ბავშვის ხშირი ტირილი და ჭირვეულობა მშობლების შეშფოთების მიზეზი ხშირად ხდება. ბევრი მშობელი ამ დროს ნევროლოგს მიმართავს, რადგან უჭირს ტირილის მიზეზის გარკვევა. რა ხდება ერთი შეხედვით უმიზეზო ჭირვეულობის რეალური მიზეზი და როგორ შეიძლება მისი მოგვარება. ამ კითხვას ნევროლოგმა თამარ ედიბერიძემ Mshoblebi.ge-თვის მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში უპასუხა.
- ტირილი ბავშვის მხრიდან კომუნიკაციის მძლავრი და ეფექტური საშუალებაა. შეუძლებელია, რომ მან არ მიიქციოს ჩვენი ყურადღება. ეს თითქოს ინტუიციურად არის ჩადებული ჩვენში. რეკომენდაციები შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:
პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, ბავშვს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ მისი ხმა გაიგონეს და მისი პრობლემა მოვიდა ჩვენამდე. რეაგირება ტირილზე უნდა იყოს მაქსიმალურად სწრაფი, რომ ბავშვს არ დასჭირდეს ხმის აწევა და ტირილის გაძლიერება ჩვენი ყურადღების მისაქცევად.
მას შემდეგ, რაც გავარკვიეთ, რატომ ტირის ბავშვი, თუ ეს არის კონკრეტული პრობლემა დაკავშირებული ჯანმრთელობასთან, ან ფიზიოლოგიურ საჭიროებასთან, მაგალითად, სტკივა რაიმე, შია ან სწყურია, დახმარება სჭირდება, უნდა ვცადოთ ამ მიზეზის მოგვარება სწრაფად. პარალელურად, ვესაუბრებით მშვიდი ტონით, ვეფერებით.
რაც უფრო შფოთავს ბავშვი, მით უფრო მშვიდი და გაწონასწორებული უნდა ვიყოთ თავად, თან სიტყვით და საქმით ვუჩვენოთ, რომ მისი პრობლემა მოგვარებადია და ჩვენ ამაში უკვე ვეხმარებით. მგალითად, ერთად მივდივართ საკვების ასაღებად ან წყლის დასალევად, ვიწყებთ ჭრილობის დამუშავებას, მოფერებით, სულის შებერვით ვუმსუბუქებთ ტკივილს, თან ვუხსნით, რას ვაკეთებთ და რატომ.
ამ შემთხვევაში მშობლის სიმშვიდე აღარ აღიქმება, როგორც გულგრილობა. ეს არის გზავნილი ბავშვისთვის, რომ "ყველაფერი კარგად იქნება" და ჩვენ ვიცით, როგორ უნდა გამოვასწოროთ მისი პრობლემა.
ცალკე თემაა ტანტრუმები, რაც საკმაოდ ხშირია ადრეული ასაკის ბავშვებში სწორედ 2-3 წლის ასაკიდან. ტანტრუმი უმეტესად ბავშვების მხრიდან იმედგაცრუების ან კატეგორიული მოთხოვნის დემონსტრირებაა, ერთგვარი პროტესტი. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, სწორად იგნორირება ბავშვის ტირილის, რათა ის არ გახდეს მანიპულირების იარაღი.
პირველი რეაგირება ისევ და ისევ ემსახურება იმას, რომ ბავშვმა გააცნობიეროს, ჩვენ გავიგეთ რატომ ტირის, რატომ ბრაზობს და რას ითხოვს.
მნიშვნელოვანია, რომ ამ დროს ვიყოთ ბავშვის სიმაღლეზე ჩამუხლული, ვუყუროთ თვალებში და მშვიდად გავახმოვანოთ მისი ტირილის მიზეზი - "მე ვიცი, რომ კიდევ გინდა შოკოლადი", ან "მესმის რომ არ გინდა სახლში წასვლა და ეზოში დარჩენა გირჩევნია". ამით ვუდასტურებთ, რომ ჩვენ უკვე ამოვიცანით მისი ტირილის მიზეზი და ამ მიზნით ტირილის გაგრძელების მიზეზი აღარ აქვს.
