არისტოკრატი ლორდ რიჩარდი სპენსერების ოჯახიდან იყო, მაგრამ ნათესავებისაგან ძალიან განსხვავდებოდა. პოლიტიკური თუ სამხედრო კარიერის ნაცვლად, მას მხოლოდ ფული აინტერესებდა. უგუნურმა ცხოვრებამ და გადაჭარბებულმა ნარცისიზმმა ის აზარტულ მოთამაშედ აქცია, შემდეგ კი სრულიად დაკარგა ადამიანობა...
ლუკანის მე-7 გრაფი, ლორდ რიჩარდ ჯონ ბინგემი 1974 წელს უკვალოდ გაქრა და მას შემდეგ მისი ადგილსამყოფელის შესახებ არავინ არაფერი იცის. იმ საშინელი მოვლენების შემდეგ, რომელიც ლორდმა თავად წამოიწყო, ის, ფაქტობრივად, გაუჩინარდა. საინტერესოა, რომ ბინგემის კვალს დღემდე ეძებენ...
როჩარდ ჯონ ბინგემი ფულისა და სიმდიდრის მოყვარული იყო. არისტოკრატთა ოჯახში 1934 წელის 18 დეკემბერს, ჩრდილო ვესტმინსტერის უბანში დაიბადა. რიჩარდი ქეითლინ ელიზაბეტ ენ დოუსონისა და ჯორჯ ბინგემის მეორე შვილი იყო. მისი მამა პრინცესა დიანას ბებიის ბიძაშვილი იყო. მიუხედავად ამისა, რიჩარდს ნათესავებთან საერთო არაფერი ჰქონდა. სამხედრო სამსახურის დროს აზარტულ თამაშებზე გახდა დამოკიდებული და მომავალში მისმა გატაცებამ ბინგემების დიდგვაროვან ოჯახს ნამდვილი ჯოჯოხეთი მოუწყო...
რიჩარდ ჯონ ბინგემს ლორდ ლუკანსაც უწოდებდნენ. ლუკანმა 1954 წელს სამხედრო სამსახური მიატოვა და ლონდონში უილიამ ბრანდტის ბანკში დასაქმდა. ფული და რისკები ახალგაზრდობიდანვე განსაკუთრებით უყვარდა. არასწორი ინვესტიციითა და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებით კი კაცმა რვა, შემდეგ კი ათი ათასი ფუნტი დაკარგა, რაც ოჯახის წილიდან მისი შემოსავლის ორი მესამედი იყო. მაშინ ლორდს ბიძა, საფონდო ბროკერი ჯონ ბევანი დაეხმარა, რომ ვალები გადაეხადა. ერთ დღეს მამაკაცმა აზარტული თამაშების წყალობით 26 ათასი ფუნტი სტერლინგი მოიგო, რაც საკმაოდ დიდი თანხა იყო. მოგებამ ის სულ გააგიჟა და მოტივაცია მისცა.
"მანქანები, იახტები, ძვირად ღირებული დასვენებები და უსაფრთხო მომავლის განცდა ბედნიერებას მანიჭებდა." - წერდა 22 წლის არისტოკრატი 1956 წელს.
არისტოკრატს კიდევ მეტის მოგება სურდა. 60-იან წლებში მან ბანკში სამსახური მიატოვა და ამერიკის შეერთებულ შტატებში წავიდა.
"რატომ უნდა ვიმუშაო ბანკში, როცა შემიძლია, ერთ ღამეში ერთი წლის ხელფასი მოვიგო?" - ამბობდა რიჩარდი. ის ამერიკაში დიდხანს არ დარჩენილა და მალევე სამშობლოში დაბრუნდა.
1963 წელს ლორდის ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა. მან გაიცნო ვერონიკა დუნკანი, რომელიც ერთი ნახვით შეუყვარდა. თავდაპირველად გოგონა მოდელად მუშაობდა, შემდეგ კი მდივანი გახდა. ულამაზესმა ქერათმიანმა გოგონამ გრაფის გული მალევე მოიგო. წყვილი 1963 წლის 14 ოქტომბერს დაინიშნა. მათი ნიშნობის შესახებ Times-მა და The Daily Telegraph-მაც დაწერეს.
ცოლ-ქმარს სამი შვილი ჰყავდა. თუმცა, ბინგემი დღეებსა და ღამეებს აზარტულ თამაშებში ატარებდა. პერიოდულად მამაკაცი უზარმაზარ თანხებს აგებდა. შემდეგ ისევ იგებდა. ნელ-ნელა წარუმატებლობა სულ უფრო გახშირდა და რიჩარდიც განსაკუთრებით აგრესიული გახდა. სახლში რომ ბრუნდებოდა, ცოლს სცემდა. ერთხელ კიბეებიდანაც კი დააგორა... მამაკაცი ნამდვილ ტირანად გადაიქცა.
1972 წელს დუნკანმა ლორდი მიატოვა და განქორწინება მოითხოვა. რიჩარდი განქორწინების უფლებას არ აძლევდა, ამბობდა, რომ ქალი ფსიქიკურად გაუწონასწორებელი იყო და ოჯახის დანაზოგი მთლიანად გაფლანგა. ხმაურიანი სასამართლო 1 წელი გაგრძელდა და საბოლოოდ, ქალმა სიმართლე დაამტკიცა. ბინგემს შვილების ნახვა ორ კვირაში ერთხელ შეეძლო.
ოდესღაც მდიდარი ლორდი მათხოვრად გადაიქცა. კაცს იმდენი ვალი ჰქონდა, რომ არათუ მისი ოჯახის ქონება, მეგობრების სესხები და დახმარებებიც კი ვეღარ ჰყოფნიდა. რიჩარდმა დალევა დაიწყო. ყოფილ ცოლს ემუქრებოდა და ამბობდა, რომ მისი წარუმატებლობა და უიღბლობა სწორედ მისი ბრალი იყო.
