უროლოგი, ანდროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, შარდის შეუკავებლობის ექსპერტი ალექსანდრე ხელაია გადაცემაში "იმუნიტეტი" საშარდე გზების ინფექციებსა და იმ ძირითად სიმპტომებზე საუბრობს, რომლებსაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ:
- საშარდე გზების ინფექცია უროლოგიაში აქტუალური პრობლემაა. ეს ბაქტერიული ინფექციაა. მას ბაქტერიულ ინფექციებს შორის ერთ-ერთი მოწინავე პოზიცია უკავია. ბაქტერიებს ლორწოვან გარსზე მიმაგრება უყვართ. ქალებში აღნიშნული პრობლემა, მამაკაცებთან შედარებით, გაცილებით მაღალია. შეფარდება კი 1/86-ზეა. ეს ე.წ. გაურთულებელი საშარდე გზების ინფექციაა. თუ საქმე მთელ რიგ უროლოგიურ პრობლემებთან გვაქვს, სტენტი დგას, კათეტერი დგას, კენჭებია და მოშარდვის დარღვევაა - ეს პრობლემები ქალებშიც და მამაკაცებშიც თანაბრდება. მაგრამ, სხვა შემთხვევაში ქალები გაცილებით არასახარბიელო მდგომარეობაში არიან და ამის უპირველესი მიზეზი მათი ანატომიაა. მოკლე შარდსადენი მილი, მისი სიახლოვე ისეთ „დაბინძურებულ“ გარემოსთან, როგორიცაა პერიანალური ზონა, საშოს შესასვლელი ზონა და პერიურეთრალური ზონა, სადაც კეთილ და ბოროტ ბაქტერიებს შორის ძალიან დიდი "ბრძოლა" მიმდინარეობს.
ზოგადად, საშარდე გზების ინფექციები ამბულატორიულ-უროლოგიურ პრაქტიკაში, დაახლოებით, 20%-ს შეადგენს. ამის ძირითადი მიზეზი არის ის პროცესი, რომელიც ჯერ კიდევ ნაწლავში იწყება. საშარდე გზების გამომწვევი ნომერ პირველი ბაქტერია ნაწლავის ჩხირია. ნაწლავის ჩხირი ნაწლავში ბინადრობს, ცხოვრობს და რაღაც გარკვეული ფუნქცია-მოვალეობა აქვს. მაგრამ, აღნიშნული ბაქტერია განიცდის მუტაციას. ხშირად ეს შეიძლება, გენეტიკურიც იყოს. ახალგაზრდა გოგონასთან ეს პრობლემა რომ იწყება, შესაძლოა, დედასთან, ბებიასთან, დეიდასთანაც იყო.
როდესაც აღნიშნული ბაქტერიის მუტაცია მოხდება, ის ნაწლავიდან მოძრაობას იწყებს. გამოდის გარეთ, პერიანალურ ზონაში, გაივლის საშოს და შარდსადენ მილთან ახლოსაა. რაღაც მომენტში, ის იქ გაჩერდება და შემდეგი რამ იწყება: გოგონა სქესობრივად აქტიურ ცხოვრებას იწყებს. რა თქმა უნდა, მანამდეც შეიძლება, 1-2 გამწვავება იყოს. მაგრამ, სქესობრივი ცხოვრების დროს უფრო აქტიურდება. სქესობრივი ცხოვრება საშოს ფლორას ძალიან ცვლის. საშოს ფლორის შეცვლა ნაწლავის ჩხირის ბაქტერიის ზრდას განაპირობებს და ერთადერთი გზა, სადაც შეიძლება, გადავიდეს, შარდსადენი მილია. შემდეგ უკვე საშარდე გზების ინფექცია გვეწყება.
უხშირესი სიმპტომებია: გახშირებული შარდვა, წვა, ტკივილი მოშარდვის დროს და ტკივილი შარდის ბუშტის საპროექციო მიდამოში. ეს ძირითადი გამოვლინებაა. თუ ეს პროცესი შარდის ბუშტის პრობლემითაა შემოფარგლული, ტემპერატურული რეაქცია არ გვაქვს. ხოლო, თუ ანთებით პროცესში თირკმელიცაა ჩართული, მაშინ შესაძლოა, წელის ტკივილი, შემცივნება, ცხელება, ოფლიანობა, მაჯის წნევის დაცემა ან პირიქით, მატება აღინიშნებოდეს.
სიმპტომებიდან კიდევ ერთ დეტალს გამოვყოფდი - შარდმა შეიძლება, სუნი შეიცვალოს და სპეციფიკური, მძაფრი სუნის მატარებელი გახდეს. მეტიც, შესაძლოა, პრობლემა სრულად უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს და ერთადერთი ნიშანი შარდის სუნის შეცვლა იყოს. როდესაც შარდს სპეციფიკური სუნი აქვს, ამ დროს ძალიან ფხიზლად უნდა ვიყოთ და ექიმს მივმართოთ.
ხშირია შემთხვევა, როდესაც ეს პრობლემა ელოდება ისეთ ფიზიოლოგიურ მოვლენას, როგორიცაა ორსულობა. ორსულობის დროს არაერთი ფიზიოლოგიური ცვლილებაა, შარდის გამოდინების დაყოვნება ნაყოფის ზეწოლის გამოა, შარდსაწვეთების შეკუმშვადობა უფრო ნაკლები. ეს ბაქტერიაც ასეთ წვრილმან დეტალებს ელოდება და მერე უკვე ვლინდება.