შემდეგი ეტაპია არგუმენტირებული უარი - "ვწუხვარ, მაგრამ ჯერ ვერ მოგცემ შოკოლადს. ჯერ სადილი არ გიჭამია. ჯერ უნდა ვისადილოთ. შემდეგ შემიძლია მოგცე შოკოლადი", ან " ვეღარ დავრჩებით ეზოში. უკვე გვიანია. სახლშიც გველოდებიან სათამაშოები. ახლა მათ უნდა ვეთამაშოთ. ხვალ ისევ დავბრუნდებით საქანელებთან".
ვცდილობთ, რომ ამ ტიპის არგუმენტები გავიმეოროთ რამდენჯერმე და დამაჯერებლად. სასურველია წინადადებები არ იყოს ძალიან გრძელი. იყოს კონკრეტული და მკაფიო შინაარსის. მნიშვნელოვანია ასევე მკაფიოდ გამოვხატოთ სინანული, რომ "ვერ ვუსრულებთ" მოთხოვნას და ნაკლებად გამოვიყენოთ სიტყვა "არა", მაგალითად ნუ გამოიყენებთ ფრაზებს "არ მოგცემ", "არ წაგიყვან", რადგან ეს უფრო კატეგორიულია ტონია და ბავშვის მხრიდან მეტი პროტესტის მიზეზი ხდება ხოლმე. შესაძლებელია რაიმე უფრო მისაღები ალტერნატივის შეთავაზება. მაგალითად "დღეს მეტ შოკოლად ვეღარ მოგცემ, უკვე ბევრი შეჭამე, მაგრამ შემიძლია ორცხობილა მოგცე, ესეც ძალიან გემრიელია".
ამ დროს ჯერ ისევ ვრჩებით ბავშვის სიმაღლეზე ჩამუხლული და ვაგრძელებთ თვალებში ყურებას. ვინარჩუნებთ მშვიდ ტონს, რაც უნდა ხმამაღლა ყვიროდეს ბავშვი. არავის აქვს ილუზია, რომ ეს ადვილია. როგორც წესი, ძალიან რთულია შეინარჩუნო სიმშვიდე მაშინ, როდესაც ბავშვი გულამოსკვნილი და სასოწარკვეთილი სახით ითხოვს რაიმეს. ჩვენი სიმშვიდე ასეთ დროს, პირველ რიგში, ემსახურება მაგალითის მიცემას, რა ტიპის ქცევას ვითხოვთ მისგან და როგორ უნდა წარიმართოს დიალოგი.
თუ ამის მიუხედავად ბავშვი არ მშვიდდება და აგრძელებს ტირილს, ყვირილს, აპროტესტებს და ასე ცდილობს მიზნის მიღწევას, ვდგებით, აღარ ვაგრძელებთ თვალებში ყურებას და ახსნა-განმარტებას და ველოდებით დამშვიდებას. ვაკონტროლებთ მხოლოდ უსაფრთხოებას მასთან უშუალო კომუნიკაციის გარეშე.
გვახსოვდეს, რომ ბრაზი და იმედგაცრუება ბუნებრივი ემოციებია, რომლის გადალახვა და დაძლევა ისევე უნდა ისწავლოს ბავშვმა, როგორც ნებისმიერი სხვა უნარი. ამასთან, ემოციებისგან დაცლისთვის ყველას ინდივიდუალური დრო შეიძლება დასჭირდეს. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენდა უნებურად ბავშვს არ მივცეთ მაგალითი, რომ საბოლოოდ, "ოღონდ გაჩუმდეს", ყველანაირ დათმობაზე წავალთ და მაინც გვაიძულებს მანამდე აკრძალული ნივთის მიცემას. ასევე, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ოჯახის წევრებს ჰქონდეთ ერთიანი მიდგომა ბავშვის ქცევის მიმართ და ერთი წევრისგან გაჟღერებული აკრძალვა, ოჯახის მეორე წევრმა არ გააპროტესტოს და არ შეუსრულოს სურვილი. თუ ამ წესებს სწორად და მოთმინებით დავიცავთ, ბავშვი გააცნობიერებს, რომ ტანტრუმს რეალურად არანაირი შედეგი არ მოაქვს და ეს ქცევა ბუნებრივად ჩაქრება. ანუ ქცევის წარმატებული მართვის რეცეპტი არის მოთმინება და თანმიმდევრულობა.