ბრიჯიტ ბარდო ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და მშვენიერ ფრანგ მსახიობად ითვლება. როგორც თავად ამბობს ხოლმე, უმეტეს შემთხვევაში ის საკუთარ თავს თამაშობდა ფილმებში. "მე არასდროს მიმიღია ჩემი გმირების ტყავი, პირიქით, ჩემს შტრიხებს ვამატებდი ხოლმე მათ", - ამბობს ის.
ცნობილი ლამაზმანი, რომელიც ათწლეულები მიიჩნეოდა მსოფლიოს ერთ-ერთ ულამაზეს ქალად, 2024 წელს 90 წლის გახდა. ამ ასაკს მხნედ, თუმცა ყავარჯნებით შეხვდა. რასაკვირველია, საყვარელ ძაღლებთან ერთად.
ბრიჯიტ ბარდო არის მსახიობი, მოდელი, 1950-60-იანი წლების სექს-სიმბოლო და ცნობილ ადამიანებს შორის ერთ-ერთი პირველი, ვინც ჯერ კიდევ 1970-იანი წლებიდან იბრძვის ცხოველების უფლებებისთვის და დამაარსებელია ფონდის, რომელიც ასევე ცხოველთა დაცვაზეა ორიენტურებული. მისი სრული სახელი და გვარი ბრიჯიტ ანა-მარო ბარდო.ა 1934 წლის 28 სექტემბერს დაიბადა პარიზში. დედა, ანა მარი მიუსელი ასევე პარიზში იყო დაბადებული და მილანში გაზრდილი. მამა, ლუი ბარდოც პარიზელი გახლდათ. ინჟინერი იყო და მამამისთან ერთად ოჯახურ ფირმაში მუშაობდა. გატაცებული იყო ფოტოგრაფიით და პოეზიით, რამდენიმე წიგნიც კი გამოსცა. ბრიჯიტის თქმით, მამის შემოქმედებითობამ მასზე დიდი გავლენა მოახდინა.
ბრიჯიტი კათოლიკური ტრადიციებით აღზარდეს. უმცროს დასთან ერთად კათოლიკურ სკოლაში დადიოდა. რამდენიმე ძიძა გამოიცვალა, რომელთაგან ერთი იტალიელი იყო და ბრიჯიტს იტალიური ასწავლა.
ბავშვობაში ბრიჯიტი სულაც არ მიაჩნდათ ლამაზად. ალერგიული გამონაყარი ჰქონდა ხშირად და ახლომხედველობის გამო სათვალეს ატარებდა, კბილებზეც წლები ეკეთა ბრეკეტები და მოგვიანებით ამბობდა, რომ რცხვენოდა თავისი გარეგნობის. ამბობს, რომ უხასიათოც იყო. მისი ბიოგრაფები იმასაც ამტკიცებენ, რომ ბრიჯიტის და მიჟანა იყო მშობლების ფავორიტი, ხოლო ბრიჯიტს "საძაგელ იხვის ჭუკად" მიიჩნევდნენ.
ბრიჯიტის დედას ძალიან უყვარდა ბალეტი. ახალგაზრდობაში თავადაც ცეკვავდა და ბავშვებსაც უღვივებდა ცეკვისა და მუსიკის სიყვარულს. 7 წლიდან ორივე და დადიოდა ბალეტზე. სწორედ ცეკვა და სცენაზე გამოსვლა დაეხმარა ბრიჯიტს სიმორცხვის დაძლევაში და უფრო თავდაჯერებული გახადა. მისმა დამ მალე მიატოვა ცეკვა და სწავლაზე გადაერთო. ბრიჯიტს კი დიდად არ უყვარდა სწავლა, ამიტომ საბალეტო კარიერაზე გადაერთო.
1947 წელს მუსიკისა და ცეკვის უმაღლეს ეროვნულ კონსერვატორიაში მიიღეს, სადაც საკმაოდ დიდი კონკურსის გავლა მოუწია. მომდევნო წლები პროფესიონალურ ბალეტს მიუძღვნა. მისი კოლეგების თქმით, საკმაოდ გრაციოზული და პლასტიკური იყო, თუმცა ასევე ნელი, არც ისე ძლიერი და არასაკმარისად შრომისმოყვარე. პედაგოგები ხშირად ეუბნებოდნენ, რომ მეტი შრომით და სიბეჯითით დიდ სიმაღლეებს დაიპყრობდა, თუმცა ბრიჯიტს მეტი არ შეეძლო. თანაც, როგორც თავად იხსენებდა, ერთ-ერთი ბოლო პედაგოგი - კნიაზევი, საკმაოდ მკაცრი და უხეში იყო, მათრახი ეჭირა და შეცდომების დროს ბალერინებს "უმასპინძლდებოდა". ბრიჯიტს არაერთხელ მოხვედრია ეს მათრახი.
1948 წელს ბარდოს დედამ გადაწყვიტა, მოდური სამოსის მაღაზია გაეხსნა. ის აღტაცებული იყო დიზაინერ ჟან ბარტეს ნამუშევრებით და 949 წლის იანვარში მისი კოლექციის ჩვენება მოაწყო. მანეკენად კი ბრიჯიტიც დააყენა. მოგვიანებით მისმა ნაცნობმა, მოდური ჟურნალის რედაქტორმა მარი-ფრანს დე ლა ვილიუშმა ნახა ბრიჯიტი და შესთავაზა, ჟურნალისთვის ბრიჯიტის ფოტოგადაღება მოეწყოთ. თანაც, არა ფულზე და არა როგორც მანეკენი, არამედ, როგორც "გოგონა მაღალი წრიდან". ბრიჯიტს იდეა მოეწონა და დათანხმდა. მისი ფოტოები Elle-ის მაშინდელმა რედაქტორმა ნახა და ჟურნალის გარეკანისთვის გადაიღო. ის ფიქრობდა, რომ ბრიჯიტი მომავლის ქალი და მომავლის მოდელი იყო. არც შემცდარა.
