"თბილისის ოპერის თეატრში უკვე 2012 წლიდან ვარ, პაატა ბურჭულაძემ და დათო საყვარელიძემ პატრიარქის დაბადების დღეზე მომიწვიეს, სადაც ვიმღერე და თბილისში დავრჩი. პაატა ბურჭულაძემ ჯერ კიდევ 2001 წელს, „იავნანას“ ფონდის კონცერტზე წარუდგინა აუდიტორიას ჩემი თავი, სადაც ვერდის „რექვიემი“ მაყვალა ქასრაშვილთან ერთად შევასრულე" - გვიყვება თეა დემურიშვილი, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი, რომელსაც მართლაც საინტერესო შემოქმედებითი გზა აქვს გავლილი. გარდა ამისა, ის პოპულარული მსახიობისა და მომღერლის ანდრია გველესიანის დედაა...
ქალბატონი თეა ჩვენი სტუმარია და AMBEBI.GE-სთან საუბრობს მისი კარიერისა და ოჯახის შესახებ.
- ჯერ ლაპარაკი არ მქონდა დაწყებული, რომ ვმღეროდი. სახლშიც ყველა მღეროდა, მამა პროფესიონალი მომღერალი არ იყო, მაგრამ, ფანტასტიკური ტენორი ჰქონდა. ხალხურ სიმღერებს, სუფრულებს შესანიშნავად ასრულებდა. მღეროდნენ ბებიებიც და ამ ატმოსფეროში ვიზრდებოდი. მიუხედავად ამისა, მე მსახიობობა მინდოდა და პიონერთა სასახლეში ელდინო საღარაძესთან და ნუგზარ ბაგრატიონთან თეატრალურ წრეზე დავდიოდი. იქვე ვაჟთა ანსამბლის წევრი ვიყავი და ერთადერთი სოლისტი გოგო. ჯგუფის ხელმძღვანელი ლეილა ასლანიშვილი გახლდათ. „თეატრალურში“ კი მინდოდა ჩაბარება, მაგრამ მამაჩემის ოცნება იყო, მომღერალი გავმხდარიყავი, - შენ თეთრი კარმენი იქნებიო, - ამბობდა...
16 წლის რომ გავხდი, მამას ძმაკაცებმა, ჯემალ მაჭავარიანმა (გეგა კობახიძის ბიძა) და კარლო ჩუხრუკიძემ (მაშინ კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე იყო) დიზი (ოლიმპ) ხელაშვილთან მიმიყვანეს, ვინც შემდეგ ჩემი პედაგოგი გახდა. რომ გამსინჯა, - ამ ბავშვმა სიმღერის გარდა სხვა არაფერი უნდა გაკეთოსო.ასე გადაწყდა ჩემი კონსერვატორიაში ჩაბარების ამბავი. ჩემს ცხოვრებაში დიდი როლი ითამაშეს ასევე ნოდარ ანდღულაძემ და კონცერტმეისტერმა ლიანა დადვაძემ. ახლა ოპერის თეატრში ჩემს საყვარელ მეგობართან, კონცერტმეისტერ მაია რეხვიაშვილთან ერთად ვმუშაობ.
- 25 წლის ასაკში დავობლდი. დედა და მამა 10 თვის განმავლობაში გარდამეცვალა. ბუენოს აირესში ვმღეროდი, დედის გარდაცვალების ამბავი რომ შემატყობინეს. იქიდან ჩამოსვლას დრო უნდოდა, ჩამოსვლა რომ მომესწრო, დასაფლავების თარიღი გადაწიეს. ბიძაჩემმა, ჯუმბერ ბერაძემ ჩამომიყვანა... დიდი ტკივილი იყო. ფანტასტიკური მშობლები მყავდა - ასია ბერაძე და ჰამლეტ დემურიშვილი, რომლებიც ჩემზე გადაყოლილები იყვნენ... დედის 40 გასული არ იყო, მადრიდში კარმენს ვმღეროდი. მამაჩემთან კი ასე მოხდა, - მითხრა, დაგელოდებიო, - ჩამოვედი, ჩემი „კარმენი“ ვიდეოკასეტებზე ჩაწერილი ვაჩვენე. თეკლე (სახლში ასე მეძახდნენ, ნათლობის სახელიც ესაა), შვილო, გაგიკეთებია, რაც მინდოდაო და იმ ღამეს სული მე ჩამაბარა... მამის 40 არ იყო გასული, რომ "კარმენს" ირლანდიაში ფესტივალზე ვმღეროდი...
21 ოქტომბერს დედა და 21 აგვისტოს მამა ერთ წელს დავკარგე. საარაკო სიყვარული ჰქონდათ, ზღაპრებში რომაა ისეთი, მამამ უბრალოდ ვერ გაძლო დედის გარეშე... წერილიც დამიტოვა: მაპატიე, თეკლე... ასეთი რთული ამბები გამოვიარე. ყველაზე დიდი სირთულე აგრეთვე ის იყო, როცა ანდრიაზე ფეხმძიმედ ვიყავი და მესამე კურსზე ბელგიაში კონკურსზე უნდა წავსულიყავი. ოპერის სოლისტები მღეროდნენ და მოწვევა მივიღე. ჩემი მაესტრო, დიზი ხელაშვილი და ნოდარ გაბუნია (მაშინ კონსერვატორიის რექტორი იყო), ნახევარი წელი არ მელაპარაკებოდნენ, რადგან იქ ვერ წავედი... საერთოდ უცხოეთში ჩემი იმ გასვლების დროს ბავშვის საშინელი მონატრებაც მქონდა, მაგრამ უკან დასახევი გზა არ მქონდა, ჩემი არჩევანი ეს იყო.
- კი, ანდრია კარგი ბიჭია და რაც მთავარია, კარგი მეოჯახეა. როცა კი თავისუფალი დრო მქონდა, ყოველთვის ჩამოვდიოდი. ყველაზე დიდი ტკივილი იყო, რომ ბავშვი მენატრებოდა, ცრემლებში გათენებული ღამეების მერე სპექტაკლებს ვმღეროდი. დედისთვის ძნელი იყო, მაგრამ ყველაფერი ასე მოხდა... ჩემი შვილი დღეს უკვე თვითონაც მსახიობია და ახლა მე მენატრება. მისი გადატვირთული გრაფიკის გამო ვერ ვახერხებ მის ხშირად ნახვას. იხილეთ ინტერვიუ სრულად