მე ალბათ უფრო კრიტიკული მამა გამოვდექი. რჩევებს და შენიშვნებს არ გაკლებდით...
თქვენხელა რომ ვიყავი, მამაჩემი სასაცილო რჩევებს მაძლევდა. მაგალითად – “ორივე ხელი გიდევს ჯიბეში, მხოლოდ ერთი ჩაიყავი”; ან “პერანგის ღილებს ზემოდან ქვემოთ ნუ იკრავ, ქვემოდან ზემოთ შეიკარი”; ან კიდევ “ამ სიმღერას ნუ მღერი, ის იმღერე”. ვერ გეტყვით, რომ ეს რჩევები რამეში გამომადგა, მაგრამ სამაგიეროდ მამაჩემმა შემაყვარა კარგი მუსიკა, თმების გაზრდას არ მიშლიდა და როცა უნივერსიტეტის გამოცდებისთვის ვემზადებოდი, საჭმელს მიმზადებდა და გამოცდებზე ჩემზე უფრო ნერვიულობდა. ეს არასდროს დამავიწყდება. ზოგადად, მირჩევნია კარგი მახსოვდეს, ვიდრე ცუდი.
მე ალბათ უფრო კრიტიკული მამა გამოვდექი. რჩევებს და შენიშვნებს არ გაკლებდით. არც მე მიხაროდა დიდად ამის გაკეთება, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ ცუდი პოლიციელის როლი მერგო და სხვა გზა არ მქონდა. მეორე მხრივ, მაქსიმალურად ვცდილობდი კარგი მაგალითი მომეცა. ვიცი, რაც არ უნდა დაგარიგოთ და მითითებები მოგცეთ, თქვენ მაინც საკუთარ გზას აირჩევთ. მეც ყოველთვის მხარში ამოგიდგებით ნებისმიერ კარგ საქმეში.
ცხოვრება ისეთია, რომ რაღაცეები აუცილებლად შეგეშლებათ და შეცდომებს დაუშვებთ, მთავარია ამ შეცდომებზე ისწავლოთ და განმეორებით არ დაუშვათ. ყოველთვის პასუხი აგეთ თქვენ ქმედებაზე. როცა შეცდომას დაუშვებთ, პირდაპირ აღიარეთ, ღირსეულად მოიხადეთ ბოდიში და ეცადეთ ყველაფერი გამოასწოროთ.
იყავით კეთილი და მიმტევებელი. ცხოვრებაში ხშირად გექნებათ მომენტები, როცა სიძულვილი და ბრაზი შეგიპყრობთ – დამსახურებულად თუ უმიზეზოდ, და სურვილი გაგიჩნდებათ რომ ვინმეს ზიანი მიაყენოთ. თავი დაიცავით, მაგრამ თავს ნუ დაესხმებით. არ ღირს. ადამიანები ხშირად ცდებიან, მათ შორის ძალიან კარგი ადამიანები. მიუტევეთ. თუ მაინცდამაინც შურისძიება მოგინდებათ, ყველაზე კარგი შურისძიება კარგად ყოფნაა.
ცხოვრებაში ხშირად აღმოჩნდებით დიდი თუ პატარა პრობლემების წინაშე. მხოლოდ თქვენი თავის იმედი გქონდეთ. გაგრძელება