ერთ დროს ლამაზი და უმდიდრესი ქალი ქმარმა პლასტიკური ოპერაციების ნამდვილ მსხვერპლად აქცია - "ქალი-კატის" წყევლა - მშობლები

"ქალი-კატა" გარდაიცვალა - როგორ იქცა ერთ დროს ლამაზი და უმდიდრესი ქალი პლასტიკური ოპერაციების ნამდვილ მსხვერპლად

2025-01-01 22:03:25+04:00

პარიზის სახლში, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა "ქალი-კატა". სიკვდილის მიზეზი თრომბოემბოლია გახდა...

ჯოსელინ ვილდენშტეინი წარუმატებელი პლასტიკური ოპერაციების ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი იყო. შვეიცარიელ ქალბატონს "ქალ-კატას" ეძახდნენ მისი ტრანსფორმაციის გამო. ერთ დროს ის ამერიკელი მილიარდერის ცოლი იყო, მდიდარი და ლამაზი, თუმცა გარეგნობაც შეეწირა მის ცხოვრებას და მისი ქონებაც...

ლოზანიდან პარიზში

ჯოსელინ ვილდენშტეინი (ქალიშვილობის გვარი პერისე) შვეიცარიაში დაიბადა. მშობლიურ ლოზანაში გატარებულ მის ბავშვობაზე დიდი არაფერია ცნობილი. სპორტული საქონლით მოვაჭრის ქალიშვილი გახლდათ და ოჯახს არასდროს ჰქონდა დიდი შემოსავალი, თვიდან თვემდე ძლივს გაჰქონდათ თავი. თუმცა გოგონას გაუმართლა, რომ ლამაზი იყო და 17 წლისა იყო, როცა მისი ცხოვრება მკვეთრად შეიცვალა. სწორედ ამ ასაკში გაიცნო შვეიცარიელი პროდიუსერი სირილ პიგე, რომელთანაც რომანი გააბა.

წყვილი ორ წელიწადში პარიზში გადავიდა საცხოვრებლად და ჯოსელინი ამბობს, რომ პარიზში ცხოვრებაზე სულ ოცნებობდა.

joslin-1734542103.png

რაღაც მომენტში ჯოსელინი დაშორდა თავის რჩეულს და პარიზში ბოჰემურ ცხოვრებაში გადაეშვა. ამბობენ, რომ ხელთათმანებივით იცვლიდა მამაკაცებს. მის შეყვარებულებს შორის ფრანგი რეჟისორი სერჯიო გობიც გახლდათ, რომელსაც მთელი ხუთი წელი ხვდებოდა. თუმცა მასაც დაშორდა და განაგრძო გართობა და "ცხოვრებით ტკბობა". სერიოზულ განათლებაზე არც უფიქრია, მას მხოლოდ ბომონდური ცხოვრება იტაცებდა. "ბევრი ნიჭი მქონდა. არასდროს ვღელავდი ჩემს კარიერაზე. საკმაოდ კარგი დეკორატორი ვარ. შეიძლება, ზედმეტად კარგიც ამ სფეროში", - თქვა ერთხელ ინტერვიუში.

პარიზში დადიოდა სილამაზის სალონებში, საყვარლებისგან სწავლობდა ნადირობას და თვითმფრინავის მართვას. როგორც ამბობენ, საფრანგეთის ელიტურ წრეებში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მიღებული ქალბატონი იყო.

ყველაზე მგზნებარე რომანი

1977 წელს ჯოსელინი თავისმა მეგობარმა, საუდელმა იარაღით მოვაჭრემ ადნან ხაშოგიმ, ლომებზე სანადიროდ მიიწვია ვილდენშტეინების ოჯახურ რანჩოზე კენიაში. სწორედ იქ გაიცნო მომავალი ქმარი - ალეკ ვილდენშტეინი, ფრანგული წარმომავლობის უმდიდრესი ამერიკელი. წყვილს შორის მაშინვე გაჩნდა ვნება. ორი დღე ერთად გაატარეს - ნადირობდნენ, მოტოციკლით სეირნობდნენ, მთებზე ცოცავდნენ. თუმცა უიქენდი რომ დასრულდა, დაიშალნენ - ჯოსელინი საფრანგეთში გაემგზავრა, ალეკი - ამერიკაში.

