იცოდით, რომ ჰემოროიდულ დაავადებას ანუ ბუასილს განვითარებული ქვეყნების დაავადებას უწოდებენ? ზოგადად, რაც უფრო განვითარებულია ქვეყანა, მით უფრო მაღალ დონეზეა მედიცინა და შესაბამისად, სხვადასხვა დაავადების განვითარება/გართულების რისკები დაბალია. თუმცა ბუასილი ცალსახად განვითარებული ქვეყნების დაავადებაა, რადგან ის პირდაპირ კავშირშია მჯდომარე ცხოვრების წესსა და სწრაფ კვებასთან, რაც აღნიშნულ ქვეყნებს ახასიათებს.
„ნიუ ჰოსპიტალსის“ ქირურგი, პროქტოლოგი მამუკა გრიგალაშვილი განმარტავს, რომ დაავადების სიხშირის ზრდასთან ერთად, აქტიურად მიმდინარეობს მისი გაახალგაზრდავებაც. თუ წლების წინ დაავადება ძირითადად 50+ ასაკში იჩენდა თავს, ახლა ხშირად თინეიჯერი პაციენტებიც კი მიმართავენ. ბუასილისა და მისი მკურნალობის თანამედროვე გზების შესახებ მამუკა გრიგალაშვილი გვესაუბრება.
- რას მოიცავს ჰემოროუდული კომპლექსი და რა დანიშნულება აქვს მას?
- ჰემოროდიული კვანძები მდებარეობს ანალურ არხში. ჩვეულებრივ მდგომარეობაში მათი ფუნქცია არხის ჰერმეტიზაციაა. ის გვეხმარება, რომ არ მოხდეს უნებლიე მოქმედება დეფეკაციის სახით ან არ შეგვაწუხოს აირების შეუკავებლობამ.
- რა მოსდის ჰემოროიდულ კვანძებს დაავდების განვითარების დროს?
- დროთა განმავლობაში, გარკვეული ფაქტორების ზემოქმედების ხარჯზე, მენჯის ღრუში ხდება წნევის გაზრდა, რაც კვანძებში სისხლის შეგუბებას იწვევს. შეგუბების შედეგად კი კვანძი იზრდება მოცულობაში და კარგავს ელასტიურობას. ამიტომ, ის ადვილად გამავალი ხდება სისხლისთვის და იწყება სისხლდენა. იმ შემთხვევაში თუ პაციენტი არ იწყებს მკურნალობას, კვანძი კიდევ უფრო იმატებს ზომაში და ხდება მისი გარეთ გამოსვლა ჯერ დეფეკაციის, შემდეგ კი უკვე სიმძიმეების აწევის ან უბრალოდ სიარულის დროსაც.
- როგორია დაავადების განვითარების რისკ-ფაქტორები?
- ჰემოროიდული დაავადების განვითარების ერთ-ერთი მთავარი რისკ-ფაქტორი გახლავთ არაჯანსაღი კვება, რომელიც კუჭის მოქმედების რეგულაციას არღვევს. ამ დროს იმატებს ყაბზობისა და დიარეის შემთხვევები, რაც პირდაპირ კავშირშია კვანძის ფუნქციების დარღვევასთან.
ხშირად აღნიშნავენ, რომ ჰემოროდული დაავადება განვითარებული ქვეყნების დაავადებაა. განვითარებულ ქვეყნებში სამსახურების დიდი უმრავლესობა მჯდომარე ტიპისაა და ადამიანებს ნაკლები ფიზიკური აქტივობა უწევთ. ეს გახლავთ კვანძებში სისხლის შეგუბების მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორი.
რისკ-ფაქტორებია ჭარბი წონა და სიმძიმეების აწევა, ასევე, ქალებში - ორსულობა და კაცებში - პროსტატის ადენომა.
ხშირად კი დაავადების გაჩენის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი გახლავთ გენეტიკა.
- რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს ჰემოროიდულმა დაავადებამ, თუ მას პაციენტი დროულად არ მიაქცევს ყურადღებას? ასევე, საინტერესოა, როდის უნდა მიმართოს მან ექიმს?
