რა არის ჰომოცისტეინი და რას გამოიწვევს ის, თუ ადამიანს სისხლში ჭარბად ექნება - ექიმი გიორგი ღოღობერიძე გადაცემაში "როგორ გადავრჩი" პრობლემის შესახებ საუბრობს:
- ჰიპერჰომოცისტინემია ეს არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ადამიანის სისხლში ჭარბი რაოდენობის ჰომოცისტეინია. ჰომოცისტეინი სისხლძარღვებს აზიანებს. თუ სისხლძარღვები დაზიანდება, მაშინ ისინი თრომბოზისკენ მარტივად მიდრეკილნი გახდებიან. ანუ დაითრომბებიან. თუ თრომბოზი გულის მკვებავ სისხლძარღვებში განვითარდება, ის მიოკარდიუმის ინფარქტს გამოიწვევს. ასევე, შესაძლოა, თავის ტვინის მკვებავ სისხლძარღვებში განვითარდეს და ინსულტი გამოიწვიოს. შესაძლოა, იგივე მოვლენები სხვა ორგანოებშიც მოჰყვეს. თუმცა, გული და თავის ტვინი განსაკუთრებით ზიანდება. ჭარბი რაოდენობის ჰომოცისტეინი მხოლოდ თრომბოზს არ იწვევს. ის ასევე მოტეხილობების განვითარებასაც ხელს უწყობს. როცა ადამიანს სისხლში ჰომოცისტეინი დიდი რაოდენობით აქვს, ეს მას ძვლების მოტეხილობისკენ მიდრეკილს ხდის. ირღვევა ნეირიფსიქიატრიული ბალანსიც. ადამიანს შესაძლოა, მეხსიერება გაუუარესდეს და ვასკულური დემენციები განუვითარდეს.
- ეს შეიძლება, ვიტამინ B6-ის, B9-ის და B12-ის ნაკლებობამ გამოიწვიოს. თუ ადამიანს რომელიმე ეს ვიტამინი აკლია, თუნდაც ერთი, მაშინ ის ჭარბი რაოდენობის ჰომოცისტეინის გამო თრომბოზებისკენ მიდრეკილი ხდება.
ამ ვიტამინების ნაკლებობა შეიძლება, ძალიან ბევრ ადამიანს ჰქონდეს. ყოველდღიურობაში, ის საკვები, რომლებსაც ვიღებთ, ამ ვიტამინების საკმარის რაოდენობას ვერ უზრუნველყოფს. ეს ყველაზე ხშირი მიზეზია.
ასევე, აღსანიშნავია ასაკი. ბავშვებსა და დიდებშიც საკმაოდ ხშირია.
ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების სტილიც გავლენას ახდენს. მაგალითად, ალკოჰოლის მოხმარება სისხლში ჰომოცისტეინის რაოდენობის მომატებას განაპირობებს. ასევე, მწეველობაც ხელს უწყობს ჰომოცისტეინის რაოდენობის როგორც ზრდას, ასევე მისი ტოქსიკურობის გამძაფრებას.
- პირველ რიგში, საჭიროა, დადგინდეს, ადამიანს რის გამო აქვს მაღალი ჰომოცისტეინი. მას შეიძლება ბევრი მიზეზი ჰქონდეს და არა მარტო ვიტამინების ნაკლებობა განაპირობებდეს, ასევე, შეიძლება, გენეტიკურიც იყოს. თუ დადგინდება, რომ ვიტამინების ნაკლებობითაა გამოწვეული, მაშინ ის უნდა შეივსოთ.
თუ ჰომოცისტეინის შემცველობას დავწევთ, მიოკარდიუმის ინფარქტის რისკი შემცირდება. მაგრამ, ინსულტის რისკი სამწუხაროდ მაინც უცვლელი რჩება. ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, რა არის ამის მიზეზი. ბევრი თეორია არსებობს, თუმცა ჯერჯერობით ეს თეორიები თეორიებად რჩება.
მაგრამ, ყველანი ვთანხმდებით იმ ფაქტზე, რომ ჭარბი რაოდენობის ჰომოცისტეინი სახიფათოა.