წლების განმავლობაში, ხუჭუჭა, გრძელი თმა თაკო კორინთელის იდენტობის განუყოფელი ნაწილი იყო. ასე გაიცნო მაყურებელმა სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებიდან" თუ ტელეწამყვანის ამპლუაში. ცოტა ხნის წინ, თაკომ გაბედული ნაბიჯი გადადგა - თმა მთლიანად გადაიპარსა. სტილის რადიკალური ცვლილებით გულშემატკივრები ძალიან გააოცა. თითქოს ამ ცვლილებით თაკოს ცხოვრებაში ახალი ეტაპიც დაიწყო... როგორ შეიცვალა მისი თვითაღქმა თმის გადაპარსვის შემდეგ და კიდევ რა ექსპერიმენტებს გეგმავს ტელეწამყვანი, ამ და სხვა თემებზე თაკო გვესაუბრა...
- 32 წლის ვარ და ამ ხნის განმავლობაში, თმა ასე არასოდეს გამიჯანსაღებია, როგორც ახლა მოვიქეცი. გარკვეულწილად, ახლა ეს მირჩიეს კიდეც, თავადაც მინდოდა და საბოლოოდ, გადაპარსვა გადავწყვიტე. ეს ყველასთვის წარმოუდგენელი იყო: ოჯახისთვის, ჩემი ქმრისთვისაც კი, თუმცა მეუღლე თავად მეუბნებოდა, - აუ, რა მაგარი იქნება, მიდი, გადაიპარსე, რაო!.. რეალურად, ბოლო დროს თმის ხარისხი გამიფუჭდა, მოცულობა ცოტათი გამითხელდა. უცხო თვალისთვის ეს შეუმჩნეველი იყო, მაგრამ თავად ხომ ვიცოდი, არა?.. ჩემი ქმრის დაბადების დღეზე თურქეთში გავემგზავრეთ. ერთ გვიან საღამოს, როცა ვსეირნობდით, მითხრა, - მიდი, თავი გადაიპარსე, რა, ძალიან მოგიხდებაო. მანამდე სულ მეხვეწებოდა - თმა აიწიე, გადაცემაში აწეული თმით მიდი, შენი ნაკვთები უნდა გამოაჩინოო. ქმარია, ვუყვარვარ და შესაბამისად, ჰგონია, რომ ყველაზე ლამაზი ვარ (იცინის)... მოკლედ, მოპირდაპირე ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი სალონი ჯერ კიდევ ღია იყო. 2 წამით კი დავფიქრდი, მაგრამ საერთოდ, მეც და ჩემი მეუღლეც სპონტანურები ვართ: შეიძლება, უცბად სადმე წასვლის იდეა მოგვივიდეს და წავიდეთ... საბოლოოდ, ვთქვი, - კაი, შევიდეთ სალონში, გადავიპარსავ-მეთქი... ჩემმა ქმარმა თურქ კაცს, ვინც სალონში დაგვხვდა, ჰკითხა, - თავის გადაპარსვა უნდა და დასვამთ, მიიღებთო? - კი, დაბრძანდითო, - უპასუხა. - მე არა, ჩემი ცოლიო, - განუმარტა ჩემმა ქმარმა. ამის გაგონებაზე მთელი სალონი შეიკრიბა, რადგან გრძელი, ხუჭუჭა თმა მქონდა. ჩემი მეუღლე თურქულად საუბრობს. კაცმა ათჯერ ჰკითხა, - ნამდვილად მზადაა, დავიწყოო? ბოლოს, საპარსი აპარატი უკვე ხელში ეჭირა, მაგრამ მაინც შეჩერდა და კიდევ ერთხელ ჰკითხა, - ნამდვილად? დარწმუნებულიაო? მგონი, ცოტათი ეჭვი შეეპარა, ამას ქმარი ხომ არ აძალებსო?.. მოკლედ, თმა გადამპარსა, შემდეგ კი ძალიან უნდოდა, ჩემი თმა თავად დაეტოვებინა, - ჩვენ გადავყრით, მივხედავთო (პატარა პარიკს ან შინიონს მაინც გააკეთებდნენ), მაგრამ მეუღლემ უთხრა, - დროზე ჩამიწყვეთ და გამატანეთო (იცინის)... ჩემი ფოტო სოციალურ ქსელში, "სთორიზე" დავდე. ვინც ჩემს გვერდებს თვალს ადევნებს, იცის, რომ ბევრს "ვმაიმუნობ". ახლაც ეგონათ, ჩემი გადაპარსული თავი რეალური კი არა, ფილტრა იყო. ვინც კარგად დააკვირდა, დამირეკა... ჩემი ახალი იმიჯის გამო, ახლო წრეში ცოტათი შეცბნენ, რადგან ვერ გაიგეს, ასე უცებ ეს გადაწყვეტილება რატომ მივიღე, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე ვსაუბრობდი, - თმას გაჯანსაღება სჭირდება-მეთქი. მაინც დაიძაბნენ... შემდეგ ნახეს, რომ ძალიან ბედნიერი ვიყავი. არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ უცბად, სხვანაირი ადამიანი მეგონა თავი. თითქოს მუცელში და თავში პეპლები დაფრინავენ... ასე რომ, საჭიროა, ადამიანმა შენი გარეგნობა "გადაახალისო". ეს უცებ უნდა გააკეთო, თორემ როცა ბევრს ფიქრობ, იჯანჯლება და ხალისიც იკარგება. უცებ რომ გააკეთებ, სხვაგვარი დადებითი ენერგიით ივსები...
- აღნიშნე, თავი სხვანაირი ადამიანი მეგონაო. შენს თვითაღქმაზე, გარეგნობაზე ახალმა ვარცხნილობამ კიდევ როგორ იმოქმედა?
- ჩაცმის სტილს რაც შეეხება, "პრინცესული", ვარდისფერი სამოსი ისევ მიყვარს - ახალი ვარცხნილობა ამას ხელს არ უშლის. ვარდისფერი ქუდიც მაქვს ხოლმე თავზე "დამხობილი". ახლა ვარდისფერი პარიკების ყიდვას ვაპირებ, ოღონდ - საეთეროდ. მანამდე ვერ გავბედავდი, რომ მაგალითად, პარიკები დამეფარებინა. სხვათა შორის, ადრე ვცადე - ამის შესახებ არავინ იცის: პარიკების ერთ-ერთ მაღაზიაში მივედი, რადგან მინდოდა, ფერადი თმა მქონოდა. იმხელა მოცულობის თმა მქონდა, რომ პარიკი ვერ დავიფარე - არ მეტეოდა... არც ერთი ზამთარი არ ყოფილა, რომ წესიერად, ადამიანურად დამეფარებინა ქუდი და დისკომფორტი არ მეგრძნო. შუაღამისას, როცა ძაღლი სასეირნოდ გამყავდა და კაციშვილი ვერ მხედავდა, მხოლოდ მაშინ მქონდა უდიდესი ქუდი თავზე "დამხობილი", რომ თავი არ მომყინოდა, თორემ ლამაზად ვერასოდეს ვირგებდი. ყოველთვის "გაბუებული" თმა მქონდა. ახლა, სანამ გაიზრდება, შესაძლებლობა მაქვს, რაღაცები მოვირგო. თან, სტილის ცვლილებამ ჩემზე ძალიან დადებითად იმოქმედა - კარგია, რა. განაგრძეთ კითხვა