27 წლის ავღანელი ქალი, ფარხუნდა მალიქზადა 2015 წლის 19 მარტს ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, გაბრაზებულმა ბრბომ მოკლა. მკვლელობის მიზეზი ცრუ ბრალდება გახდა, თითქოს ახალგაზრდა ქალმა ყურანი დაწვა. ამიტომაც, ხალხმა გადაწყვიტა, რომ ფარხუნდა სასწრაფოდ მოეკლა და ჯოჯოხეთში გაეგზავნა.
ადგილობრივმა მოლამ ქალს კამათის დროს ყურანის დაწვის ცრუ ბრალდება წაუყენა. მოგვიანებით დადგინდა, რომ ბრალდება აბსოლუტური სიცრუე იყო და ახალგაზრდა გოგონას მსგავსი არაფერი გაუკეთებია. თუმცა, ის უკვე მოკლული იყო...
პოლიციამ ჯამში 49 ადამიანი დააკავა, რომლებიც ქალის მკვლელობაში იღებდნენ მონაწილეობას. ზოგიერთ მათგანს 20-წლიანი, ზოგს კი 16-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ფარხუნდას მკვლელობამ ავღანეთში ფართომასშტაბიანი პროტესტი გამოიწვია და ქალთა უფლებების დაცვაზე კიდევ უფრო აქტიურად ალაპარაკდნენ. ქალის პატივსაცემად ქაბულში მისი ძეგლი დადგეს.
მიუხედავად იმისა, რომ ავღანეთში, განსაკუთრებით სოფლად, ქალების ლინჩის წესით მოკვლა კვლავ ხშირია, ფარხუნდას ამბავმა არაერთი ადამიანი დააფიქრა.
ფარხუნდა სტუდენტი იყო, ისლამის კვლევების მიმართულებით სწავლობდა და მასწავლებლობისთვის ემზადებოდა. ქალს გათხოვება სურდა და მოსამართლეობაზეც ოცნებობდა. 2015 წლის 19 მარტს ფარხუნდა მოლა ზაინუდდინთან ხმამაღალ კამათში ჩაერთო. ქალი მას ანტიისლამურ ქცევაში და ისლამთან შეუსაბამო ნივთების გაყიდვაში ადანაშაულებდა. მოლა ამულეტებს, ვიაგრასა და პრეზერვატივებს ჰყიდდა. მრევლმა ეს კამათი მოისმინა. ზაინუდდინმა, იმის შიშით, რომ მრევლი მას დასჯიდა, ფარხუნდა ყურანის დაწვაში დაუფიქრებლად დაადანაშაულა. ქალმა ბრალდება მაშინვე უარყო, თუმცა ჭორი მეჩეთის გარეთ ძალიან სწრაფად გავრცელდა. გაბრაზებული ბრბოც შენობისკენ გაემართა და 27 წლის ქალი ადგილზე ჩაქოლეს. მეჩეთთან პოლიციაც მივიდა და ჰაერში გასროლით ცდილობდა, ხალხი დაეშალა, თუმცა ადგილზე სულ უფრო მეტი ადამიანი იკრიბებოდა. პარალელურად, გავრცელდა ჭორი, რომ ფარხუნდამ ყურანის დაწვა ამერიკელებთან თანამშრომლობით გადაწყვიტა, რამაც ხალხი კიდევ უფრო მეტად გააბრაზა... ბრბო ქვებს, სხვადასხვა საგანს ისროდა. ქალი ძირს წააქციეს და კიდევ სასტიკად ურტყეს. შემდეგ ცხედარი გზაზე დააგდეს, მანქანით გადაუარეს. ბრბომ ესეც არ იკმარა - ცხედარი მანქანაზე გამოაბეს და 100 მეტრი ათრიეს, შემდეგ კი მდინარის კალაპოტში გადააგდეს. ბრბომ გადაწყვიტა, ფარხუნდას ცხედარი დაეწვა, თუმცა ქალი სისხლით იყო გაჟღენთილი და არ დაიწვა. შემდეგ, შეკრებილებმა ტანსაცმელი გაიხადეს, ქალის ცხედარს დააყარეს და ისე დაწვეს. ლინჩის პროცესს თან შეძახილები ახლდა. შეძახილები ანტიამერიკული და ანტიდემოკრატიულიც იყო. პროცესი რამდენიმე ადამიანმა გადაიღო და გაავრცელა.
