კლინიკური ფსიქოლოგი სალომე მურღულია გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს, როგორ უნდა მოიქცეს მასწავლებელი, თუ მოსწავლე კლასში დისციპლინას არღვევს და საგაკვეთილო პროცესის ჩაშლას ცდილობს:
- პირველ რიგში, აუცილებელია, კლასში საკლასო რუტინა, წესები არსებობდეს. როგორც წერასა და კითხვას ვასწავლით, ასევე უნდა ვასწავლოთ ეს უნარებიც. ხშირად გვგონია, როდესაც ბავშვი კონკრეტულ სივრცეში მოდის, მან ეს წესები ავტომატურად უნდა იცოდეს. თუმცა, ყველა უნიკალურები, განსხვავებულები ვართ, ყველას ინდივიდუალური ბექგრაუნდი გვაქვს. ამიტომ, საგანმანათლებლო სივრცეში პედაგოგი, სკოლა მზად უნდა იყოს, რომ ამ გამოწვევებს გაუმკლავდეს. ამაზე მუშაობა ეტაპობრივად უნდა დაიწყოს. შემოიტანოს წესები, ბავშვებიც ჩართულნი უნდა იყვნენ და გააანალიზონ, რა არის მისაღები ქცევა და რა - არა. მაგალითად, პატივი ვცეთ ერთმანეთს, ხელის აწევით მოვითხოვოთ, თუ რაიმე გვენდომება და ასე შემდეგ. კლასი სტრუქტურირებული გარემოა. როდესაც ბავშვი ბაღიდან მიდის, სადაც ასეთი წესები არ არის, ბუნებრივია, ამ წესებთან შეჩვევას ხელი უნდა შევუწყოთ. დაწყებითი კლასის პედაგოგს დიდი როლის აქვს, რომ უნარების განვითარებაზე იმუშაოს. თუ წესებზე ვმუშაობთ, მას სანქციაც თან უნდა ახლდეს - მოსწავლემ უნდა იცოდეს, დარღვევის შემთხვევაში რა შეიძლება იყოს სანქცია. თუ სანქციას არ შემოვიტანთ, ბავშვს მოლოდინი ექნება, რომ რომც არ შეასრულოს კონკრეტული წესები და პირობები, არაფერი შედეგი არ მოჰყვება.
ყველა ქცევას გარკვეული წინაპირობები აქვს. ბავშვი რომ თუნდაც ხელისშემშლელ ქცევას ახორციელებს საგაკვეთილო პროცესში, ხმაურობს, ბავშვებს აცინებს და ასე შემდეგ, პირველ რიგში, პედაგოგმა უნდა დასვას შეკითხვა - რატომ იქცევა ის ასე. შესაძლოა, ამას იმიტომ აკეთებს, რომ ყურადღება მიიქციოს, რევანშის სურვილი ჰქონდეს, რომ გაკვეთილი არ შედგეს ან შეიძლება, ინდივიდუალური საჭიროება აქვს და უბრალოდ არ შეუძლია, 15 წუთი კონკრეტულ აქტივობაზე კონცენტრირდეს - ფეხზე ადგომა, რაღაცაზე დაკაკუნება, კლასში გავლა აუცილებელი შინაგანი მოთხოვნილება იყოს, რომელსაც ამ ქცევით იკმაყოფილებს. ამიტომ, პირველ რიგში, ვეძებთ მიზეზს, თუ რატომ იქცევა ასე.
ხშირად პედაგოგები ამბობენ: "რა არ ვცადე, ხან ასე მივუდექი, ხან ისე, მაგრამ არაფერმა გაჭრა." აქ ერთი ოქროს წესია და მას თანმიმდევრულობა ჰქვია. მე თუ ერთხელ კონკრეტულ ქცევაზე გარკვეული შედეგი მივიღე - საყვედური მითხრეს ან შემაქეს, მაგრამ მეორე ჯერზე ზუსტად იგივენაირად რომ ვიქცევი, სხვანაირად იქცევიან ან სხვა შედეგი მოჰყვება, ბავშვი ძალიან იბნევა და არასასურველი ქცევა არ წყდება. ამიტომ, მნიშვნელოვანია, პედაგოგმა იცოდეს, რა არის ქცევის მოტივი, რომ ჩარევის ერთი კონკრეტული გზა გამოიყენოს.
მაგალითად, გავიგეთ, რომ ბავშვი ყურადღების მიქცევის გამო აკეთებს ამას. ამ შემთხვევაში, მეორე შეკითხვა ჩნდება - რატომ გაუჩნდა ამ ბავშვს მოთხოვნილება, რომ კლასისგან თუ პედაგოგისგან ყურადღება ასეთი არასასურველი გზით მიეღო? ლოგიკურია, რომ ის კლასში საკმარის პოზიტიურ ყურადღებას არ იღებს და თუნდაც ნეგატიური ყურადღება, რასაც შენიშვნის სახით იღებს, აკმაყოფილებს. ჩვენი მიზანია, პროაქტიულად ჩავერიოთ. რადგან მიზეზი ვიცით, კი არ დაველოდოთ მის ნეგატიურ ქცევას, მანამდე წავახალისოთ, ყურადღება მივაქციოთ. საკუთარი თავის პოზიტიურ ჭრილში წარმოჩენის შესაძლებლობა მივცეთ, რომ კლასისგან აღიარება და პედაგოგისგან შექება მიიღოს. სასურველი ქცევებით ვასწავლოთ ბავშვს, როგორ უნდა მიიქციოს ყურადღება და არა შენიშვნით.