რამდენიმე დღეში ალეკმა, რომელიც იმ დროს მოდელ მარია კიმბერლის ხვდებოდა, ჯოსლინ ასობით თეთრი ორქიდეა გაუგზავნა. შეყვარებულებმა, რომლებიც მაშინ 30-ს იყვნენ გადაცდენილები, გაიაზრეს, რომ უერთმანეთოდ არ შეეძლოთ.

1100x839-0xac120003-18662187221637927445-1734542056.jpg
ალეკ ვილდენშტეინი

მალე არტ-დილერი ალეკი პარიზში გაფრინდა და მეოთხე პაემანზე ცოლობა სთხოვა. ჯოსელინი დათანხმდა და გაცნობიდან ერთ წელიწადში ლას-ვეგასში იქორწინეს. მოგვიანებით კიდევ ერთი ცერემონია ლოზანაში ჩაატარეს. თუმცა არც ერთ ღონისძიებას არ ესწრებოდა სასიძოს მამა, მილიარდერი დანიელ ვილდენშტეინი, რომელსაც არ მოსწონდა სარძლო და ამ ქორწინების წინააღმდეგი იყო. მოგვიანებით ალეკმა აღიარა, რომ მამა აფრთხულებდა ჯოსელინის მერკანტილურობის შესახებ, თუმცა ვნება ძალიან დიდი იყო და ალეკმა ცოლი შეირთო...

თავიდან ცხოვრება მშვიდად მიდიოდა. ორი შვილიც გაუჩნდათ - გოგონა დიანა და ვაჟი ალეკ-უმცროსი.

joslin-1734542103.png

პლასტიკური ოპერაციების ერა

წყვილი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა გარეგნობას. მით უმეტეს - ალეკი. მას პანიკურად ეშინოდა დაბერების. ქორწინებიდან ერთ წელიწადში, ცოლი დაარწმუნა, რომ ერთად გაეკეთებინათ პირველი ოპერაცია - ტომსიკები მოეცილებინათ თვალების ქვეშ. ეს ჯოსელინისთვის პლასტიკური ოპერაციების ეპოქის დასაწყისი აღმოჩნდა...

დანამდვილებით არავინ იცის, თუ რამ უბიძგა ჯოსელინს, ასე გატაცებულიყო ამ თემით და საბოლოოდ კატას დამსგავსებოდა, თუმცა ახლობლები ამტკიცებენ, რომ ჯოსელინი ძალიან განიცდიდა მისი ქმრის გამუდმებული რომანების გამო. ქმრის საყვარლების უმრავლესობა ლამაზი და ახალგაზრდა იყო და ქალს ძალიან უნდოდა, სილამაზე და ახალგაზრდობა შეენარჩუნებინა...

"ფიქრობდა, რომ სახეს გაისწორებდა, როგორც ავეჯის ნაწილს. კანზე ხომ ეს არ მუშაობს... მაგრამ გაგონება არ უნდოდა", - ამბობდა მოგვიანებით მისი ქმარი.

882x1100-0xac120003-736490971560360028-1734542056.jpg

ალეკის თქმით, ჯოსელინი შეპყრობილივით იყო და დაუსრულებლად იკეთებდა გაურკვეველ ინიექციებს, იჭიმავდა სახეს, იმატებდა იმპლანტებს და კიდევ ბევრ რამეს აკეთებდა. "ყოველთვის ბოლო ვიგებდი ოპერაციების შესახებ", - ამბობს ალეკი.

