ნუტრიციოლოგი ნაია ლატარია გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს, რა სარგებლობა მოაქვს იმ ხილსა და ბოსტნეულს , რომელიც შემოდგომაზე მწიფდება:
- ბროწეული რკინით და C ვიტამინით ძალიან მდიდარია. იმ ადამიანებისათვის, ვისაც რკინადეფიციტურია ანემია აწუხებთ, მნიშვნელოვანია. ამ სეზონზე იმუნური სისტემის გაძლიერება განსაკუთრებით გვჭირდება და ყოველთვის ჯობს, სეზონური ხილი და ბოსტნეული მივირთვათ, რადგან ყველაზე მდიდარი სასარგებლო ნივთიერებებით სწორედ ახლაა. ბროწეულის წვენსაც მიირთმევენ, თუმცა წვენი მაინც ბოჭკოს გარეშეა და შაქრის უფრო მაღალი კონცენტრაცია აქვს. ამიტომ, შეგვიძლია, უბრალოდ ზომიერება დავიცვათ და 100-150 მლ მივირთვათ. ბროწეულის მარცვლები დღის პირველ ნახევარში მივირთვათ. ეს შეიძლება, ცალკე კვება, ან საუზმის ან სადილის შემდეგ იყოს. მთავარია, ბროწეულის მარცვალი კარგად დავღეჭოთ. თუ პაციენტს კუჭის წყლულოვანი დაავადება ან ეროზიული გასტრიტი აწუხებს, ძალიან მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ წიპწა შეიძლება დაზიანებულ კუჭის ლორწოვანში ჩარჩეს. ამიტომ, ძალიან კარგად უნდა დაიღეჭოს ან მაქსიმალურად დაბლენდერდეს და ისე მივირთვათ. ზოგადად, ბროწეულის წიპწას თავისი სასარგებლო თვისებები აქვს. ანტიოქსიდანტებითა და სხვა აქტიური ნივთიერებებითაა მდიდარი. ამიტომ, ყველასთვის რეკომენდებულია. უბრალოდ, თუ პაციენტს კუჭის წყლული აწუხებს, შედარებით ფრთხილად უნდა იყოს.
გოგრა ბაღჩეულ კულტურებს მიეკუთვნება. გოგრა ისევე, როგორც ყველა ნარინჯისფერი ბოსტნეული, ბეტა კაროტინითაა მდიდარი. ასევე, ზეაქსანტინით, ლუთეინით. თვალის ჯანმრთელობისათვის ძალიან კარგია, მდიდარია ბოჭკოთი და მინდა აღვნიშნო, რომ ყველა ის პროდუქტი, რომელიც ბოჭკოთი მდიდარია, წონის მარეგულირებელი პროდუქტია და წონაში კლებას ხელს უწყობს, რადგან ბოჭკო ჩვენს ნაყროვანების გრძნობას ახანგრძლივებ. შესაბამისად, ბევრს არ ვჭამთ. გოგრას თერმული დამუშავების შემდეგ სასარგებლო თვისებები უნარჩუნდება. გოგრის კრემსუპიც ძალიან კარგი და სასარგებლოა.
გოგრის თესლიც რეკომენდებულია, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ მასში ცხიმის შემცველობა ცოტა უფრო მეტია. ისეთი დაბალკალორიული პროდუქტი გოგრის თესლი არ არის, როგორც თავად გოგრა. თუმცა, დღეში 30 გრამამდე დასაშვებია. დავაბალანსოთ, მივიღოთ როგორც ნედლი, ასევე მოხალული. გოგრის ყვავილიც ძალიან სასარგებლოა.
ქაცვი C ვიტამინითაა მდიდარი და იმუნური სისტემის გამაძლიერებელი მოქმედება აქვს. ქაცვის ზეთი კუჭის გასტრიტების სამკურნალოდაც გამოიყენება. ქაცვს ნედლი სახით ნაკლებად ვიღებთ. უფრო დაბლენდერებული სახით მივირთმევთ. დიასახლისებს, რომლებიც სახლში ამზადებენ, მოვუწოდებ, რომ ძალიან ბევრ შაქარს ნუ დაუმატებენ. მცირე ულუფებად მოამზადეთ, რომ არ გაფუჭდეს. შეგვიძლია, დაბლენდერებული სახითაც მივირთვათ ან წყალში გავხსნათ. როგორც აღვნიშნე, ქაცვის ზეთი კუჭის წყლულის გასტრიტების სამკურნალოდ გამოიყენება და ძალიან სასარგებლოა. 1 ჩაის კოვზი დილით სრულიად საკმარისია.
იხილეთ რუბრიკა ვრცლად: