როგორ "იტყუებს" თამბაქოს ინდუსტრია ახალ მწეველებს: "მათი სამიზნე ახალგაზრდებია, განსაკუთრებით, გოგონები" - მშობლები

როგორ "იტყუებს" თამბაქოს ინდუსტრია ახალ მწეველებს: "მათი სამიზნე ახალგაზრდებია, განსაკუთრებით, გოგონები"

2024-12-23 23:36:20+04:00

ყველა მშობელი განსაკუთრებით ღელავს, რომ მისმა შვილმა სიგარეტის მოწევა არ დაიწყოს. სიგარეტი და მოწევა ყოველთვის შედის მოზარდის მშობლის ყველაზე გავრცელებულ შიშებს შორის.

არადა თამბაქოს უმდიდრეს და გავლენიან ინდუსტრიას სწორედ ახალი თაობა ჰყავს მიზანში ამოღებული, მათ შორის მოზარდები, ქალები და გოგონები. ვინაიდან, გლობალურად, მწეველი ქალების რიცხვი ჩამორჩება მწეველი მამაკაცების რაოდენობას, ინდუსტრია საგანგებოდ მუშაობს იმისთვის, რომ ქალებს თამბაქოს ახალი პროდუქტები "მოარგოს", მიიზიდოს და მამაკაცების მაჩვენებელს „დაუახლოოს“.

ახალ თაობაზე გავლენის მოხდენას თამბაქოს ინდუსტრია, ძირითადად, ახალი პროდუქტებით ელექტროსიგარეტებით (ვეიპი), გასახურებელი თამბაქოთი (აიქოსი) და ნიკოტინის ბალიშებით ცდილობს. ყველა მათგანი საკმაოდ პოპულარულია ახალგაზრდებში და მათ შორის, არასრულწლოვანებში.

როგორ "იტყუებს" თამბაქოს ინდუსტრია ახალ მწეველებს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ტრადიციული სიგარეტის პოპულარობა მთელს მსოფლიოში კლებულობს. მცირდება სიგარეტის მომხმარებელთა რიცხვი, რომელთა ჩანაცვლებასაც ინდუსტრია ახალი მომხმარებლებით ცდილობს - ეს ახალი მომხმარებელი კი ახალგაზრდობაა, მეტწილად მოზარდები, რომლებსაც სწორედ ელექტრონული პროდუქტებით იზიდავს, რომლებიც მოსაწევად კომფორტულია, არ აქვს სუნი და ინდუსტრია მათ ისე „ასაღებს“, როგორც სიგარეტთან შედარებით, ნაკლებად მავნეს.

„სინამდვილეში მატულობს მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ ნიკოტინის შემცველი ელექტრონული პროდუქტები ისეთივე მავნებელია, როგორიც ჩვეულებრივი თამბაქოს მოხმარება. ბევრი დამოუკიდებელი კვლევა მიუთითებს, რომ ისინი ფილტვის სხვადასხვაგვარ დაზიანებას და დამოკიდებულებას იწვევენ. ერთგვარი კარიბჭის როლს ასრულებენ, რომლის შემდეგ ადამიანები მარტივად გადადიან სიგარეტის გამოყენებაზე.

როგორც წესი, მათი მარკეტინგული სვლები რეგულაციებს უსხლტება და მეტი საშუალება აქვთ, ახალი პროდუქტები მიმზიდველად და სასურველად წარმოაჩინონ ახალგაზრდისთვის, სწორედ რომ მიზნობრივად ირჩევენ ახალგაზრდას, რათა მოხიბლონ დიზაინით, სუნით, არომატით, სატყუარასავით იტყუებენ ახალ მომხმარებლებს.

თამბაქო იწვევს მძიმე არაგადამდებ დაავადებებს და ნაადრევ სიკვდილს. ეს უკვე ბევრმა გააცნობიერა და მისი პოპულარობაც იკლებს. ინდუსტრია კი ცდილობს ის ახალი პროდუქტით ჩაანაცვლოს და ახალი მომხმარებელი მიიზიდოს, ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია მოზარდები. თუ მათ ამ პროდუქტს მიაწოდებენ მიმზიდველი ფორმით, ისინი ებმებიან ამ უხილავ ჯაჭვში. მისგან თავის დაღწევა კი ძალიან ძნელია, სამაგიეროდ ადვილად გადაჰყავს ადამიანი ტრადიციული სიგარეტის მოხმარებაზე“ - ამბობს ნუკა მაღლაკელიძე, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სპეციალისტი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის კონსულტანტი პროექტ "გაჯანსაღდის" ფარგლებში გავრცელებულ კითხვებზე პასუხისას.

"ვეიპი" რეგულაციებს მიღმა რჩება

ნუკა მაღლაკელიძის თქმით, "ვეიპი" თავად ინდუსტრიის მიერ მოწოდებული ტერმინია, რათა ეს პროდუქტი სხვა ჭრილში განიხილებოდეს და თამბაქოსთან დაკავშირებულ რეგულაციებს გამოეყოს.

„სინამდვილეში ესეც თამბაქოა, ოდნავ შეცვლილია კვამლის ორგანიზმში შესვლის ფორმა. სამაგიეროდ, რეგულაციები მის მიმართ უფრო სუსტია. არ ვრცელდება ის აკრძალვები, რაც ტრადიციულ სიგარეტზე და ამას კარგად იყენებს ინდუსტრია - მასში ამატებს უამრავი სახეობის არომატს, სტიმულატორს და ნივთიერებებს, რომლებიც ყველა ბოლომდე გაშიფრული არ არის“, - ამბობს ექსპერტი.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, ელექტროსიგარეტს შეიძლება ეწეროს, რომ ნიკოტონს არ შეიცავს, მაგრამ მაისში ნიკოტინის შემცველობა მაინც ფიქსირდებოდეს.

ტრადიციულ სიგარეტთან შედარებით, ზოგიერთი ნივთიერება შეიძლება 90-95%-ითაც კი იყოს შემცირებული, მაგრამ პოტენციურ რისკს წარმოადგენენ არომატები, რომელთა გახურების დროს კანცეროგენური ნივთიერებები წარმოიქმნება.

რაც შეეხება ნიკოტინის ბალიშებს, მათშინიკოტინის მაღალი კონცენტრაცია (≈50 მგ) ფიქსირდება და ძლიერ დამოკიდებულებას იწვევს.

სტატისტიკა 13-15 წლის მოზარდებში

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველოში 13-15 წლის მოზარდებს შორის თამბაქოს რომელიმე პროდუქტს ამჟამად მოსწავლეთა 14.0% მოიხმარს, (აქედან ვაჟების 16.3% და გოგონების 11.2%).

ელექტრონულ სიგარეტებს ამჟამად მოსწავლეთა 11.3% მოიხმარს, ვაჟების 12.3% და გოგონების10.4%

მოსწავლეთა 35.7% თამბაქოს კვამლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფება სახლში

მოსწავლეთა 36.6% კი თამბაქოს კვამლის ზემოქმედების ქვეშ დახურულ საზოგადოებრივ შენობებში ექცევა.