1974 წლის 7 ნოემბერს ვერონიკა და მისი შვილების ძიძა - სანდრა რივეტი სამზარეულოში ისხდნენ და ჩაის სვამდნენ. მოულოდნელად მათ სახლში მამაკაცი შეიჭრა, ძიძას თავში მძიმე საგანი ჩაარტყა და მოკლა. ვერონიკა მიხვდა, რომ თავდამსხმელი მისი ყოფილი ქმარი იყო. იცოდა, რომ მასაც მოკლავდა, ამიტომ დაჰპირდა, რომ ძიძის ცხედრის დამალვაში დაეხმარებოდა, თუ მას არაფერს დაუშავებდა. ცოტა ხნით რიჩარდი დამშვიდდა, ქალმა დრო იხელთა და დახმარება გამოიძახა.
რიჩარდი საპირფარეშოში შევიდა. ოთახში რომ დაბრუნდა, მიხვდა, რომ ყოფილმა ცოლმა მოატყუა და სასწრაფოდ გაიქცა. გაუჩინარებამდე არისტოკრატი მეგობრის სანახავად მივიდა. კაცმა ორი წერილი დატოვა, სადაც წერდა, რომ ყოფილი ცოლის სანახავად მიდიოდა. დაინახა, რომ მას უცნობი თავს დაესხა, თუმცა დუნკანმა ყველაფერი მას გადააბრალა.
ეს იყო ბოლო შემთხვევა, როდესაც ბინგემი ცოცხალი ნახეს. რამდენიმე დღის შემდეგ, მისი მანქანა მეზობელ საგრაფოში იპოვეს.
შესაძლოა, ეს ამბავი მსოფლიოს არასდროს გაეგო, ნილ ბერიმანი რომ არ გამოჩენილიყო. კაცმა იცოდა, რომ ნაშვილები იყო. ის სანდრა რივეტის ვაჟი იყო. ვერონიკას ძიძას ბიჭი 21 წლის ასაკში შეეძინა. გოგონას შვილის აღზრდის შესაძლებლობა არ ჰქონდა და ის ბავშვთა სახლში წაიყვანა.
2004 წელს ნილმა აღმოაჩინა, რომ დედამისი რიჩარდმა მოკლა და ადგილიდან მიიმალა. კაცმა გადაწყვიტა, ბინგემი ნებისმიერ ფასად ეპოვა. ახლობლები არწმუნებდნენ, რომ დაკარგული ლორდი დიდი ხნის გარდაცვლილი იქნებოდა, მაგრამ ნილ ბერიმანი არავის უსმენდა. მან დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო. გამოძიების დროს არაერთი ვერსია მოისმინა. მას ეუბნებოდნენ, რომ დაკარგული ლორდი სხვადასხვა ადგილზე ნახეს. მაგრამ, არც ერთი აღმოჩნდა სიმართლე.
თუმცა, ცოტა ხნის წინ ნილ ბერიმანმა განაცხადა, რომ დედის მკვლელის კვალზე გავიდა. მისი თქმით, კაცი ავსტრალიაში, ბრისბენში, კრისტოფერ ბელის სახელით ცხოვრობს. მას ფოტოებიც გაუგზავნეს და დიდი ალბათობით, სწორედ ისაა, ვისაც ეძებდა. კაცი დიდი ხნის განმავლობაში თავს ბუდისტ ბერად ასაღებდა.
"ახლაც, 90 წლის ასაკში, ის ამპარტავანი, საშინელი მოხუცია, რომელმაც ავსტრალიაში ბევრი ადამიანი მოატყუა. სავსეა ტყუილებით... დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადამიანი ლორდი ლუკანია", - თქვა ბერიმანმა ინტერვიუში.
2024 წელს ნილი BBC-ის დოკუმენტალისტებთან ერთად ავსტრალიაში გაემგზავრა. თუმცა, მოხუცმა მათთან შეხვედრაზე კატეგორიული უარი თქვა. შემდეგ, დაჟინებული თხოვნის შედეგად, ლაპარაკზე თანხმობა განაცხადა, თუმცა იმ პირობით, რომ მის საუბარს არავინ ჩაიწერდა და არც გადაიღებდნენ.
კაცმა თქვა, რომ უინძორების ნათესავია და ისიც აღნიშნა, რომ სახელი და გვარი ოთხჯერ შეიცვალა. კითხვაზე, თუ როგორ აღმოჩნდა ავსტრალიაში, კაცმა უპასუხა, რომ "ცდილობდა ეპოვა შესაფერისი ადგილი საცხოვრებლად, მეგობრები და ასევე, თანამგზავრები." კაცი ამბობდა, რომ მისი დაბადების სახელი დერეკ ბელ კროუტერია და აღნიშნავდა იმასაც, რომ ნილის დედის მკვლელობასთან საერთო არაფერი აქვს...
მიუხედავად მცდელობისა, სანდრა რივეტის საქმე არ გახსნილა. ნილი ბევრმა ადამიანმა სპეკულაციაშიც დაადანაშაულა, თუმცა ბერიმანი დღემდე დარწმუნებულია, რომ სწორ გზაზეა.
2024 წლის ნოემბრის ბოლოს BBC-ის დოკუმენტური ფილმი გამოქვეყნდა. მამაკაცი ამბობს, რომ ფილმის გამოქვეყნების შემდეგ, სკოტლანდ-იარდის რამდენიმე ყოფილი დეტექტივი დაუკავშირდა. ბერიმანი დეტალებზე არ საუბრობს, მაგრამ პირობა დადო, რომ მკვლელი ლორდის გაუჩინარების საიდუმლო აუცილებლად გაირკვევა.