სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი ფსიქოლოგიური ექსპერიმენტია, რომელიც 1971 წელს სტენფორდის უნივერსიტეტში ამერიკელმა ფსიქოლოგმა ფილიპ ზიმბარდომ ჩაატარა. ექსპერიმენტი მიზნად ისახავდა, შეესწავლა ადამიანის რეაქცია თავისუფლების შეზღუდვაზე, ციხის ცხოვრების პირობებზე, დაწესებული სოციალური ქცევის მოდელის ზემოქმედებაზე.
ექსპერიმენტში ჩართული მოხალისეები მცველებისა და პატიმრების როლებს ასრულებდნენ და იმიტირებულ ციხეში ცხოვრობდნენ, რომელიც ფსიქოლოგიის განყოფილების სარდაფში იყო მოწყობილი. ე.წ. პატიმრებმა და მცველებმა საკუთარი როლები მალევე მოირგეს და ერთი შეხედვით, მშვიდობიანი ექსპერიმენტი მალევე გასცდა საზღვრებს. ყოველ მესამე მცველს სადისტური მიდრეკილებები აღმოაჩნდა. პატიმრები კი მძიმედ დაზარალდნენ. ორი პატიმარი ისეთ ცუდ მდგომარეობაში ჩავარდა, რომ ექსპერიმენტიდან ნაადრევად გაიყვანეს. ზოგადადაც, ექსპერიმენტი ეთიკური მიზეზების გამო, ნაადრევად დასრულდა.
ექსპერიმენტის ჩატარება ფსიქოლოგს ამერიკის სამხედრო-საზღვაო ფლოტმა დაუკვეთა, რომლის ხელმძღვანელებსაც აინტერესებდათ, რის გამო წარმოიშვებოდა კონფლიქტები დახურულ ბაზებზე.
ექსპერიმენტისთვის გაზეთში სპეციალური განცხადება გამოაქვეყნეს და ადამიანებს მონაწილეობა შესთავაზეს. დღეში თითოეული მონაწილე 15 დოლარს გამოიმუშავებდა და დახურულ სივრცეში ორი კვირის განმავლობაში უნდა ყოფილიყვნენ. ზიმბარდომ და მისმა გუნდმა 24 ადამიანი შეარჩიეს. ამ ადამიანებს შორის მოხვდნენ ისინი, ვისზეც ფსიქოლოგი და მისი გუნდის წევრები ფიქრობდნენ, რომ ფსიქოლოგიურად ყველაზე გაწონასწორებულები და ჯანსაღები იყვნენ.
ექსპერიმენტში მონაწილეობას საშუალო კლასის მამაკაცები მონაწილეობდნენ, ჩვეულებრივი ცხოვრებით და პროფესიებით.
ჯგუფი, რომელიც 24 ახალგაზრდა მამაკაცისაგან შედგებოდა, ორ ნაწილად გაყვეს: "პატიმრები" და "მცველები". აღსანიშნავია, რომ ადამიანებს აღნიშნული როლები წილისყრით გადაეცათ და მათ სასურველი პოზიცია თავად არ აურჩევიათ.
იმიტირებული ციხე სტენფორდის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის განყოფილების ბაზაზე შეიქმნა. უფროსი ლაბორანტი "ხელმძღვანელად" დაინიშნა, ხოლო, თავად ზიმბარდო მენეჯერი გახდა.
ზიმბარდომ მონაწილეებს მთელი რიგი სპეციფიკური პირობები შეუქმნა, რომლებიც დეზორიენტაციას, რეალობის გრძნობის დაკარგვას ხელს უწყობდა.
მცველებს ხის ხელკეტები და სამხედრო სტილის ფორმები დაურიგეს. მისცეს სპეციალური სათვალეებიც, რომელთა მინის მიღმა თვალები არ ჩანდა. პატიმრებისაგან განსხვავებით, მათ ცვლებში მუშაობა შეეძლოთ. გარდა ამისა, შეეძლოთ, სახლშიც წასულიყვნენ. თუმცა, ამ ადამიანებმა როლები ისე მოირგეს, სახლში წასვლა არ უნდოდათ და ზეგანაკვეთურად მუშაობდნენ. აღსანიშნავია, რომ ისინი ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ. არც ერთ მათგანს კრიმინალური წარსული არ ჰქონია.
