ირანში მომხდარი ინციდენტი სულ უფრო და უფრო მეტად რეზონანსული ხდება. ირანელი სტუდენტი, აჰო დარიაეი, საჯაროდ გაშიშვლდა თეირანის, აზადის ისლამური უნივერსიტეტის ეზოში, რითაც ქვეყანაში ქალების მძიმე მდგომარეობა და ისლამური სამოსის ტარების გამკაცრებული წესები გააპროტესტა. გოგონა კამპუსის ეზოში ჩამოჯდა, მერე კი ასე გაიარა, სანამ უცნობები მანქანაში ჩატენიდნენ და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანდნენ. ამბობენ, რომ თავადაც მიიღო შენიშვნა ჰიჯაბის არასწორი ტარების გამო და ეს აღმოჩნდა ბოლო წვეთი, ზოგიერთი კი ფიქრობს, რომ მას დაგეგმილი ჰქონდა ეს საჯარო პროტესტი და ჰიჯაბიც იმიტომ ჩაიცვა არასწორად, რომ შენიშვნა მიეღო და საბოლოო ჯამში, ამ ფაქტისადმი მიეპყრო საზოგადოების ყურადღება.
ირანშო ყველა ქალი ვალდებულია, თმაც დაიფაროს თავსაფრის ქვეშ და თავისუფალი, არა მომდგარი სამოსი ატაროს. აპრილიდან ქუჩებში გიზარდა "ბასიჯის" თანამშრომლების რიცხვი, რომლებიც ადევნებენ თვალს ჰიჯაბის სწორად ტარებას, უნივერსიტეტებში კი სახის ამომცნობი ტექნოლოგიები დანერგეს, რათა არ შეუშვან სტუდენტები, რომელთა გარეგნული იერი არ შეესაბამება წესებს. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი ქალი თეირანში კანონს ეწინააღმდეგება და პროტესტის ნიშნად თავს არ იბურავს.
ახლა პარლამენტში იღებენ კანონს, რომელიც კიდევ უფრო ამკაცრებს ჰიჯაბის ტარების წესებს, ამკაცრებენ ჯარიმებს და დასჯის მეთოდებს. ირანის ახალი პრეზიდენტი მასუდ პეზეშკიანი შედარებით ლოიალურია ჰიჯაბის ტარების წესის მიმართ, თუმცა რესპუბლიკაში რეალური ძალაუფლება უმაღლეს სულიერ ლიდერს აქვს და პრეზიდენტი ვერაფერს აწყობს.
რა ბედი ეწევა სტუდენტს გოგონას? ბევრი ამბობს, რომ ის სავარაუდოდ უკვე მოკლეს. თვითმხილველების თქმით, დაპატიმრებისას ის სასტიკად ცემეს. ზოგიერთი ვერსიით, ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსეს. ჯერჯერობით მასზე დაზუსტებული ინფორმაცია არავის აქვს.
2022 წლის სექტემბერში მასობრივი პროტესტები მოჰყვა ირანის პოლიციაში 22 წლის გოგონას მკვლელობას, რომელიც თავსაბურავის გარეშე მოძრაობისთვის დააპატიმრეს და ცემით ამოხადეს სული. მაშინ მასობრივ არეულობებს 551 ადამიანი ემსხვერპლა. აქციების მონაწილე ქალები დააპატიმრეს და რამდენიმე მათგანი მოგვიანებით ნათესავებმა იპოვეს მოკლული.