გვანცა ბლიაძე საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მეწარმე ქალია. ის უგლუტენო ტკბილეულს, ნახევარფაბრიკატებს, სხვადასხვა პროდუქციას აწარმოებს და არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საერთაშორისო ბაზარზეც გააქვს. პროფესიით ეკონომისტია, თუმცა მას შემდეგ, რაც შვილს გლუტენის აუტანლობა დაუდასტურდა, მიმართულება შეიცვალა. ჯერ შვილისთვის ამზადებდა უგლუტენო პროდუქციას, შემდეგ კი გადაწყვიტა, იმავე პრობლემის მქონე სხვა ადამიანებსაც დახმარებოდა. გვანცა ბლიაძე საკუთარი საქმიანობისა და მთავარი გამოწვევების შესახებ უფრო ვრცლად გვესაუბრება:
- ეს საქმიანობა 2019 წელს დავიწყე. ინსპირაცია კი ჩემი შვილი იყო. მას 2017 წელს გლუტენის აუტანლობა დაუდასტურდა. მისთვის საჭირო უგლუტენო პროდუქცია საქართველოში, ფაქტობრივად, არ იშოვებოდა. ამიტომ, გადავწყვიტე, თავად მომემზადებინა. წარმოების გაფართოება და ბაზარზე გატანა ცელიაკიისა და გლუტენის აუტანლობის მქონე ადამიანების მოთხოვნით დავიწყე. დღეს არა მხოლოდ საქართველოს ბაზარზე ვართ წარმოდგენილნი, არამედ საზღვარგარეთაც ვაგზავნი.
- ბევრი სირთულე იყო და ახლაც არაერთი გამოწვევაა. ნედლეულის მოძიება რთულია. მაგალითად, თუ ხინკლის მომზადებას ვაპირებთ, აბსოლუტურად ყველაფერი გლუტენის გარეშე უნდა იყოს. ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი. ფქვილი საკმაოდ ძვირად ღირებულია და ქართულ ბაზარზე მხოლოდ რამდენიმე სახეობის ყიდვაა შესაძლებელი. ვცდილობ, პროდუქცია მუდმივად ხელმისაწვდომი და ამავდროულად, აბსოლუტურად უსაფრთხო იყოს.
- ვამზადებ უგლუტენო ტკბილეულს, ორცხობილებს, ნამცხვრებს, ტორტებს, ასევე ხინკალს, პელმენს, ხორციან ბლინებს, ხაჭაპურს, ლობიანს... ქართული კულინარიიდან და გასტრონომიდან, ფაქტობრივად, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს ადამიანები კვების თვალსაზრისით დისკრიმინაციას არ განიცდიდნენ და მათთვის სასურველი პროდუქტები ხელმისაწვდომი იყოს.
- ეს გზა მარტივი არ ყოფილა. ძალიან ბევრი პროდუქტი გავაფუჭე იმისთვის, რომ მიმეღო ის, რაც მინდოდა. გლუტენის გარეშე პროდუქციის დამზადების რეცეპტები ინტერნეტში თავისუფლად არ მოიპოვება. მხოლოდ საბაზისო ინფორმაციაა. ჩემი რეცეპტების შექმნა დავიწყე. საბაზისო რეცეპტები ავიღე და გლუტენის გარეშე ფქვილს მოვარგე. რთული იყო - წლები მოვანდომე იმას, რომ რეცეპტები შემექნა და დამეხვეწა. ახლაც ამ პროცესს გავდივარ და მინდა, ადამიანებს მრავალფეროვანი არჩევანი შევთავაზო. საკუთარ რეცეპტებს სხვებსაც ვუზიარებ. რამდენიმე დღის წინ უგლუტენო ხინკლის მომზადების მასტერკლასიც ჩავატარეთ. ცელიაკიის მქონე 15 პაციენტის მშობელი დაესწრო და ძალიან კარგი უკუკავშირი გვქონდა. მეც ძალიან მიხარია, რომ ხალხს ვეხმარები.
მაცივრებით, ყველა საჭირო ნივთით წარმოება სახლში ავაწყვე. მოთხოვნა საკმაოდ დიდია. პარალელურად, ცნობიერების მაღლების კამპანიასაც ვეწევი. ადამიანებს ვაწვდი ინფორმაციას, რა არის გლუტენის აუტანლობა, რატომ უნდა ამოვიღოთ კვებიდან, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, ანოტაცია როგორ უნდა წავიკითხოთ და ასე შემდეგ. როდესაც ცნობიერება იზრდება, ჩნდება ნდობა და შემდეგ, მომხმარებელთა რაოდენობაც იზრდება. მეშვიდე წელია, რაც ამ საქმეს ვაკეთებ. ბოლო ორი წელია, მომხმარებელთა რაოდენობა გაიზარდა. როგორც უკვე აღვნიშნე, ცნობიერება მნიშვნელოვნად გაიზარდა. როცა მუცელი გვტკივა, კუჭის პრობლემები გვაწუხებს, გარდა იმისა, რომ გასტროენტეროლოგს უნდა ვესტუმროთ, აუცილებლად უნდა გამოვიკვლიოთ და ვნახოთ, ხომ არ გვაქვს გლუტენის აუტანლობა. საქართველოში დიდი რაოდენობით ხორბალს მოვიხმართ. ევროპის ასოციაცია ამბობს - იმ ქვეყნებში, სადაც დიდი რაოდენობით ხორბალს მოიხმარენ, გლუტენის აუტანლობის მქონე ადამიანების რაოდენობა ორჯერ მეტი შეიძლება იყოს. ჩვენთან ეს პრობლემა მოსახლეობის 1%-ზე მეტს აწუხებს.