- დაავადების ძირითადი გართულება არის სისხლდენა. თუ დროთა განმავლობაში სისხლიანი გამონადენი ხდება ინტესიური და ხშირი (10-15 ჯერ თვეში), ორგანიზმი ვეღარ ახერხებს სისხლდენის კომპესირებას და მაშინ ყალიბდება მეორადი ანემია, რაც თავისთავად არაერთი პრობლემის მიზეზია.
სტატისტიკური მაჩვენებელი რომ ბუასილი გადაგვარდეს სიმსივნედ არ არსებობს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პაციენტმა მას ყურადღება არ უნდა მიაქციოს,ის საკმაოდ შემაწუხებელი დაავადებაა და პაციენტის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. ამიტომ პაციენტმა ექიმს უნდა მიმართოს პირველივე სიმპტომების გაჩენისთანავე. თვითმკურნალობა ხშირად არაეფექტიანია და ამ დროს შეიძლება სხვა, უფრო მნიშვნელოვანი დაავადება გამორჩეს პაციენტს.
- როგორ ხდება ბუასილის დიაგნოსტირება?
- დიაგნოსტირება ხდება ვიზუალური დათვალიერებით, ხელით გასინჯვითა და პროქტოსკოპით. საჭიროების შემთხვევაში, ექიმი ნიშნავს კოლნოსკოპიას, რომლის დროსაც ხდება მთელი მსხვილი ნაწლავის სრული დათვალიერება .
- რა შემთხვევაში ინიშნება კონსერვატიული მკურნალობა და როდის არის ოპერაციის ჩატარება საჭირო?
- ჰემოროდიულ დაავადებას 4 სტადია აქვს. პირველ და მეორე სტადიაზე, როდესაც არ ხდება კვანძების გამოვარდნა, კონსერვატიული მკურნალობა ვენოტონური მედიკამენტებით, სანთლებისა და მალამოების საშუალებით ეფექტიანია. ხოლო, როდესაც იწყება კვანძების გამოვარდნა, სასურველია მოხდეს ჩარევა მცირეინვაზიური ან რადიკალური მეთოდით.
„ნიუ ჰოსპიტალსში“ მკურნალობის თანამედროვე მეთოდებია დანერგილი, რაც საშუალებას გვაძლევს პაციენტს მაქსიმალურად მარტივი გამოსავალი შევთავაზოთ. ეს გახლავთ HAL-RAR-ის მეთოდი და ლაზერული ჰემოროიდოპლასტიკა (LHP).
HAL-RAR-ის მეთოდი გულისხმობს ჰემოროიდული არტერიის ლიგირებას. მარტივად რომ ვთქვათ, ეს ნიშნავს მკვებავი სისხლძარღვების გადაკვანძვას. შედეგად, აღარ ხდება კვანძების კვება და იწყება მათი განლევა.
ლაზერული ჰემოროიდოპლასტიკის დროს ხდება კვანძების ლორწქვეშა მოწვა დიოდური ლაზერის დახმარებით
თითოეული ეს მეთოდი პაციენტისთვის ძალიან კომფორტულია, რადგან არ აქვს ღია ჭრილობა.
გართულებული ფორმების შემთხვევაში (როდესაც ჰემოროიდული კვანძების გამოვარდნას აქვს მუდმივი ხასიათი) მივმართავთ ოპერაციულ მკურნალობას ტრადიციული მეთოდით.
- როგორია პოსტოპერაციული, სარეაბილიტაციო პერიოდი?
- ტრადიციული ოპერაციის შემდეგ, პაციენტისთვის შეზღუდვები 1.5-2 თვის განმავლობაში რჩება, თანამედროვე მეთოდების გამოყენების შემთხვევაში კი მხოლოდ 5-7 დღე. სწორედ ეს გახლავთ თანამედროვე მეთოდების ძირითადი უპირატესობა. რამდენიმე დღის შემდეგ პაციენტი ცხოვრების რეჟიმს სრულად უბრუნდება.
R