რა მოვუმზადოთ ბავშვებს - ალბათ ყველაზე ხშირად მშობელი ამ კითხვას უსვამს საკუთარ თავს. ბავშვებს მრავალფეროვნებაც სჭირდებათ და სასარგებლო საკვებიც. ცნობილი ექიმი, ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია უამრავ რჩევას უზიარებს მაყურებელს ჯანსაღ კვებასთან დაკავშირებით. თავად ქალბატონი მარი ორი შვილის დედაა. ბუნებრივია, დავინტერესდით, თავად რას უმზადებდა შვილებს, როცა პატარები იყვნენ, რა იყო მისი შვილების რჩეული სასარგებლო საკვები. ამ კითხვას ქალბატონმა მარიმ Mshoblebi.ge-სთან ინტერვიუს დროს უპასუხა.
- მოკრძალებით შეგახსენებთ, რომ მე პედიატრი არ გახლავართ და, ალბათ, არც ჩემი, როგორც დედის, მიდგომებია უნივერსალური, ყველასათვის ერთნაირად გასაზიარებელი. რასაკვირველია, არის კერძები, რომელსაც ხშირად ვუმზადებდი და დღემდე ვუმზადებ ჩემს შვილებს, ცხადია, როცა თბილისში არიან. ჩემი მუდმივი მოკავშირეები არიან (!) ბოსტნეული და ხილი. გარდა ამისა, რაკი ნაწლავის ჯანმრთელობა განსაზღვრავს აუცილებელი ნივთიერებების ბალანსს, იმუნიტეტს, ტვინის აქტივობასაც კი, ამიტომ ყველაზე ეფექტური, ნაცნობი და ხელმისაწვდომი პროდუქტი ჩემთვის ყოველთვის არის მაწონი. ამ პროდუქტების კომბინაციას სისტემატურად ვიყენებ.
ზოგადად, ერთფეროვანი, მონოტონური კვება, თუნდაც ყველაზე სასარგებლო პროდუქტების გამოყენებით, პერიოდულ ცვლილებებს და, შესაბამისად, ორგანიზმის ფიზიოლოგიური პროცესების "შეფხიზლება-გამოცოცხლებას" მოითხოვს; ვიდრე ახალ პროდუქტს შესთავაზებთ, დააკვირდით ბავშვს: რამდენად ადვილად იღებს სიახლეებს, რამდენად ახალისებს თქვენს პატარას უჩვეულო პროდუქტები თუ კერძები ან, პირიქით, რამდენად რთული და მტკივნეულია მისთვის ჩვეული, თითქმის რიტუალად ქცეული კვების მოდელის ჩანაცვლება. მხოლოდ ამ ფაქტების გაანალიზების შემდეგ გადაწყვიტეთ, ბავშვს კვების რაციონი ან ჯერი ერთბაშად შეუცვალოთ თუ თანდათან, შეფარვით. როგორც გამოცდილება გვაჩვენებს, ბავშვების "დაჩვევა" უფრო ადვილია, ვიდრე "გადაჩვევა". ამიტომ ჩვენი ანუ მშობლების წინდახედულება ადრეული ასაკიდან სწორი ჩვევების ჩამოყალიბებაზე ზრუნვაში გამოიხატება.
კიდევ ერთ ინტერვიუში მარი მალაზონიამ დედობაზეც ისაუბრა:
- 27 წლის ასაკში გავხდი დედა. მყავს ერთ წელიწადში დაბადებული, არატყუპი ორი შვილი - წლის დასაწყისში შემეძინა ვაჟი და წლის ბოლოს, საახალწლოდ დაიბადა გოგონა. შვილების მიმართ ჩემი დამოკიდებულება ასეთია: ვთვლი, რომ შვილი არაა ჩვენი ბიოლოგიური პროდუქტი, შვილი არ არის ჩვენი განუხორციელებელი ოცნებების რეალიზაციის ინსტრუმენტი, შვილი და ზოგადად ბავშვი არ არის ზრდასრული ადამიანი მინიატურაში, ნებისმიერი ბავშვი არის განაკუთრებული მოვლენა და მას ასეთივე მიდგომა სჭირდება. არაა საჭირო ენის მოჩლექვით საუბარი, თუმცა არც დასჯის განსაკუთრებული მეთოდის შემუშავებაა აუცილებელი. მუდმივად უნდა ვიყოთ შვილთან კონტაქტში, მათთან ურთიერთობა, საუბარი სიცოცხლის პირველივე დღეებიდან მუცლადყოფნის პერიოდშივე უნდა დავიწყოთ. რასაკვირველია, ჩემი მოსაზრებები არაა სტანდარტი, მაგრამ ჩემი დამოკიდებულბაა ასეთია: თუ ჩვენ შვილების მოსმენა ვისწავლეთ მუცლადყოფნის პერიოდში და ამ ჩვევას არ ვღალატობთ მათთან ურთიერთობის არცერთ ეტაპზე, მაშინ აღმოვაჩნეთ, რომ მაშინაც კი, როცა შვილები არ ლაპარაკობენ, აუცილებლად გვიამბობენ საკუთარ ისტორიას. მაშინ კი, როცა ლაპარაკს იწყებენ, ჩვენ ვხდებით მათთვის საუკეთესო და საიმედო მსმენელები, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში დახმარების გაწევაც შეუძლიათ. ასეთი ურთიერთობის შემთხვევაში ყველა კრიტიკული ასაკი ადვილად გასავლელია, ზოგჯერ შეუმჩნეველიც კი.
ვაკეთებ ყველაფერს, რასაც აკეთებს ქალი ოჯახში, ვალაგებ, ვტრიალებ სამზარეულოში... თავად ვამზადებ საჭმელს, დამხმარის გარეშე ვუვლი ოჯახს და ვთვლი, ის, რომ მე და ჩემი მეუღლე, რაოდენ არამოდურიც უნდა იყოს, ძიძის გარეშე, ერთად ვზრდიდით შვილებს, არის დიდი სიმდიდრე და ჩვენი ცხოვრების გამორჩეული ეტაპი.