ის მკვლელი და ნამდვილი კრიმინალია, რომელმაც მამაკაცს ქუჩაში ესროლა და მოკლა. თუმცა, ბევრი ამერიკელი მას გულწრფელად თანაუგრძნობს და თანამედროვე რობინ ჰუდსა და გრაფ მონტე-კრისტოს ადარებს. დღეს მოგიყვებით, ვინ არის ლუიჯი მანჯიონე და რამ უბიძგა დანაშაულის ჩადენისკენ:
4 დეკემბერს მანჰეტენზე ამერიკული სადაზღვევო კომპანია United Healthcare-ის ხელმძღვანელი ბრაიან ტომპსონი დახვრიტეს. ორგანიზაცია, წლიური შემოსავლის მიხედვით, მხოლოდ Google-ის, Apple-ისა და Walmart-ის შედეგს ჩამორჩება. ცხედრის მახლობლად პოლიციამ სამი ტყვია აღმოაჩინა.
რამდენიმე დღის შემდეგ მკვლელი იპოვეს. 26 წლის ლუიჯი მანჯიონე სტუდენტი და ერთ-ერთი უმდიდრესი ამერიკელი ოჯახის შთამომავალი აღმოჩნდა. ახლა ყველას აინტერესებს, რატომ ჩაიდინა მან სასტიკი მკვლელობა.
ბიჭმა ბილტმორში პრესტიჟული კერძო სკოლა დაამთავრა. შემდეგ კი პენსილვანიის უნივერსიტეტი ინფორმაციისა და კომპიუტერული მეცნიერების სპეციალობით დაასრულა. ლოგიკური ნაბიჯი დიდ კორპორაციაში წარმატებული კარიერა უნდა ყოფილიყო, მაგრამ, მან სხვა გზა აირჩია...
2024 წლის 4 დეკემბერს მან ბრაიან ტომპსონი სასტუმრო "ჰილტონიდან" გასვლისას დახვრიტა. მის კვალს მაშინვე ვერ მიაკვლიეს. პოლიციას 5 დღე დასჭირდა, რომ ლუიჯი დაეკავებინათ.
თუმცა, ვიდრე ახალგაზრდა მამაკაცი მკვლელობის ადგილიდან მიიმალებოდა, მან ტყვიებზე შემდეგი მესიჯები დატოვა: "უარი. დაიცავი. დაანგრიე.“ ახლა ეს წარწერა ნიუ-იორკის არაერთ შენობას მიაწერეს და სოციალურ ქსელებშიც ხშირად წერენ. რაც არ უნდა გასაოცარი იყოს, ბევრმა ამერიკელმა ლუიჯის სოლიდარობა გამოუცხადა.
ალბათ, ეს სოლიდარობა იმან გამოიწვია, რომ მოკლული ბიზნესმენი არაერთ სასტიკ დანაშაულში იყო ბრალდებული. უფრო ზუსტად, ბრაიან ტომპსონს ათასობით ადამიანის მკვლელობაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ მისი სადაზღვევო კომპანია აბსოლუტურად არაგამჭვირვალედ და არასამართლიანად მუშაობდა, რამაც არაერთი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია. მკვლელობას, ტომპსონის მისამართით არაერთი ბრალდება უძღოდა წინ. დაზარალებული ადამიანები წერდნენ, რომ მათ დროული ჰოსპიტალიზაცია არ გაეწიათ, ექიმები არც ყურადღებას აქცევდნენ და ანტისანიტარიაზეც საუბრობდნენ, რამაც არაერთი პაციენტი შეიწირა.
"ლუიჯიმ მოკლა ერთი ადამიანი, რათა ათასობით სხვა ადამიანი გადაერჩინა.“ - წერდნენ სოციალური ქსელის მომხმარებლები. ამ მიზეზით მას რობინ ჰუდსა და გრაფი მონტე-კრისტოს ადარებენ.
ფაქტს ლუიჯის ოჯახი გამოეხმაურა და მას დიდი ტრაგედია უწოდა. ისინი აღნიშნავენ, რომ გარდაცვლილი ბიზნესმენის სულისა და მისი ოჯახის წევრებისათვის ლოცულობენ.
ბევრმა ადამიანმა ლუიჯის ქმედების რომანტიზება დაიწყო. ისინი წერდნენ, რომ მდიდარი ბიჭი, რომელმაც გადაწყვიტა, ღარიბი ადამიანების უფლებები დაეცვა, ნამდვილად პატივისცემის ღირსია.
უცნობია, კონკრეტულად რა მოტივი ჰქონდა ახალგაზრდა მამაკაცს, რომ მკვლელობა ჩაედინა. ამჟამად მისი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ტომპსონის მკვლელობამ საერთაშორისო მედიის ყურადღება მიიპყრო და გადაწყვეტილების მიმღები პირები ჯანდაცვის სისტემაში არსებულ ხარვეზებზე კიდევ ერთხელ დააფიქრა.