ექიმები დილის კვებას დღის განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვან კვებას უწოდებენ. საუზმე ენერგიით გვამარაგებს და უზრუნველყოფს, რომ მთელი დღის მანძილზე თავი მხნედ და ფხიზლად ვიგრძნოთ, შევძლოთ სხვადასხვა საქმის შესრულება და შევინარჩუნოთ დადებითი განწყობა.
მიუხედავად ამისა, ბევრი ადამიანი საუზმეზე უარს ამბობს და დილით მხოლოდ ყავით ან წყლით შემოიფარგლება. თუმცა, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ჯანსაღი და ხარისხიანი ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანია, საუზმე არ გამოვტოვოთ და გარკვეული რეკომენდაციებიც გავითვალისწინოთ:
ესპანელმა მეცნიერებმა მეტაბოლური სინდრომის მქონე ადამიანების მონაცემები შეისწავლეს. ეს არის დაავადება, რომლის დროსაც, ადამიანს სასიცოცხლო ორგანოების ირგვლივ ჭარბი ცხიმი უვითარდება, იმატებს შაქრის დონე, იქმნება გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემები და ქოლესტერინის დონეც მაღალია. მთელ მსოფლიოში მეტაბოლური პრობლემები არაერთ ადამიანს აწუხებს.
დადგინდა, რომ საუზმეზე ჩვეულებრივი ყოველდღიური კალორიების 20-დან 30%-მდე მიღება ხანდაზმულებში სხეულის ცხიმთან დაკავშირებულ პრობლემებს ამცირებს. ასევე, მცირდება ტრიგლიცერიდების რაოდენობაც, რომლის ჭარბმა დონემაც შეიძლება გულის შეტევა ან ინსულტი გამოიწვიოს.
კვლევაში ნათქვამია, რომ საუზმის მირთმევა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკებს მნიშვნელოვნად ამცირებს და სიმსუქნესთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრასაც უზრუნველყოფს. ასევე, საუზმის მირთმევა ქოლესტერინის დონესაც არეგულირებს.
შედეგად, სამეცნიერო ნაშრომის ავტორებმა შეკითხვას - არის თუ არა საუზმე აუცილებელი, მკაფიო პასუხი გასცეს. მათ კიდევ ერთხელ დაადგინეს, რომ დილის კვება ყველაზე მნიშვნელოვანია. ის ორგანიზმს სასიცოცხლოდ აუცილებელი ენერგიით ამარაგებს და ადამიანებს დღეგრძელობას უნარჩუნებს. თუმცა, აუცილებელია, დავიცვათ ზომიერება და მივიღოთ ჯანსაღი საკვები.
„საუზმის ჯანსაღი ჩვევების პოპულარიზაციამ შეიძლება ხელი შეუწყოს ჯანსაღ დაბერებას მეტაბოლური სინდრომისა და მასთან დაკავშირებული ქრონიკული დაავადებების რისკის შემცირებით, რითაც ცხოვრების ხარისხიც გაუმჯობესდება.“ - წერენ მეცნიერები.
ამიტომ, თუ გსურთ, იცხოვროთ ჯანსაღი და სრულფასოვანი ცხოვრებით, საუზმე დღის სავალდებულო ნაწილი უნდა იყოს და უმჯობესია, მრავალფეროვან პროდუქტებს შეიცავდეს, როგორებიცაა: ბოსტნეული, ცილები და ჯანსაღი ცხიმები.