტი გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" მოამზადეს. როგორც აღმოჩნდა, ყველა ფიგურას, რასაც ფურცელზე გაუცნობიერებლად ვხატავთ, საკუთარი მნიშვნელობა აქვს და ჩვენს ხასიათსა და განწყობებს გადმოსცემს:
ვარსკვლავები - როგორც ფსიქოლოგები და გრაფოლოგები ამბობენ, ადამიანები, რომლებიც ვარსკვლავებს გაუცნობიერებლად ხატავენ, ოპტიმიზმით გამოირჩევიან. სირთულეების დროს ისინი მარტივად არ ნებდებიან და წარმატებისკენ მუდმივად მიისწრაფვიან. ისინი ვარსკვლავივით კაშკაშა ადამიანები არიან. როგორც სპეციალისტები ამბობენ, თუ ფურცელზე ვარსკვლავებისაგან მოშორებით რაიმე სახის ფიგურას დავხატავთ, იმ კონკრეტულ შემთხვევაში წარუმატებლობის შიში გვაქვს და საკუთარ ძალებში ეჭვი გვეპარება.
გულები - ადამიანები, რომლებიც გულებს ხატავენ, გრძნობებით იმართებიან. ამ ყველაფერს ხშირად მალავენ. რეალურად, მზად არიან, სითბო გარშემომყოფებს თანაბრად გაუნაწილონ, მაგრამ გამოხატვას ერიდებიან. როდესაც გულის ზომა დიდია, აჩვენებს იმას, თუ რამდენად დიდი განსხვავებაა - რას გამოხატავენ და რას გრძნობენ რეალურად.
ხელმოწერა - ადამიანებს, რომლებიც მუდმივად ხელმოწერას ტოვებენ, საკუთარი თავი ყველაზე მეტად უყვართ. ეს ადამიანები თავიანთ თავს, შესაძლებლობებს აფასებენ და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ თავი კომფორტულად იგრძნონ.
მზე, ყვავილები, ცა და ღრუბლები - ერთ კატეგორიაში ერთიანდება. ექსპერტები ამბობენ, რომ მსგავსი ტიპის ნახატები ავტორის მეოცნებე ბუნებაზე მიუთითებს. ასეთი ნამუშევრები ჰარმონიასთან და სულიერ სიმშვიდესთან ასოცირდება. ამ ადამიანებს სხვების დახმარება ძალიან უყვართ, არიან ემოციურები და მგრძნობიარეები. ფსიქოლოგების თქმით, თუ ყვავილებს ლარნაკში ვხატავთ, ეს იმას ნიშნავს, რომ იმ მომენტში ენერგიის წყარო გვჭირდება.
გეომეტრიული ფიგურები: კვადრატები, რომბები, სამკუთხედები - ადამიანებს, რომლებიც აღნიშნულ ფიგურებს ხატავენ, საკუთარი აზრის პირდაპირ და შეულამაზებლად თქმა ახასიათებთ. ლიდერული თვისებებით გამოირჩევიან და საკმაოდ პრაქტიკული აზროვნება აქვთ. როგორც გრაფოლოგები ამბობენ, თუ თქვენ მიერ დახატული ფიგურები სიმეტრიულია, ესე იგი წესრიგის მოყვარული ხართ. თუ გეომეტრიულ ფიგურებს მახვილი კუთხეები აქვთ, ეს იმას ნიშნავს, რომ იმ მომენტში აგრესიისკენ ხართ მიდრეკილი.
ციფრები - ეს ნიშნავს, რომ კონკრეტულ მომენტში მატერიალურ საკითხებზე ხართ კონცენტრირებული. თქვენი ფსიქოლოგიური მდგომარეობა ასე გამოისახება.
წრეები - როგორც საერთაშორისო ფსიქოლოგები ამბობენ, თუ გაუცნობიერებლად წრეებს ხატავთ, იმ მომენტში ყველაზე მეტად ყურადღება, მზრუნველობა გაკლიათ. ასეთ დროს ადამიანები ყველაზე მარტოსულად გრძნობენ თავს.
ხეები - თუ ადამიანები წვრილ, შიშველტოტებიან ხეებს ხატავენ, ესე იგი ისინი მოწყენილები და დაბნეულები არიან. თუ ხეები შეფოთლილი, მწვანე -ეს ნიშნავს რომ ეს ადამიანები ენერგიულები, სიცოცხლისმოყვარულები არიან.
სახლები - პერფექციონისტი ადამიანები სახლებს ხატავენ. ასეთ ადამიანებს სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნების უნარი. საკმაოდ ჯიუტები არიან, მიღებულ გადაწყვეტილებას თითქმის არასდროს ცვლიან.
ცხოველები - იმ კონკრეტულ მომენტში, რა სულიერ არსებასაც გამოვსახავთ ფურცელზე, იმ დროს ისეთ განწყობაზე ვართ. თუ მგელს ვხატავთ, ესე იგი გაბრაზებულები ვართ. თუ კურდღელს ვხატავთ, მზრუნველობა გვჭირდება. ლომს თუ ვხატავთ, ესე იგი ენერგიის მოზღვავებას განვიცდით.
ჯვრები და იქსები - როდესაც ჯვრებსა და იქსებს ვხატავთ, ცხოვრების იმ ეტაპზე დანაშაულის შეგრძნება გვაქვს. შესაძლოა, ვიღაცას დანაპირები ვერ შევუსრულეთ ან საკუთარი თავით ვართ უკმაყოფილო.
ტალღები, სპირალები და ორნამენტები - ეს ნიშნავს, რომ საკუთარ თავზე ორიენტირებული ადამიანი ხართ. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ამ დროს ადამიანებს საკუთარი თავის გარდა არაფერი აინტერესებთ. არ უყვართ, როდესაც სხვები მათ საქმეში ერევიან.
ჭადრაკის დაფა - თუ ადამიანი ჭადრაკის დაფას ხატავს, ეს ნიშნავს, რომ იმ დროს ძალიან ჩამოუყალიბებელია. ბევრი აზრი აქვს თავში და როგორც ჭადრაკის შავ-თეთრი ფიგურები, ისე იცვლება იდეები და აზრები. თუმცა, შემდგომ მათი აზრები ფიგურებივით ლაგდება და გონება იწმინდება. როცა რაღაც გადაწყვეტილების მიღება გვიჭირს ან არეულები ვართ, როგორც წესი, სწორედ ამ დროს ვხატავთ ჭადრაკის ფიგურებს.