- ჩემმა შვილმა იცის, რომ სახლში ყველაფერი ექნება და რომ მოშივდება, მშიერი არ დარჩება. თუმცა, დროთა განმავლობაში მიეჩვია. მთელი დღის განმავლობაში ხედავს, რომ ამ ყველაფერს ვამზადებ და უნდა, მაღაზიაში წავიდეს და რაიმე განსხვავებული იყიდოს. მაღაზიაში ფართო არჩევანი ნამდვილად არ არის. ამიტომ, პროდუქტების თემატურად შეფუთვა დავიწყე და ეს მისთვის საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა.
- ჩემს შვილს, დაახლოებით, 6-7 თვიდან, როდესაც ფაფების ჭამა დაიწყო, გარკვეული გვერდითი მოვლენები აღენიშნებოდა. გულისრევა, მუცლის შებერილობა, ფერმკრთალი კანი, გაუხეშებული თმა ჰქონდა, რაც ცელიაკიას ახასიათებს. საქართველოში დიაგნოზი ვერ დაისვა, გარკვეული ანალიზები არ ტარდებოდა და გლუტენთან მიმართებით ცნობიერებაც შედარებით დაბალი იყო. 2 წლის ასაკში თურქეთში წავიყვანეთ, გლუტენის აუტანლობა დაუდასტურდა და 2017 წლიდან დიეტაზეა. ორი შვილი მყავს - გლუტენის აუტანლობა უფროსს აქვს. უმცროს შვილს არ დაუდასტურდა. თუმცა, პრობლემა გენეტიკურია და აუცილებელია, რომ მშობლები და დედმამიშვილები 2 წელიწადში ერთხელ იტესტებოდნენ ან გენეტიკური ტესტი ჩაიტარონ - რაც განსაზღვრას, არის მათ გენში, თუ არა. ჩემი მეორე შვილის შემთხვევაში ეს არც გენეტიკურად და არც ტესტებით არ დადასტურდა. თუმცა, რეკომენდაცია არის, რომ 3 წელიწადში ერთხელ ტესტი გავუკეთოთ. რა თქმა უნდა, პროტოკოლს მივყვებით.
- პროფესიით ეკონომისტი ვარ. მარკეტინგისა და მენეჯმენტის მიმართულებით რამდენიმე მსხვილ კომპანიაში ვმუშაობდი. როდესაც ჩემს შვილს ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა, მუშაობას თავი დავანებე და მთლიანად მასზე ვკონცენტრირდი. ინფორმაციის მოძიება დავიწყე და შემდეგ კულინარიას მივყავი ხელი. ჩემს შვილს ტკბილეული ძალიან უყვარდა. როდესაც თურქეთიდან ჩამოვედით, ბევრი სხვადასხვა უგლუტენო პროდუქტი ჩამოვიტანეთ. მაგრამ, შემდეგ მარაგი რომ ამოგვეწურა, მივხვდი, რომ თავად უნდა გამეკეთებინა რაღაც. მახსოვს, პირველად უგლუტენო ბისკვიტი გამოვუცხვე. 45 წუთი ღუმელთან ვიდექი და ველოდებოდი, ბისკვიტი ამოვიდოდა თუ - არა. გამოვიდა... შემდეგ უგლუტენო ხაჭაპურის, ორცხობილების, ტკბილეულის გაკეთება დავიწყე და განვავითარე.
- მაქვს საკუთარი ფეისბუკის, ინსტაგრამის, ლინკდინის გვერდები, ვათავსებ პროდუქციის ფოტოებს, ვიზუალურ მასალას. წლებია,ადამიანები მიცნობენ. რამდენიმე გვერდია, სადაც ცელიაკიაზე ვსაუბრობდით. პაციენტებს ჩემს გამოცდილებას ვუზიარებდი, რჩევებს ვაძლევდი, როგორ უნდა დაიცვან რუტინა, ვუზიარებდი რეცეპტებს და ხშირად მთხოვდნენ, რომ მათთვისაც დამემზადებინა. აქედან დაიწყო და ახლა ერთი დიდი ოჯახი ვართ.
- ჩემთვის ეს საქმე ყველაფერია. ეს არც უბრალოდ ბიზნესი, არც უბრალოდ საქმიანობაა. იმის გააზრება, რომ შემიძლია, არა მხოლოდ ჩემი შვილის, არამედ სხვა ადამიანების მდგომარეობა შევამსუბუქო, მხარი დავუჭირო, ვაგრძნობინო, რომ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები არიან, განსაკუთრებით მაბედნიერებს. არ მაქვს სიტყვები, რომლებიც ზუსტად გადმოსცემს, თუ როგორ მიყვარს ეს საქმე. ნდობის მოპოვებას დრო, სწორი ინფორმირებულობა, შესაბამისი კომუნიკაცია სჭირდება და ვფიქრობ, ეს შევძელი.
თამარ იაკობაშვილი