როცა ჯოსელინი კლინიკაში არ იწვა მორიგი ოპერაციის შემდეგ, სახლში ცდილობდა ინტერიერისა და დეკორის შეცვლას, თუმცა ქმარს არც მისი გემოვნება და დიზაინერული იდეები მოსწონდა. "სიგიჟესაც" კი უწოდებდა მის ახირებებს და ხანდახან არც ტყუოდა. მაგალითად, ქალმა რანჩოზე აუზის გვერდით ააგო ტყვიაგაუმტარი შუშის გამოქვაბყლი, სადაც ორი ვეფხვი ცხოვრობდა. ნიუ-იორკში კი, ვილდენშტეინების ოჯახურ თაუნჰაუსში წყვილს არც ისე მცირე ხანს ჰყავდა ფოცხვერი.

ალეკს სულ უფრო ნაკლებად მოსწონდა ქალის ქმედებები და მისი გარეგნობა, მით უმეტეს, რომ ბიუთი-ექსპერიმენტები მილიონობით დოლარი ჯდებოდა. სულ უფო ხშირად ჩხუბობდნენ. 1990-იანებში ალეკს დეპრესიაც დაეწყო, მამასთან დაძაბული ურთიერთობისა და ბიზნესში პრობლემების გამო...

1331x2000-0xac120003-13258291071608193182-1734542056.jpg

დასასრულის დასაწყისი

ურთიერთობა 1997 წელს კრიზისში შევიდა. მარტში ჯოსელინის მამა გარდაიცვალა ოლ-ჯოგის რანჩოზე, ქალიშვილთან სტუმრობისას. ჯოსელინი ელოდა, რომ ქმარი დაკრძალვაზე ჩავიდოდა ნიუ-იორკიდან, თუმცა ალეკი სულ რაღაცას იმიზეზებდა. მის ლოდინში 14 დღე გავიდა და დაკრძალვის ცერემონიაც არა და არ სრულდებოდა. 14 დღის შემდეგ ქალმა როგორც იქნა, დაკრძალა მამა. როცა შინ დაბრუნდა და ცოლ-ქმარს შორის საკმაოდ მძიმე საუბარი შედგა.

ალეკმა დაარწმუნა, რომ სხვა ქალი უყვარდა და უნდა დაშორებულიყვნენ. ჯოსელინის თხოვნით, წყვილი მცირე ხანს ერთად დარჩა, ჯოსელინმა გარკვეული დრო ითხოვა მოსაფიქრებლად. თუმცა სინამდვილეში, სულ სხვა რამ ჰქონდა ჩაფიქრებული...

ჯოსელინი კენიაში გაფრინდა რანჩოზე და ნიუ-იორკიდან ქმრის წერილი მიიღო, რომ შინ ვეღარ დაბრუნდებოდა. თუმცა ის პირიქით მოიქცა - პირველივე თვითმფრინავით დაბრუნდა ამერიკაში და ქმარს საყვარელთან წაასწრო - მათ საძინებელში ცნობილი მოდელი ინეს მისანი ნებივრობდა... სანამ ალეკი ჩხუბობდა და სკანდალს აწყობდა, ჯოსელინმა პოლიცია გამოიძახა და შემდეგი ორი დღე მისმა ქმარმა ციხეში გაატარა, მერე კი ძალიან ხანგრძლივი განქორწინების პროცესი დაიწყო...

ქმარმა ცოლს წაართვა ყველა ნივთი და დაუბლოკა საკრედიტო ბარათები. ქალი იძულებული გახდა, ცალკე გამოყოფილ სივრცეში ეცხოვრა ნიუიორკული თაუნჰაუსის ტერიტორიაზე, მატრასზე ეძინა და გარკვეულ დროებში შეეძლო სამზარეულოში შესვლა...

1999 წელს განქორწინების პროცესი დასრულდა და ჯოსელინმა 2,5 მლრდ დოლარი მიიღო. ასევე, ყოველ წელს, 13 წლის განმავლობაში, კიდევ 100 მლნ დოლარი უნდა გადაეხადა ცოლისთვის.

