„შიმშილობა რომ შევწყვიტო, ჩავთვლი, რომ თანაზიარი ვარ ამ უსამართლობის“ - მე-16 დღეა, მზია ამაღლობელი შიმშილობს - მშობლები

„შიმშილობა რომ შევწყვიტო, ჩავთვლი, რომ თანაზიარი ვარ ამ უსამართლობის“ - მე-16 დღეა, მზია ამაღლობელი შიმშილობს

2025-01-27 08:35:02+04:00

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი მე-15 დღეა შიმშილობს პროტესტის ნიშნად.

„შიმშილობა რომ შევწყვიტო, ჩავთვლი, რომ თანაზიარი ვარ ამ უსამართლობის“, - უთხრა მზია ამაღლობელმა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეს, ნონა ქურდოვანიძეს.
„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი 11 -12 იანვრის ღამეს ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო”, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა.
უწყვეტი პროტესტის მე-60 დღე გაილია.
ჟურნალისტი და მზია ამაღლობელის კოლეგა ნინა ბაიდაური სოციალურ ქსელში წერს:
"მეთექვსმეტე დღე დაიწყო, მზია ამაღლობელი ივანიშვილის ტყვეა.
მე-16 დღე დაიწყო, შიმშილობს.
შიმშილობის მე-15 დღის ბოლოს ვეღარც თავს მოვიტყუებთ და ვეღარც სხვას, რომ მზია მხნედაა და „სტაბილურად გამოიყურება”.
არ ვიცით, მზია როგორაა.
როგორ „სტაბილურადაც“ არ უნდა გამოიყურებოდეს დღეს, საათი წიკწიკებს.
ნეტგაზეთისა და ბათუმელების მთავარი რედაქტორები პარლამენტის წინ დგანან ღამის ორ საათზე – თავისუფლება მზიას.
ქოცებზე კი არა, ყველაზე ვბრაზობ, საკუთარ თავზე, ჩვენზე, პროტესტზე, პროტესტის ყველა კრეატიულ იდეაზე, განხორციელებულზე და განსახორციელებელზე, პროტესტის ყველა კრიტიკაზე.
მზიაზეც კი, რომ ის ასეთი შეუვალი, პრინციპული და თავგანწირულია და მე ვერაფერი მომიფიქრებია, გარდა იმისა, რომ დღეები ვუთვალო, აბააა, რამდენი ხანია ებრძვის რეჟიმს და უსამართლობას იმ ერთადერთი გზით, რაც დაუტოვეს – ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკის ფასად.
მზიას მიმართ სოლიდარობის ნიშნად შიმშილობენ ივანიშვილის სხვა ტყვეები – ნიკოლოზ ჯავახიშვილი და რეზო კიკნაძე. ამათი საათიც აწიკწიკდება.
და მაგ დროს, რომელ მარშზე რომელი ბანერი რომლის გვერდით დადგეს და რომელი საინფორმაციოს პირდაპირ ეთერს დაემთხვეს სტარტი, მაგაზე ვიკამათებთ ისევ რუპორებში?"