პატიმრებს ცუდი ხარისხის სამოქალაქო ტანსაცმელი დაურიგეს. საცვლის ჩაცმა ეკრძალებოდათ. ფეხზე კი რეზინის ჩუსტები ეცვათ. ზიმბარდო ამტკიცებდა, რომ არაკომფორტული სამოსი მათ დეზორიენტაციას ხელს კიდევ მეტად შეუწყობდა. სახელების ნაცვლად, მხოლოდ ნომრებს ეძახდნენ. ნომრები უნიფორმებზე ჰქონდათ მიკრული. გარდა ამისა, პატიმრებს თავზე მჭიდრო კოლჰოტი ჰქონდათ მორგებული, რომ ახალწვეულთა გაპარსული თავების იმიტაცია შეექმნათ. ასევე, ფეხზე მუდმივად ეკეთათ ჯაჭვი, რომ პატიმრის სტატუსი არასდროს დავიწყებოდათ.
ექსპერიმენტის დაწყებამდე მცველებს სპეციალური ბრიფინგი ჩაუტარდათ. მათ აუხსნეს, რომ ფიზიკური ძალადობა მიუღებელი იყო და მხოლოდ იმიტირებული ციხის შემოვლა და პატიმრების მეთვალყურეობა ევალებოდათ.
ზიმბარდომ მათ უთხრა, ისეთი პირობები შეექმნათ, რომ პატიმრებზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება მოეხდინათ, შიშის, უიმედობის განცდა გამოეწვიათ და დაერწმუნებინათ, რომ მათ პირადი საზღვრები აღარ ჰქონდათ.
პატიმრების როლის შემსრულებლებს თავდაპირველად უთხრეს, რომ ექსპერიმენტში მონაწილეობის მისაღებად დაურეკავდნენ და იმიტირებულ ციხეში ისე წაიყვანდნენ. თუმცა, სრულიად გაუფრთხილებლად ამ ადამიანებთან პოლიციელები მიიჭრნენ და მოულოდნელად წაიყვანეს. აღსანიშნავია, რომ ექსპერიმენტში პალო ალტოს პოლიციის დეპარტამენტიც იყო ჩართული.
პატიმრების თითის ანაბეჭდები აიღეს, ფოტოები გადაუღეს. იმიტირებულ ციხეში მიყვანის შემდეგ, გაშიშვლება უბრძანეს და შემდგომ სპეციალური ნომრები მიანიჭეს...
ექსპერიმენტმა გეგმას მალევე გადაუხვია. მცველებმა, რომლებიც ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ, როგორც კი ძალაუფლება მოიპოვეს, სადისტური მიდგომებიც უცებვე გამოიყენეს. პატიმრებს შეურაცხყოფას მუდმივად აყენებდნენ და ბევრი მათგანი მძიმე ემოციურ სტრესს განიცდიდა.
შედარებით მშვიდი პირველი დღის შემდეგ, მეორე დღესვე ბუნტი ატყდა. მცველებმა მკვლევარების ჩარევის გარეშე ბუნტის ჩახშობა დაიწყეს და ცეცხლმაქრები გამოიყენეს. ინციდენტის შემდეგ პატიმრები ორ საკანში, შედარებით კარგ და ცუდ პირობებში გადაიყვანეს.
მცველები პატიმრებს აწამებდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ. ასევე აიძულებდნენ, რომ ხანგრძლივად ფიზიკურად ევარჯიშათ. ციხე მალევე ბინძური და სრულიად ქაოსური ადგილი გახდა. ბანაობა პრივილეგიად იქცა. უფლებას მხოლოდ მცველები გასცემდნენ. გარდა ამისა, ისინი პატიმრებს აიძულებდნენ, საპირფარეშო შიშველი ხელებით გაეხეხათ. "ცუდი" საკნიდან ლეიბებიც გაიტანეს და პატიმრებს იატაკზე უწევდათ დაძინება. ასევე, ხშირად საკვების მიცემაზეც უარს ამბობდნენ.
რამდენიმე მცველი ნამდვილ სადისტად გადაიქცა. ყოველი მესამე მცველი სადისტურ მიდრეკილებას ავლენდა. მათ გაუჩნდათ დაუძლეველი სურვილი, რომ პატიმრები დაესაჯათ, ეწამებინათ და თავიანთი ძალა გამოევლინათ.
