ბავშვის მეცადინეობა, როგორც წესი, ყველა ოჯახში გარკვეულ წინააღმდეგობებთანაა დაკავშირებული. ბევრი მშობელი დარწმუნებულია, რომ თუ უმცროსკლასელს არდადეგებზე არ ამეცადინებს, მისი გონება "მოდუნდება " და ყველაფერი დაავიწყდება. წარმოგიდგენთ რამდენიმე მიზეზს, თუ რატომ არ არის სწორი ბავშვის მეცადინეობა არდადეგებზე.
წარმოიდგინეთ თავი თქვენი შვილის ადგილას. ემზადებით დიდი ხნის ნანატრი შვებულებისთვის. გულდასმით არჩევთ ტანსაცმელს, ამოწმებთ კოსმეტიკასა და აქსესუარებს, გულმოდგინედ გეგმავთ მოგზაურობის პროგრამას, ოცნებობთ მეგობრებთან შეხვედრებზე და სხვა თქვენთვის მნიშვნელოვან მოვლენებზე. მაგრამ მოულოდნელად უფროსი გიყენებთ პირობას: შვებულებაში ყოველდღიურად უნდა წეროთ ანგარიში. ან შეისწავლოთ ახალი პროგრამები. ან შეიმუშაოთ განყოფილების განვითარების პერსპექტიული გეგმა მომავალი წლისთვის. წარმოიდგინეთ, რა განწყობით წახვალთ დასასვენებლად?
მსგავს გრძნობებს განიცდის ბავშვიც, როდესაც უცებ აცნობიერებს, რომ დიდი ხნის ნანატრი თავისუფლებისა და უსაქმურობის ნაცვლად, ის კვლავ სწავლას გააგრძელებს. ასეთი გადაწყვეტილება მასში პროტესტისა და გაღიზიანების მეტს არაფერს გამოიწვევს.
დასვენების მოლოდინში მთავარია იმის გაცნობიერება, თუ რამდენი საინტერესო და უჩვეულო რამის ნახვა შეიძლება არდადეგების განმავლობაში. თქვენი შვილი სწორედ ამაზეა განწყობილი და არ ღირს ასეთი სიხარულის წართმევა. ერთობლივი გასეირნებები, ლაშქრობები, მოგზაურობები, შემოქმედებითი საქმიანობა, თამაშები და გართობა, და უბრალოდ გულღია საუბრები გაცილებით მეტს მოგცემთ, ვიდრე იძულებითი ყოველდღიური მაგალითების ამოხსნა.
თამაშები ბავშვებისთვის ჰაერივით აუცილებელია, რადგან თამაშის პროცესში იხვეწება ყურადღება, მეხსიერება, მეტყველება, აზროვნება და ა.შ. მაგრამ სასწავლო პერიოდში თანამედროვე მოსწავლეები ვერ "თამაშობენ საკმარისად" - მათ უბრალოდ არ აქვთ ამისთვის დრო. მიეცით ბავშვს საშუალება ითამაშოს მაინც არდადეგებზე, ნუ დატვირთავთ მოსაწყენი მეცადინეობებით.
თუმცა, თამაშებმა უნდა უბიძგონ განვითარებისკენ. მაგალითად, ბავშვთან, რომელსაც მათემატიკასთან არც თუ ისე კარგი ურთიერთობა აქვს, სასარგებლოა "მაღაზიობანას" თამაში. მაღაზიაში წასვლამდე სთხოვეთ მას შეადგინოს საჭირო ნივთების სია, დაითვალოს შენაძენის სავარაუდო ღირებულება და აუცილებლად გაითვალისწინოს ბიუჯეტში რაიმე წამახალისებელი პრიზი, მაგალითად, ნაყინი.
მას, ვისაც მართლწერასთან აქვს პრობლემები, სთხოვეთ დაწეროს თქვენი ერთობლივი საინტერესო საქმეების სია კვირისთვის. იმას, ვისაც კითხვა არ უყვარს, შეგიძლიათ შესთავაზოთ თამაში, "ვითომ დედა/მამა ვარ". დაე, ხმამაღლა წაუკითხოს თავის კატას ან სათამაშოს, შემდეგ კი შეეცადოს აუხსნას მათ წაკითხულის აზრი.
თუ თქვენ მუდმივად ცდილობთ მოსწავლის მეცადინეობას არდადეგებზე, ამით მას თქვენს უნდობლობას უჩვენებთ. თითქოს, მშობლის კონტროლის გარეშე ის დასვენების პერიოდში ყველაფერს დაივიწყებს... მიეცით ბავშვს საშუალება იგრძნოს, რომ მას ყველაფერი აუცილებლად გამოუვა. ხომ დაამთავრა პირველი კლასი? გადაიყვანეს მეორეში? ესე იგი, არც ისე ცუდადაა საქმე. და არ არის საჭირო ნებისმიერ ფასად დასვენების დღეების გამოყენება.
რა თქმა უნდა, არსებობს შემთხვევები, როდესაც არდადეგებზე მეცადინეობის გარეშე ვერ გავძლებთ. თუ თქვენი შვილი სერიოზულად ჩამორჩება სკოლაში, მასთან მეცადინეობა მოგიწევთ. მაგრამ აქაც არის თავისი ნიუანსები.
მეცადინეობა არ უნდა აღემატებოდეს 20-30 წუთს დღეში, თანაც დრო ბავშვმა თვითონ უნდა აირჩიოს. საჭიროა მხოლოდ, რომ ეს დრო შეძლებისდაგვარად ერთი და იგივე იყოს მთელი დასვენების განმავლობაში.