ეს უმძიმესი ფაქტი თიანეთის სოფელ ახალსოფელში რამდენიმე დღის წინ მოხდა. 24 წლის გალინა ნოზაძეს ქმარმა სამი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა. დამნაშავის დედამ 112-ში დარეკა და დახმარება ითხოვა, შემთხვევის ადგილზე მალე მივიდნენ მაშველები და გადაარჩინეს ქალი. ის ამჟამად კლინიკაში მკურნალობს. როგორც ამბობენ, მას სხეულის 70 პროცენტი დამწვარი აქვს.
"გალინა სამ შვილსა და მეუღლესთან, თემურ ყარალაშვილთან, და დედამთილ-მამამთილთან ერთად ერთ პატარა ოთახში ცხოვრობს. პატარა ფიცრული სახლი უდგათ. თემურის დედ-მამა ლოთია. ეტყობა, იმ დღესაც მთვრალები იყვნენ. მთვრალი იყო თემურიც. თურმე გალინა იწვა, გვიანი ყოფილა, ღამის 11 საათი. მთვრალი ქმრისთვის უთქვამს, დაწექი, დაიძინეო, როგორ მეუბნები ამასო, ბენზინი თმაზე შეასხა და ცეცხლი წაუკიდა. ამას ბავშვები შეესწრნენ. უფროსი 5 წლის არის, მეორე - სამის, პატარა წლინახევრის. გალინას ფილტვებიც დაზიანებული აქვს", - ამბობს ყარალაშვილების მეზობელი და დასძენს: "გოგოს დედამთილი და მამამთილი სულ მთვრალები არიან, თორემ ფხიზლები რომ ყოფილიყვნენ, შეიძლება დაეცვათ გოგო". მეზობლის თქმით, გალინას მამამთილიც სცემს ცოლს: "თემურის მამამ თურმე ცოლს ხელი ჰკრა, წააქცია და ქალმა ფეხი მოიტეხა, თუმცა დამალეს და თქვეს, თითქოს თავისით წაიქცა. თემურიც სვამს, მაგრამ არა მშობლებივით. ზოგჯერ მუშაობდა კიდეც... ყველას ეცოდება გალინა, მშრომელი გოგოა. ამბობენ, შეიძლება ვერც გადარჩესო".
გალინა ნოზაძე ჭიათურელია. როგორც მისი და ამბობს, გალინას მისთვის არასოდეს უთქვამს, რომ ქმარი ძალადობდა: "ჩემს დას არასოდეს არაფერი უთქვამს. არც მე შემიმჩნევია რამე. სამწუხაროდ, ხშირად ვერ ვნახულობდით ერთმანეთს. გალინას ჯანმრთელობის მდგომარეობას ექიმები კრიტიკულად მძიმედ აფასებენ. დედაჩემს უნდა წამოიყვანოს გალინას ბავშვები, მაგრამ ჯერ სოცმუშაკს ელოდება, რომ უფლება მოგვცენ". არც გალინას დედამ იცოდა, თუ მისი შვილი ძალადობის მსხვერპლი იყო. როგორც ჩანს, ახალგაზრდა ქალი მალავდა.