მალე ვილდენშტეინმა ახალგაზრდა მოდელ ლუბოვ სტუპაკოვაზე იქროწინა. 2008 წელს გარდაიცვალა და შვიდი წლის შემდეგ მისმა ოჯახმა შეწყვიტა ჯოსელინისთვის შეპირებული თანხის ჩარიცხვა...

ახალი ცხოვრება

ჯოსელინი დიდხანს არ მჯდარა მგლოვიარე. 1999 წელს თავის ადვოკატ კენეტ გოდტს გაუმიჯნურდა. 2000 წელს კი ერთ-ერტ წვეულებაზე დიზაინერი ლოიდ კლიაინი გაიცნო, რომელსაც ის უგონოდ შეუყვარდა. "თითქოს დამაჰიპნოზა. ამ თვალებმა მომნუსხა! მოდის ინდუსტრიაში ვმუშაობ და ყოველდღე ახალგაზრდა მოდელებთან მაქვს ურთიერთობა, მაგრამ არც ერთს არ მოვუხიბლივარ ასე..." - ყვებოდა მოგვიანებით ლოიდი, რომელმაც მალევე წამოიწყო რომანი 17 წლით უფროს ჯოსელინთან. ლოიდსაც არაერთხელ ჰქონდა გაკეთებული პლასტიკური ოპერაციები და როგორც ჩანს, წყვილი ბიუთი-ექსპერიმენტების სიყვარულმაც დააახლოვა.

joslin1-1734542103.png

15 წლის განმავლობაში წყვილს არაერთხელ ჰქონია დიდი სკანდალები. ერთხელ, 2016 წელს, ჯოსელინს არ მოუეწონა, რომ ვახშმისას, ლოიდი ნოუთბუქით იჯდა და მას არ აქცევდა ყურადღებას, ანთებულ სანთელს დაწყვდა და პირდაპირ სახეში ესროლა, მერე ჯერ ფრჩხილებით დაჩხაპნა და შემდეგ მაკრატელი ჩაარჭო მკერდში. კაცი იძულებული გახდა, რჩეული კარადაში დაემწყვდია, სანამ პოლიცია მოვიდოდა.

სასამართლომ ჯოსელინი დამნაშავედ ცნო და აუკრძალა ლოიდთან მიახლოება. ამის მერე დიზაინერი მცირე ხანს ტრანსგენდერ მოდელ ლორენ ფოსტერს ხვდებოდა, თუმცა მერე ისევ ჯოსელინს დაუბრუნდა.

მიუხედავად იმისა, რომ მისი სიცოცხლის ბოლომდე ერთად იყვნენ, მართლაც ძაღლი და კატასავით ცხოვრობდნენ - სულ ჩხუბი და პოლიციის გამოძახება იყო მათ სახლში. მორიგ გამოძახებაზე პოლიციელებმა შეყვარებულები ნაკაწრებითა და ჩალურჯებებით იპოვა, რომლებიც ერთმანეთს მიაყენეს. ისინი ტრამპ-თაუერში ცხოვრობდნენ და ჯოსელინს სხვა უძრავი ქონებაც ჰქონდა, თუმცა ყველა მისი სახლი და აპარტამენტი ვალების გამო ბანკებში იყო ჩადებული და ვერც ყიდდა. სახელმწიფოს შემწეობაზე ცხოვრობდა, რაც 900 დოლარს შეადგენს თვეში და ნიუ-იორკისთვის არც ისე დიდი თანხაა, მით უმეტეს, ფუფუნებას მიჩვეული ქალბატონისთვის. იძულებული იყო, მეგობრებისა და ნათესავებისთვის ეთხოვა ხარჯების დაფარვა.

c0188e5c-b0d7-40df-b974-1c66c90b25af-1734542338.jpg