ზოგიერთი ბავშვი სოციალურ ქსელებში პოპულარობას დაბადებიდანვე აღწევს და უამრავი გულშემატკივარი ჰყავს. არიან ისეთებიც, რომელთა მშობლებმაც ეს პოპულარობა საქმედ გადააქციეს და შვილებს საკუთარი გვერდები თუ YouTube-არხები გაუკეთეს და დამოუკიდებელი კონტენტი შექმნეს.
საქართველოში უკრაინელი იუთუბერი გოგონა, ამელკა (ამელია) კარამელკა ბავშვებს განსაკუთრებით უყვართ და მის სახალისო ვიდეოებს ხშირად უყურებენ. 12 წლის იუთუბერს 5 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს!
ამელკა 2012 წლის 24 სექტემბერს დაიბადა. გოგონას მშობლები, რუსლან და ეკატერინა სტრუკოვები საკუთარი სახლის მისამართს განსაკუთრებით ასაიდუმლოებენ. გოგონას კომენტარებში ხშირად უწერენ: "გვითხარი, სად ცხოვრობ, შენთან მოსვლა გვინდა." ფოტოების გადაღებას სთხოვენ, თუმცა ბავშვის მისამართი მკაცრადაა გასაიდუმლოებული.
კარამელკა გოგონას მეტსახელია. ის უკრაინაში დაიბადა. რომელ ქალაქში ცხოვრობს, როგორც გითხარით, გასაიდუმლოებულია. მიუხედავად იმისა, რომ ამელკა იუთუბისა და ინსტაგრამის ბლოგის მფლობელადაა დარეგისტრირებული, ვიდეოების შინაარსსა და სიუჟეტზე, როგორც წესი, მამაა პასუხისმგებელი. გოგონას გულშემატკივრები მას კომენტარებში ხშირად "ფანტაზიორ მამას" უწოდებენ.
პატარა ბლოგერმა პირველი ვიდეო 2016 წელს გამოაქვეყნა. თავდაპირველად, მშობლები იღებდნენ, როგორ ათვალიერებდა ამელკა საკუთარ ნივთებს, რას ყიდულობდა, როგორ დადიოდა მაკდონალდსა თუ სხვა დაწესებულებაში. შემდეგ სიუჟეტში პოპულარული მულტფილმის გმირებიც გაჩნდნენ. ხშირადაა გამოწვევები, ვიდეოებში ვხვდებით გოგონას მეგობრებს, გამოგონილ სიუჟეტებს. დროდადრო ბლოგზე რეკლამებიცაა. ამელკა ბავშვებისა და მოზარდებისათვის განკუთვნილ პროდუქციას არეკლამებს.
ამელიას დედა შვილისა და საკუთარი პირადი ცხოვრების შესახებ ბევრს არაფერს ამბობს. ხშირად ვიდეოების კომენტარები გათიშულია, რადგანაც უარყოფით შეფასებასაც იღებენ.
ამელკას 5 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს, მოგზაურობს მსოფლიოს მასშტაბით და გულშემატკივრებს მოგზაურობებიდან გადაღებულ ვიდეოებსაც უზიარებს.