საფრანგეთში ყველაზე გახმაურებულ საქმეზე სასამართლო პროცესი 2024 წლის სექტემბერში დაიწყო, მაგრამ რაც უფრო მეტი დეტალი ხდება ცნობილი, ამბავი მით უფრო შოკისმომგვრელი და წარმოუდგენელი ჩანს
პელიკოების ოჯახი გარეგნულად დადებით შთაბეჭდილებას ტოვებდა. ცოლ-ქმარმა ერთად 50 წელი იცხოვრა, სამი შვილი, შვიდი შვილიშვილი შეეძინათ, შესანიშნავი კარიერა გაიკეთეს, იშოვეს ფული, თუმცა, მათმა ქორწინებამ რაღაც ეტაპზე კრიზისებს ვერ გაუძლო და განქორწინდნენ. განქორწინება დიდხანს არ გაგრძელებულა. ცოლ-ქმარმა შერიგება გადაწყვიტა, კვლავ იქორწინეს, პარიზში საკუთარი სახლი გაყიდეს და მაზანში დასახლდნენ.
თუმცა, მშვიდი ცხოვრების უკან წარმოუდგენელი დეტალები იმალებოდა. ჟიზელ პელიკოს საკუთარი ქმარი წლების განმავლობაში ნარკოტიკული საშუალებებით აძინებდა და მრავალი წლის განმავლობაში ქალს უცნობი მამაკაცები საკუთარ სახლში აუპატიურებდნენ. ჟიზელმა ამის შესახებ არაფერი იცოდა. როდესაც იღვიძებდა, არაფერი ახსოვდა...
ყველაფერი 2020 წელს შეიცვალა. როდესაც ქალმა გაიღვიძა და სარკეში ჩაიხედა, დაინახა, რომ თმის დიდი ნაწილი მოჭრილი ჰქონდა. მაგრამ, არ ახსოვდა, ეს როდის გააკეთა. ქალმა საკუთარ სტილისტს დაურეკა, სტილისტმა კი უთხრა, რომ ვარცხნილობა წინა დღეს კი განაახლეს, მაგრამ მსგავსი არაფერი გაუკეთებიათ.
68 წლის ჟიზელი ნევროლოგთან მივიდა. ქალი ეჭვობდა, რომ ეს დემენციის ნიშნები იყო. ამავდროულად, მუცლის ქვედა ნაწილში საშინელი ტკივილი აწუხებდა, ამიტომ გინეკოლოგთან კონსულტაციის გავლაც გადაწყვიტა. ნევროლოგმა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია გაუკეთა, მაგრამ რაიმე პათოლოგია ვერ აღმოაჩინეს. პენსიონერს რამდენიმე ინფექციის შესახებ უთხრეს, რომლებზეც უნდა ემკურნალა.
ერთი თვის შემდეგ ქალს პოლიციის განყოფილებიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ რაღაც ვიდეო უნდა ეჩვენებინათ. ჟიზელის ქმარი, დომინიკი, სუპერმარკეტში დააკავეს. მამაკაცი ქალ მომხმარებლებს ტელეფონით უღებდა და დაცვის თანამშრომლებმა პოლიცია გამოიძახეს. როდესაც დაკავებულს ტელეფონი ჩამოართვეს, საზარელი სურათი დახვდათ. დომინიკი სრულიად უცნობ მამაკაცებს ინტერნეტით უთანხმდებოდა, რომ მის სახლში მისულიყვნენ და ცოლის გაუპატიურებაში მონაწილეობა მიეღოთ. გადაღებული ჰქონდა უამრავი კადრი, თუ როგორ ძალადობდნენ უგონო მდგომარეობაში მყოფ ჟიზელზე.
პენსიონერმა ქალმა სიმართლის შესახებ სწორედ მაშინ გაიგო. მან ჩვენებაში თქვა, ძალადობის შესახებ არაფერი იცოდა. რა თქმა უნდა, ქალისთვის ეს უდიდესი შოკი იყო.
განყოფილებიდან გასულმა ქალმა ქალიშვილს დაურეკა და უთხრა, რომ მას 10 წლის განმავლობაში დომინიკი სხვა მამაკაცებზე "აქირავებდა". გოგონას ნერვული აშლილობა დაემართა. ვაჟები კი ვერ იჯერებდნენ და ამბობდნენ, რომ ქალი ხუმრობდა. თუმცა, მალევე ყველაფერი გაირკვა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ქმარი ქალს წლების განმავლობაში ნარკოტიკების, საძილე აბებისა და დამამშვიდებლების ნარევს ჩუმად ასმევდა ისე, რომ ჟიზელს დიდი ხნის განმავლობაში ეძინა. მამაკაცი ინტერნეტში სხვა მამაკაცებს პოულობდა და საკუთარ ცოლს "სთავაზობდა". თუმცა, რამდენიმე პირობა იყო: ხმამაღლა ლაპარაკი არ შეიძლებოდა, სუნამო, ალკოჰოლი და სიგარეტი არ უნდა გამოეყენებინათ.