ლინჩის შემდეგ, ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენელმა სოციალურ ქსელში საჯარო განცხადება დაწერა. მათ სჯეროდათ, რომ ქალმა ყურანი მართლა დაწვა და მის მკვლელობას ამართლებდნენ. ამბობდნენ, რომ ფარხუნდამ ეს იმიტომ გააკეთა, რომ ამერიკის მოქალაქეობა მიეღო.
მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ფარხუნდას მიმართ ყველა ბრალდება ყალბი და უსაფუძვლო იყო, საზოგადოება ძალიან გაბრაზდა. 23 მარტს ასობით მომიტინგე ქაბულის ქუჩებში გამოვიდა და საზარელი მკვლელობა დაგმო. აქციის მონაწილეთაგან ბევრი ქალი იყო. ზოგიერთ მათგანს ფარხუნდას სისხლიანი სახის პრინტით ნიღაბი ეკეთა. ამ ამბავმა ავღანეთში ქალების უფლებების დაცვის შესახებ ადამიანები კიდევ უფრო მეტად დააფიქრა და დისკუსიები დაიწყო. ფარხუნდას დაკრძალვის დროს კუბოს ქალები ატარებდნენ, რაც წესის მნიშვნელოვანი ცვლილება იყო. სხვა დროს ამას მამაკაცები აკეთებენ...
ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ მკვლელობა დაგმო, მას "ექსტრემალური ძალადობის ამაზრზენი აქტი" უწოდა და გამოძიების დაწყების შესახებ ბრძანება გასცა. ჰაშმატ სტანიკზაი, ქაბულის პოლიციის სპიკერი, რომელიც მკვლელობას სოციალურ მედიაში საჯაროდ მხარს უჭერდა, სამსახურიდან გაათავისუფლეს. ასევე, უფლებამოსილება შეუჩერდა 13 პოლიციელს. ჯამში ლინჩის წესში მონაწილე 49 ადამიანი დააპატიმრეს, რომელთაგან ოთხს, მათ შორის მულა ზაინუდდინს, სიკვდილით დასჯა მიესაჯა. კიდევ 8 ბრალდებულს 16-წლიანი პატიმრობა.
2015 წლის 2 ივლისს სააპელაციო სასამართლომ სასიკვდილო განაჩენი 20 და 10 წლით თავისუფლების აღკვეთით შეუცვალა. მულა ზაინუდდინი გაამართლეს, რასაც პროტესტის ახალი ტალღა მოჰყვა. უფლებადამცველები ამტკიცებდნენ, რომ ლინჩის მონაწილეთათვის გამოტანილი სასჯელი გაუმართლებლად რბილი იყო, რადგან საბოლოოდ 49 ბრალდებულიდან მხოლოდ 12 გაასამართლეს, ხოლო დანარჩენები გაათავისუფლეს. განაჩენის შემდეგ ბევრი ავღანელი ქალი სოციალურ ქსელებში მიმართვას ავრცელებდა და ამბობდნენ, რომ ეს ძალადობას კიდევ უფრო მეტად ახალისებდა. მართლად, ისინი აღნიშნავდნენ, რომ მამრობითი სქესის კოლეგებისა და სტუდენტებისაგან შეურაცხმყოფელ ფრაზებსა და დაცინვას ისმენდნენ. კაცები ფარხუნდას სიკვდილზე იცინოდნენ და ამბობდნენ, რომ მან ის მიიღო, რაც დაიმსახურა. მეტიც, ზოგიერთი იმასაც ამტკიცებდა, რომ ქალს, ლინჩის წესით გასამართლების დროს, გამომწვევად ეცვა...
მას შემდეგ, რაც დადასტურდა, რომ ფარხუნდას ყურანი არ დაუწვავს, ისლამის თეოლოგები ფაქტს გმობდნენ, ლინჩის აქტს ისლამის ღირებულებების საწინააღმდეგო აქტს უწოდებდნენ და ამბობდნენ, რომ მსგავსი ქცევა დაუშვებელია. ცნობილმა პაკისტანელმა იმამმა აბუ ამმარ იასირ ქადიმ აღნიშნა, რომ ერის ცივილიზაციის ნიშანი განისაზღვრება იმით, თუ რამდენად პატივისცემით ეპყრობა ის ქალებს.