ჩელიაბინსკის ქალაქ უსტ-კატავას მოსახლეობამ კარგად იცოდა, რომ ერთ-ერთი მკერავის სახლში სამი ბავშვი ცხოვრობდა, მაგრამ ისინი თვალით არავის უნახავს. მოზარდები სკოლაში არ დადიოდნენ და არც თანატოლებთან ურთიერთობდნენ. მეტიც, სახლიდან საერთოდ არ გადიოდნენ. 10 წლის განმავლობაში მათი ბედით არავინ დაინტერესებულა. საშინელი ამბავი კი მხოლოდ მაშინ გაირკვა, როცა ფსიქიკურად არაჯანსაღი დედისგან საბოლოოდ თავდახსნა და გაქცევა ისევ ბავშვებმა შეძლეს...
დინა აზიზოვა მუსლიმანურ ოჯახში დაიბადა. მას მშობლები საკმაოდ მკაცრად ზრდიდნენ. მამა განსაკუთრებით უხეში იყო. ბავშვს სათამაშოები არასდროს ჰქონია და არც არავის გამოუხატავს სითბო. დინას ყველაზე მეტად თოჯინები უყვარდა. გოგონამ 13 წლის ასაკში ტექსტილის ფაბრიკაში მუშაობა დაიწყო და პირველი ხელფასით სწორედ თოჯინა იყიდა... თუმცა, გაბრაზებულმა მამამ ეს თოჯინა ღუმელში ჩააგდო და დაწვა. გოგონა სკოლაში იყო, სახლში რომ დაბრუნდა, საყვარელი თოჯინა დამწვარი დახვდა...
როგორც ცნობილია, ქალს ფსიქიკური პრობლემები სწორედ იმ პერიოდიდან დაეწყო. სკოლა შესძულდა და ფიქრობდა, რომ ის, რაც უყვარდა, აუცილებლად უნდა დაემალა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვინმე მოიპარავდა ან დააზიანებდა. მრავალი წლის შემდეგ, ქალმა საკუთარი შვილები ამ ფიქრების გამო პატიმრებად აქცია.
აზიზოვა 17 წლის ასაკში დაქორწინდა. ქმარმა მალევე დაიწყო ახალგაზრდა ცოლის ცემა, ალკოჰოლზე იყო დამოკიდებული და არაადეკვატურად იქცეოდა. მათ ქალიშვილი, დილარა შეეძინათ. მაგრამ, იმის გამო, რომ დინა ძალადობის მსხვერპლი იყო, ქმარი მიატოვა და ბავშვთან ერთად უზბეკეთში წავიდა, სადაც მალევე მომავალი მეუღლე, რუსლანი გაიცნო. მაღალ, სიმპათიურ, წარმოსადეგ მამაკაცს დინა საერთოდ არ აინტერესებდა, მაგრამ ქალმა ყველაფერი გააკეთა, რომ მისი ყურადღება მიეპყრო. ისინი დაქორწინდნენ, თუმცა რუსლანის გულგრილობა ქორწინებაშიც გაგრძელდა. დინა საშინლად იტანჯებოდა. ამიტომ, გადაწყვიტა, ქმარზე შური ეძია და მისთვის ეღალატა... ქალმა მეუღლეს ტელევიზორის შესაკეთებლად მისულ მამაკაცთან სუიუნ რახმატოვთან უღალატა.
დინა დარწმუნებული იყო, რომ რუსლანი იეჭვიანებდა და დაუბრუნდებოდა. თუმცა, პირიქით, მამაკაცმა მის მიმართ ინტერესი საერთოდ დაკარგა. ეს განშორება ქალისთვის განსაკუთრებით მტკივნეული აღმოჩნდა და ფსიქიკურ აშლილობამდე მივიდა. მამაკაცს სოციალური ქსელებიდან სასიყვარულო წერილებს სწერდა, ლექსებს უძღვნიდა, საჩუქრებს უგზავნიდა, თუმცა ამ ყველაფერს რეაგირება არ მოჰყოლია.
ამიტომაც, ქალი საბოლოოდ სუიუნზე დაქორწინდა და საშინელი სიღარიბეც დაიწყო. მოგვიანებით, მათ 3 შვილი შეეძინათ... უზბეკეთიდან ოჯახი ჩელიაბინსკის რეგიონში გადავიდა. დინამ სესხის აღება და სახლის აშენება გადაწყვიტა. დროთა განმავლობაში, მისი ფსიქიკური მდგომარეობა უარესდებოდა. ქმარს უკვე მტრად აღიქვამდა და სახლიდან გააგდო. მისი უფროსი ქალიშვილი მასთან აღარ ცხოვრობდა, თუმცა 3 მცირეწლოვანი ბავშვი ქალმა სახლში გამოკეტა და გარეთ აღარ უშვებდა.
