29 წლის ტიმოთი შალამე დღეს ჰოლივუდის მეგავარსკვლავია, რომელიც ყველაზე მოთხოვნადია რეჟისორებს შორის. "ოსკარის" ორი ნომინაცია, ოთხი - "ოქროს გლობუსის" და ოთხი - "ბაფტასი" - ეს მისი მიღწევების მცირე ჩამონათვალია. სულ მალე კი "ოსკარების" მორიგი ნომინაცია ელის.
ტიმოთი 1995 წლის 27 დეკემბერს დაიბადა ნიუ-იორკში, მოცეკვავე ნიკოლ ფლენდერისა და მთარგმნელ მარკ შალამეს ოჯახში. მამამისი ფრანგია, დედა - აშკენაზელი ებრაელი, რომლის წინაპრები ბელარუსიდან იყვნენ. ტიმოთის ჰყავს ასევე უფროსი პოლინ შალამე, რომელიც ასევე მსახიობია. მისი ბიძა როდმან ფლენდერი მსახიობი და რეჟისორია, ხოლო დედია - ემი ლიპლმანი, სატელევიზიო პროდიუსერი და სცენარისტი. ტიმოთის ბაბუაც ცნობილი ადამიანი იყო - მწერალი და სცენარისტი ჰაროლდ ფლენდერი.
ნათესავების წყალობით ტიმოთის სულ ჰქონდა შეხება კინოსამყაროსთან და ტელევიზიასთან. ასევე განსაკუთრებულად იხსენებს საფრანგეთში, ლიონში გატარებულ ზაფხულებს - იქ მისი მამის მშობლები ცხოვრობდნენ.
მოზარდობის პერიოდში ტიმოთი უფრო ფეხბურთელობაზე ოცნებობდა, თუმცა მსახიობობაც განსაკუთრებულ სიამოვნებას ანიჭებდა. 15 წლისა იუთუბ-არხს უძღვებოდა, როგორც კომენტატორი. გატაცებული იყო ჰიპ-ჰოპ მუსიკით და თავადაც მღეროდა. სიმღერის ნიჭი ახალ ფილმშიც გამოადგა, სადაც ლეგენდარული ბობ დილანი განასახიერა და ამ როლისთვის "ოსკარზეც" არის წარდგენული.
შალამე მუსიკისა და საშემსრულებლო ხელოვნების უმაღლეს სკოლაში სწავლობდა, მერე კი კოლუმბიის უნივერსიტეტში კულტურულ ანთროპოლოგიას სწავლობდა. შემდეგ ნიუ-იორკის უნივერსიტეტში გალატინის სახელობის სამსახიობო ინდივიდუალური სკოლა დაამთავრა და დაიწყო სამსახიობო კარიერაზე ზრუნვა. როგორც თავად ამბობს, გარდამტეხი ამ გადაწყვეტილების მიღებისას იყო ჰიტ ლეჯერის ნახვა ფილმში "ბნელი რაინდი". ჰიტ ლეჯერის გარდა, მსახიობებიდან მისი კერპები არიან ლეონარდო დიკაპრიო და ჰუაკინ ფენიქსი.
დღეს ტიმოთი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული მსახიობია, უამრავი როლით, ჯილდოთი და მაღალი ჰონორარებით.
რაც შეეხება პირად ცხოვრებას, ძირითადად ნიო-იორკსა და კალიფორნიაში ცხოვრობს და არ უყვარს პირადი ცხოვრების დეტალების გასაჯაროება. ბოლო ერთი წელია ამერიკელ მილიარდერსა და მოდელს, კაილი ჯენერს ხვდება.