ზიმბარდომ ექსპერიმენტის მეოთხე დღეს გაიგო, რომ პატიმრები გაქცევას გეგმავდნენ. ამიტომაც, მას სურდა ექსპერიმენტი რეალურ საკნებში გადაეტანა, რომ პატიმრებს გაქცევის შანსი არ ჰქონოდათ...
ერთ ეტაპზე პატიმრებს შესთავაზეს, ექსპერიმენტი დროზე ადრე დაეტოვებინათ იმ პირობით, რომ მათ შეთანხმებულ თანხას აღარ გადაუხდიდნენ. ნაწილი დასთანხმდა, თუმცა ეს რეალური შეთავაზება არ ყოფილა. ზიმბარდო ამ ნაბიჯითაც მათ ხასიათსა და ქცევას აკვირდებოდა. შედეგად, პატიმრები უკან შეაბრუნეს.
ერთ-ერთ მონაწილეს ძლიერი ემოციური შოკი განუვითარდა მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ ციხეს თავს დროზე ადრე ვერ დააღწევდა. ორი პატიმარი კი იმდენად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, რომ ექსპერიმენტიდან გაიყვანეს და სხვა ადამიანებით ჩაანაცვლეს.
ზიმბარდომ ექსპერიმენტის დროზე ადრე დასრულება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც იქ მისი საცოლე კრისტინა მასლაკი შევიდა. ქალს პატიმრებთან ინტერვიუები უნდა ჩაეტარებინა, თუმცა საშინელი პირობები ნახა. ექსპერიმენტი 2 კვირა უნდა გაგრძელებულიყო , მაგრამ 6 დღეში დაასრულეს.
ექსპერიმენტის შედეგები ადამიანების მიმღებლობისა და დამორჩილების საჩვენებლად გამოიყენეს. ასევე, აღნიშნული ექსპერიმენტის შედეგები კოგნიტური დისონანსის და ავტორიტეტის გავლენის თეორიების საილუსტრაციოდ წარმოაჩინეს. აღნიშნეს, რომ სიტუაცია უფრო მეტად მოქმედებს ადამიანის ქცევაზე, ვიდრე ინდივიდის შინაგან მახასიათებლებზე.
ექსპერიმენტის შემდეგ რამდენიმე ციხეში არეულობა მოხდა.
ერიხ ფრომი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც აღნიშნული ექსპერიმენტი გააკრიტიკა და თქვა, რომ იმიტირებულ ციხეში პირობები იმაზე ბევრად სასტიკი და არაადამიანური იყო, ვიდრე რეალურ ციხეებში. მან გააკრიტიკა ის ფორმაც, რომელიც პატიმრებს ეცვათ.
ზიმბარდოს კონსულტანტი კარლო პრესკოტი იყო. მან მკვლელობის მცდელობისთვის ციხეში 17 წელი გაატარა. მოგვიანებით მამაკაცმა თქვა, რომ ექსპერიმენტში მონაწილეობას ნანობს, რადგანაც რეალობა და ის მოთხოვნები, რაც მათ პატიმრებსა და მცველებს წაუყენეს, აბსოლუტურად განსხვავდებოდა. ექსპერიმენტში მონაწილე ციხის მცველებს დასჯის აღქმა საერთოდ არ ჰქონდათ. მათ იცოდნენ, რომ სადისტური მიდგომების გამო არავინ დასჯიდა. ამან მათი მეთოდები კიდევ უფრო წაახალისა და გაააქტიურა.
2004 წელს, როდესაც აბუ-გრეიბის სკანდალი ატყდა, ბევრმა ის აღნიშნულ ექსპერიმენტს დაუკავშირა. მაშინ ცნობილი გახდა, თუ როგორ აწამებდნენ და სცემდნენ პატიმრებს ერაყის ციხეში.
ექსპერიმენტს ზოგადად ძალიან დიდი კრიტიკა მოჰყვა. თუმცა, ზოგმა ისიც აღნიშნა, რომ მისი მთავარი მიზანი ამერიკის ციხეების ჰუმანიზაცია იყო.
აღნიშნული ექსპერიმენტის შესახებ რამდენიმე ფილმიც გადაიღეს.
მოგვიანებით ზიმბარდომ წიგნი - "ლუციფერის ეფექტი" დაწერა, სადაც აღწერა რატომ იქცევიან ჩვეულებრივი ადამიანები ბოროტმოქმედებად.