რაც უფრო მეტად იზრდებოდნენ ბავშვები, სულ უფრო მეტი თანხა სჭირდებოდათ. ქალი მკერავი იყო, თუმცა საკმარის ფულს ვერ გამოიმუშავებდა. ამიტომ, გადაწყვიტა, თაღლითობისთვის მიემართა. სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა პოსტი, რომ კიბოს დიაგნოზი დაუსვეს და მეგობრებს თანხის ჩარიცხვას სთხოვდა.
ბავშვები 10 წლის განმავლობაში ერთხელაც არ ყოფილან სკოლაში. ამავდროულად, ქალი მათ მცირე ასაკიდანვე თმას ქერად უღებავდა, სახეზე მაკიაჟს უსვამდა, რომ ბარბის თოჯინას მაქსიმალურად დამსგავსებოდნენ... ბავშვებისთვის თეთრი პარიკებიც კი იყიდა, რომ მსგავსება მიახლოებული ყოფილიყო.
"6 წლის ვიყავი, როდესაც ჩემთვის თმის შეღებვა სცადა. მაშინ სოფელში ვცხოვრობდით. სოფელში უფრო ყურადღებიანი ხალხია და დედას ყველა საყვედურობდა, ასეთ პატარა ბავშვს თმას ნუ უღებავო. დედა თავს იმართლებდა, რომ შამპუნები აერია." - გაიხსენა ქალის უფროსმა ქალიშვილმა. აზიზოვა ბავშვებს არა მხოლოდ თოჯინებად და ნივთებად აქცევდა, არამედ მათ ფოტოებს სოციალურ ქსელებში აქტიურად ტვირთავდა.
გარდა ამისა, ბავშვებს კვებისთვის მხოლოდ განსაზღვრული დრო ჰქონდათ და მაცივრის თვითნებურად გამოღება ეკრძალებოდათ. ასევე, ტელეფონის აღება, ტელევიზორის ჩართვა, გარეთ გასვლა სასტიკად აკრძალული იყო. ქალი ბავშვებს გამუდმებით სცემდა და აშიმშილებდა.
რუსლანი რაღაც ეტაპზე ისევ გამოჩნდა. თუმცა, მამაკაცს ფინანსური პრობლემები ჰქონდა და დინას გამოყენება სცადა. მას შემდეგ, რაც სიმართლე გაირკვა, დინას მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ბავშვები ექიმთანაც კი არ მიჰყავდა. ფიქრობდა, რომ აპოკალიფსი დაიწყებოდა, ამიტომაც განუსაზღვრელი რაოდენობის კონსერვის ქილებს იმარაგებდა. ამავდროულად, სახლში სათვალთვალო კამერები დააყენა, რომ ბავშვები არსად გაქცეულიყვნენ.
"მახსოვს, ერთხელ ძალიან მცემა ისე, რომ თავიდან სისხლი მომდიოდა. შემდეგ მანქანის ზეთი გადამასხა და სახლის ზღურბლზე დამტოვა. სისხლი და ზეთი ერთმანეთს შეერია და დაბანის საშუალებაც არ მომცა." - გაიხსენა დინა აზიზოვას ერთ-ერთმა ქალიშვილმა, დინარამ. სახლიდან გაქცევა პირველმა სწორედ მან გადაწყვიტა.
თავდაპირველად, გოგონამ დედას ტელეფონი მოპარა და კონტაქტებიდან რამდენიმე ადამიანს ჩამოურეკა. დახმარებას ითხოვდა, მაგრამ ყურადღება არავინ მიაქცია. ბოლოს ერთ-ერთი ნაცნობი გამოჩნდა, რომელიც აზიზოვას სახლში პოლიციის თანხლებით მივიდა.
დინამ ბავშვების "ღალატის" შესახებ რომ გაიგო, სახლს ცეცხლი წაუკიდა და თავადაც დაიწვა...
ტრაგედია 2019 წელს მოხდა. ხუთი წლის შემდეგ დინარა დაქორწინდა და პირველ შვილს ელოდება. ის საკუთარ და-ძმაზე ზრუნავს და ცდილობს, რაღაცები ისწავლოს, რადგან მას სკოლაში არასდროს უვლია.
სოციალურ სამსახურის წარმომადგენლებისათვის, რომლებსაც, წესით, ბავშვების მდგომარეობა იქამდე უნდა მოეკითხათ, ვიდრე ტრაგედია დატრიალდებოდა, პასუხი არავის მოუთხოვია.