საშობაო ყვავილი
"შობის ვარსკვლავი" - ასე უწოდეს ადამიანებმა მშვენიერ მცენარეს, რომელიც ზამთარში ყვავილობს და ყველას ხიბლავს. შობის ვარსკვლავს მეორე სახელიც აქვს - პუანსეტია. ცნობილია, რომ ეს მცენარე სპეციალისტებმა 1833 წელს აღწერეს - მას შემდეგ, რაც მოყვარულმა ბოტანიკოსმა პოინსეტმა უცხო, ეგზოტიკური მცენარე მექსიკიდან აშშ-ში ჩაიტანა, მეცნიერული დასახელებაც ბოტანიკოსის გვარს დაუკავშირდა. პუანსეტია ევროპაში შობა-ახალი წლის განუყოფელი ნაწილია, ამიტომ ეს ყვავილი დეკემბერ-იანვარში მილიონობით იყიდება. ბოლო წლებში მისი ჩუქების ტრადიცია საქართველოშიც დამკვიდრდა და დღეს შობის ვარსკვლავი არაერთ ოჯახს ამშვენებს. რატომ არის პუანსეტია განსაკუთრებული მცენარე და როგორ უნდა გავახაროთ ოჯახურ გარემოში? - ამის თაობაზე გვესაუბრება ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ნინო გოცაძე.
ნინო გოცაძე:
- პუანსეტია მართლაც ძალიან ლამაზი მცენარეა. მექსიკისა და ცენტრალური ამერიკის ტროპიკულ ტყეებში ის ველურად იზრდება, ბუნებაში მისი სიმაღლე სამ მეტრსაც აღწევს, ოჯახურ პირობებში კი ამ მცენარის სიმაღლე, საშუალოდ, 40-45 სანტიმეტრია. პუანსეტია დეკორატიული მცენარეა, რომელიც მთელ მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
- რატომ დაარქვეს მას "შობის ვარსკვლავი"?
- მისი ყვავილობა შობა-ახალი წლის დღეებს ემთხვევა. მისი ფოთლები ვარსკვლავის ფორმისაა და ზემოდან თუ დავხედავთ, პუანსეტია ვარსკვლავივით კაშკაშებს. ბევრს ჰგონია, რომ ეს მისი ყვავილებია, მაგრამ არა - ეს ფოთლებია, რომელიც დეკემბერში იწყებს გაწითლებას. რადგან წითელი ფერი დღესასწაულთან ასოცირდება, პუანსეტია შობა-ახალი წლის დღეებში განსაკუთრებულ განწყობას ქმნის, ამიტომ დაარქვეს მას "შობის ვარსკვლავი". არსებობს პუანსეტიას მრავალი ჯიში: თეთრფოთლიანი, ყვითელფოთლიანი, ვარდისფერფოთლიანი, ზოგჯერ მისი ფოთლები დაწინწკლული ან ზოლებიანია.
- როგორ ყვავილობს შობის ვარსკვლავი?
- პუანსეტიას მწვანე ფოთლები თანდათან იღებს წითელ, ვარდისფერ ან თეთრ შეფერილობას, რაც ძალზე შთამბეჭდავი სანახავია. დაყვავილების შემდეგ მცენარე ძველ სილამაზეს კარგავს და თუ სათანადოდ არ მოვუვლით, შეიძლება მოკვდეს კიდეც, მიუხედავად იმისა, რომ მრავალწლიანი მცენარეა.
- როგორი მოვლაა საჭირო, რომ "შობის ვარსკვლავმა" წლების განმავლობაში იცოცხლოს?
- თუ სათანადოდ მოვუვლით, პუანსეტია მომდევნო ზამთარშიც გაგვახარებს ფერადი ლამაზი ყვავილებითა და ფოთლებით. სასურველია, მისი ქოთანი ფანჯრის რაფაზე შემოვდგათ, ოღონდ მზის სხივები პირდაპირ არ უნდა ეცემოდეს: მზე პუანსეტიას ფოთლებს წვავს და აზიანებს. მისთვის ოპტიმალური ტემპერატურა 16-25°ჩ-ია. კარგად რომ გაიხაროს, შობის ვარსკვლავს მაღალი ტენიანობაც სჭირდება - იქ, სადაც მისი ქოთანია, ჰაერის ტენიანობა 60-65% მაინც უნდა იყოს. თუ ოთახის ჰაერი მშრალია, მცენარე მოიწყენს და გამოიფიტება. ამიტომ, თუ პუანსეტიას ქოთანი ისეთ ოთახში დგას, სადაც გამათბობელია ჩართული და ჰაერი შრება, ყვავილს წყალი დღეში ორჯერ უნდა შევასხუროთ. ამასთან, უნდა მოვრწყოთ კიდეც, თუ მიწის ზედა ფენა გამომშრალია. ეს როგორ უნდა შევამოწმოთ? - მიწის ზედა ნაწილი თითით უნდა გადავფხიკოთ და თუ 0,5 ან 1 სმ-ის სიღრმეზე მიწა გამომშრალია, ესე იგი, მცენარე მოსარწყავია. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ქოთანს კარგი დრენირება უნდა ჰქონდეს და მისგან გამოსული წყალი თეფშზე არ უნდა დავტოვოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფესვები დაინესტება და მცენარე ხმობას დაიწყებს.