გარდენია შევარდნაძე პერიოდულად საინტერესო კერძების რეცეპტებს უზიარებს ხოლმე გამომწერებს და ამჯერად ცნობილ ფოლკლორისტ ეთერ თათარაიძეს სტუმრობდა. ქალბატონმა ეთერმა თუშური ხინკალი მოახვია და საინტერესო ამბებიც გაიხსენა:
"ცოტა დიდ ქერქში ორ-სამმაგ ხორცს ჩაუდებდნენ თუშები და უეჭველად აკეთებდნენ და აკეთებენ ამას, თუ სადმე ობოლი ბავშვი ტრიალებს. აუცილებლად მას შეახვედრებენ. ის მორიდებულია, თავჩაქინდრული ზისო, ჭამაც ერიდება და ერთის მეტს არ იღებსო. ამიტომ ის ერთი, უნდა იყოს სამი ან ოთხის ტევადობის... ვაჟა-ფშაველას ქალიშვილი გულქანი მეუბნებოდა, მამაი სამ ხინკალზე მეტს არა სჭამდაო. მე კიდევ ვპასუხობდი, საობლოს კი არ აკეთებდით მარტო შინ, სამჯერ საობლოს აკეთებდით და სამზე მეტი როგორ უნდა ეჭამა-თქო...
საობლო მართლაც სხვა დანიშნულებისაა და დამოკიდებულება ჩანს ობოლთან. ამის გარეშე არ იქნებოდა. ასევე ხინკლის ყველაზე ახალი, ორთქლამდინარი მასალა ეძღვნებოდა იმ მიცვალებულებს, ვისაც არავინ აღარ დარჩა, ცოდვილა-უპატრონოები".