ერთ-ერთი უცნობი, რომელიც ჟიზელთან 6-ჯერ იყო, აივ-ინფიცირებული აღმოჩნდა, თუმცა ამის შესახებ ქალის ქმრისთვის არაფერი უთქვამს. ჟიზელს დაავადება არ აღმოაჩნდა, მაგრამ უცნობმა მამაკაცებმა მას სხვა არაერთი ინფექცია გადასდეს.
პოლიციამ დომინიკის ტელეფონში შიშველი ქალიშვილის ფოტოებიც იპოვა... მამაკაცი ირწმუნებოდა, რომ გოგონაზე იგივე მეთოდი არასდროს გამოუყენებია. ქალიშვილის ფოტოების ნახვა გახდა ბოლო წვეთი, რის გამოც ჟიზელმა ამბავი გაასაჯაროვა და ქმრის უმკაცრესად დასჯა მოითხოვა. გამოძიება 4 წელი გაგრძელდა. ამ წლების განმავლობაში დადგინდა, რომ მაზანის სახლში სულ 84 მამაკაცი მივიდა. მათგან, 50-ის ვინაობა გაირკვა. ზოგიერთმა მათგანმა დანაშაული აღიარა, ზოგმა თქვა, რომ მოტყუებულები დარჩნენ. ისინი ირწმუნებიან, თითქოს დომინიკი ეუბნებოდათ, რომ ეს ჟიზელის თანხმობით ხდებოდა და სექსუალური თამაშის ნაწილი იყო.
ბევრ ბრალდებულს ცოლი, შვილები ჰყავდა და საკუთარი ცხოვრება ჰქონდათ. ჟიზელმა მხოლოდ ერთი მამაკაცის, მეზობლის ამოცნობა შეძლო. გამოძიებით დადგინდა ისიც, რომ თავად დომინიკმა ცოლი არაერთხელ გააუპატიურა. სასამართლოში სულ 26-დან 74 წლამდე 50 ეჭვმიტანილი წარადგინეს. მათგან 48-ს 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ეს ქვეყანაში ამ დანაშაულისთვის დაწესებული მაქსიმალური სასჯელია.
მეტიც, დადგინდა, რომ ერთ-ერთმა მოძალადემ იგივე მეთოდი საკუთარი ცოლის შემთხვევაშიც გამოიყენა...
"როგორც ნაჭრის თოჯინას, ნაგვის ტომარას ისე მექცეოდნენ." - თქვა ჟიზელმა. ქალმა ისიც აღნიშნა, რომ ეს ამბავი მისთვის იმდენად შემაძრწუნებელი იყო, რომ გამოძიების დაწყებისას თვითმკვლელობაზე ფიქრობდა.
ერთი წლის წინ ჟიზელის მეუღლეს 20-წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა, თუმცა ახლახან კიდევ სხვა დეტალებიც გამოიკვეთა. დომინიკი 23 წლის ქონების აგენტის სოფი ნარმის გაუპატიურებასა და მკვლელობაშია ბრალდებული. მკვლელობა 1991 წელს, პარიზში მოხდა. ასევე, მამაკაცს გაუპატიურების კიდევ ერთ შემთხვევას ედავებიან, რომელიც 1999 წელს მოხდა. ახლა პელიკო ცოლის მიმართ ჩადენილ დანაშაულს აღიარებს, თუმცა, სხვა შემთხვევებს უარყოფს.
"ჟიზელი ამას არ იმსახურებდა, მე ამას ვხვდები. ვნანობ იმას, რაც გავაკეთე და ვითხოვ პატიებას, თუმცა ეს მიუტევებელია." - თქვა დომინიკმა 2024 წლის 17 სექტემბერს სასამართლოში.
"თუ ქალები გაიღვიძებენ და არ ემახსოვრებათ, რა მოხდა, პელიკოს სასამართლო პროცესი უნდა გაიხსენონ. ასეთი ტანჯვა არც ერთმა ქალმა არ უნდა გაიაროს. ეს პრობლემა უნდა გადავჭრათ." - თქვა ჟიზელმა პირველი სასამართლო სხდომის შემდეგ. ის მზადაა, ბოლომდე იბრძოლოს და არა მხოლოდ ყოფილი ქმარი, რომელთანაც 50 წლის განმავლობაში ცხოვრობდა, არამედ სხვა დამნაშავეებიც საკადრისად დაისაჯონ.