მსოფლიოს მასშტაბით ხუთიდან ერთ ადამიანს აკნე აწუხებს. დაავადება ყველაზე გავრცელებულია 16-დან 25 წლამდე ასაკში და 28,3%-ს შეადგენს, თუმცა აკნე არანაკლებ პრობლემას წარმოადგენს 25-დან 39 წლის პირებშიც და მისი გავრცელების მაჩვენებელი 19,%-ია. კვლევა 2024 წლის თებერვალში გამოქვეყნდა ამერიკული დერმატოლოგიის აკადემიის ჟურნალში.
რაც შეეხება როზაცეას, „როზაცეას ეროვნული საზოგადოების“ მიერ 2024 წლის მაისში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, დაავადება მოსახლეობის 5.1%-ს აწუხებს.
აკნესა და როზაცეას მკურნალობის პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს დერმატოლოგიური კოსმეტიკა, რომელთა ფორმულებიც სამეცნიერო კვლევებზეა დაფუძნებული და ეფექტურ შედეგს იძლევა.
თუმცა მიუხედავად იმისა, რომ დღეს დაავადებების შესახებ ცნობიერება მკვეთად მაღალია და დერმატოლოგიურ კოსმეტიკაზე ხელმისაწვდომობაც კიდევ უფრო გაიზარდა, სოციალურ ქსელებში მაინც აქტიურად ვრცელდება მითები და არასწორი მკურნალობის მეთოდები, რომლებიც კანის მდგომარეობას კიდევ უფრო აუარესებს.
სწორედ აღნიშნული მითებისა და მკურნალობის სწორი მეთოდების შესახებ საუბრობს დერმატო-ვენეროლოგი ნინო სანოძე:
აკნესთან დაკავშირებით ყველაზე ფართოდ გავრცელებულ მითებში გამოვარჩევ რამდენიმეს: როდესაც მას ინფექციურ დაავადებად მიიჩნევენ და დერმატოლოგის ნაცვლად ინფექციონისტს მიმართავენ; როდესაც ფიქრობენ რომ ეს არის საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადება და თვითნებურად იღებენ სხვადასხვა მედიკამენტს, რაც რა თქმა უნდა უშედეგოა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ გარკვეული საკვები შეიძლება ამწვავებდეს უკვე არსებულ გამონაყარს. ასევე მითია, როდესაც ფიქრობენ, რომ დაავადება არ იკურნება ან მისი გამოწვევი მიზეზი მტვერი ან ალერგია შეიძლება იყოს. რეალურად, აკნეს სჭირდება ხანგრძლივი მკურნალობა და შედეგი მიღწევადია.
რა თქმა უნდა, ჩამოთვლილი მითები სიმართლეს არ შეესაბამება და ამის ცოდნა მნიშვნელოვანია, რათა სწორად დაიგეგმოს მკურნალობა.
აკნე ქრონიკული დაავადებაა, რომელიც სწორი მკურნალობით სრულად ლაგდება და შესაძლოა, არასდროს აღარ გამოვლინდეს. ის უპირატესად ახალგაზრდებში გვხვდება თუმცა, შესაძლოა ნებისმიერ ასაკში გამოვლინდეს, ახალშობილებშიც კი. დაავადება ცხიმოვანი ჯირკვლების ფუნქციის დარღვევით მიმდინარეობს. მას ახასიათებს წითელი კვანძები (პაპულები), ჩირქოვანი გამონაყარი (პუსტულები) და ე.წ. კომედონები სახის, გულმკერდისა და ზურგის არეში.
როზაცეა კი უპირატესად მოზრდილ ასაკში გვხვდება და გარდა პაპულო-პუსტულოზური გამონაყარისა ხასიათდება სიწითლით (ერითემით) და გამოხატული სისხლძარღვებით (ტელენგიოექტაზები) სახეზე.
რუტინა განისაზღვრება იმის მიხედვით, როგორი სიმძიმისაა დაავადება და პაციენტი იღებს თუ არა რომელიმე სისტემურ სამკურნალო მედიკამენტს.
მსუბუქი აკნეს დროს ეფექტურია საშუალებები, რომლებიც შეიცავს შესაბამისი პროცენტულობის სალიცილის მჟავას.
SVR-ის დასაბანი გელი სალიცილის მჟავით
სალიცილის მჟავა ხასიათდება ამქერცლავი მოქმედებით და საკმაოდ ეფექტურია.
დერმატოლოგიური ბრენდის Payot-ის პროდუქტები სალიცილის მჟავით
ასევე, შეგვიძლია გამოვიყენოთ ნიაცინამიდის შემცველი პროდუქტები, რომელიც ამშვიდებს კანს და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით გამოირჩევა.
აზელაინის მჟავა კი ხელს უწყობს გამონაყარის ალაგებას და გამოიყენება ანთების შემდეგი პიგმენტაციის მკურნალობისთვისაც.
როდესაც ვსაუბრობთ ამა თუ იმ დაავადების მკურნალობაზე, თავდაპირველად უნდა შევაფასოთ მისი სიმძიმე, მოვხსნათ მაპროვოცირებელი მიზეზები და შესაბამისად დავგეგმოთ მკურნალობა.
როზაცეა მართვადი დაავადებაა. გასათვალისწინებელია, რომ მას სჭირდება ხანგრძლივი, სწორად დაგეგმილი მკურნალობის კურსი, რომლის შემადგენელი ნაწილია ზუსტად შერჩეული კანის მოვლის რუტინა.
მოვლის საშუალებები, რომელსაც რუტინაშიც ჩავსვამთ, უნდა შეიცავდეს ისეთ დამამშვიდებელ და ანთების საწინააღმდეგო ინგრედიენტებს როგორიცაა, პანთენოლი და ნიაცინამიდი.
გასათვალისწინებელია, რომ პროდუქტები უნდა იყოს არაკომედოგენური, ჰიპოალერგიული, არ შეიცავდეს არომატიზატორებს, პარაბენებსა და სპირტს. ასევე, თუ როზაცეა გვაწუხებს, მაქსიმალურად უნდა მოვერიდოთ სითბურ პროცედურებს, საუნასა და მზის აბაზანებს. მუდმივად უნდა გამოვიყენოთ მზისგან დამცავი ფაქტორიანი კრემები.
ჯანმრთელი და ლამაზი კანის შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანია, სწორად შევაფასოთ მისი მდგომარეობა, საჭიროების შემთხვევაში დავგეგმოთ შესაბამისი მკურნალობა და ასაკის გათვალისწინებით გამოვიყენოთ ესა თუ ის მოვლის პროდუქტი, არ გადავტვირთოთ კანი არასაჭირო საშუალებებით და ვიცხოვროთ ჯანმრთელი ცხოვრების წესით.
R