შემდეგ წელს ისევ გადაიღეს ჟურნალისთვის, რომელიც შემთხვევით ნახა რეჟისორმა როჟე ვადიმმა. მაშინ ის რეჟისორ მარკ ალეგრეს თანაშემწედ მუშაობდა და მასაც აჩვენა ფოტოები. ბრიჯიტი მიიწვიეს სინჯებზე ფილმისა "დაფნა მოწყვეტილია". მკაცრ მშობლებს არ უნდოდათ მისი გაშვება, მათ კინო ვულგარულად მიაჩნდათ, მსახიობის პროფესია კი შეუსაბამოდ. თუმცა ბარდოს ბაბუამ ისინი დაარწმუნა, გოგონასთვის შანსი მიეცათ.
მისცეს კიდეც და ნამდვილი ვარსკვლავიც ამობრწყინდა. მისი გარეგნობით, გრაციოზულობით, დახვეწილი ფორმებით და ბალერინის სიარულის მანერით მოხიბლული რეჟისორები ერთმანეთს ასწრებდნენ წინადადებებს. ბრიჯიტი ჩნდებოდა ახალ-ახალ ფილმებში, რეკლამებში, ჟურნალების გარეკანებზე. არაერთხელ აღიარეს არა მხოლოდ საფრანგეთის, არამედ მსოფლიოს ულამაზეს ქალად.
ბრიჯიტის პიროვნება საკამათო და ორაზროვანია. ზოგი თვლის, რომ ის სილამაზისა და ქალურობის ეტალონია, ზოგი კი მიიჩნევს, რომ მსახიობი ცოდვისა და დამცირების განსახიერებაა. როგორც არ უნდა იყოს, ორივე მხარე თანხმდება, რომ ბარდო ძალიან ცუდი დედაა.
მსახიობსა და მოდელს ათასობით რომანი ჰქონდა, მაგრამ მისი ნამდვილი ურთიერთობები შეიძლება ერთი ხელის თითებზე ჩამოთვალოთ. ბრიჯიტის პირველი შეყვარებული როჟე ვადიმი იყო, რომელმაც უდიდესი გავლენა მოახდინა მასზე და წვლილი შეიტანა მის ბევრ წარმატებაში.
მეორე ქმარმა, ჟაკ შარიემ კი მსახიობს მოულოდნელი შვილი აჩუქა.
როგორც ცნობილია, ბრიჯიტს არასდროს უნდოდა, რომ დედა გამხდარიყო. საკუთარ თავზეც კი ვერ ზრუნავდა. მან შეიძულა საკუთარი ვაჟი, ჯერ კიდევ დაბადებამდე. ფიქრობდა, რომ მან წაართვა ახალგაზრდობა და სილამაზე. ბარდო ჯერ კიდევ მის დაბადებამდე ოცნებობდა ბავშვის მოცილებაზე, მაგრამ ფრანგული კანონი ამას კრძალავდა, ამიტომ ყველა ექიმმა უარი უთხრა აბორტის გაკეთებაზე.
სასოწარკვეთილი ბრიჯიტი თავისი ძალებით ცდილობდა ბავშვის მოშორებას. სვამდა სხვადასხვა წამალს. სიტუაცია გაამძაფრა პაპარაცების დაუსრულებელმა ყურადღებამ, რომლებიც მათი სახლის წინ იდგნენ და ელოდნენ, როდის გადაუღებდნენ ორსულ მსახიობს ფოტოებს. ზოგიერთი მათგანი მეზობლის სახურავზეც კი იჯდა და ელოდა ბრიჯიტის გამოჩენას.
ორსულობის ბოლო თვეებში მსახიობი ფარდებსაც კი აღარ ხსნიდა და იძულებული გახდა, სახლში ემშობიარა.
ნიკოლია-ჟაკის დაბადების შემდეგ არაფერი შეცვლილა. ბრიჯიტი ზრუნავდა ქმარსა და შვილზე, როგორც შეეძლო, მაგრამ არანაირი დედური ინსტინქტი არ ჰქონდა თავისი შვილისადმი. 1962 წელს ის ქმარსაც გაშორდა და შვილიც მას გადასცა.
წლების განმავლობაში ბავშვს ხანდახან ხვდებოდა, თუმცა ზოგიერთი ბიოგრაფის თქმით, ეს მხოლოდ პიარისთვის კეთდებოდა.
1996 წელს ბარდომ გამოაქვეყნა ავტობიოგრაფიული წიგნი, რომელშიც საკუთარ შვილი ასეა მოხსენიებული: "კიბო, რომელიც ჩემი სხეულიდან 9 თვის განმავლობაში იკვებებოდა". შემდეგ წელს, მისმა 37 წლის შვილმა მოითხოვა მორალური კომპენსაცია - 10 ათას ფუნტზე მეტი. ასევე, ბიჭის ადვოკატებმა გაიხსენეს ბრიჯიტის სიტყვები, რომ დიდი სიხარულით გააჩენდა ძაღლს ნიკოლა-ჟაკის ნაცვლად, რომ შეძლებოდა. რაც ყველაზე გასაოცარია, იმავეს ამბობდა ბარდო უკვე გაზრდილ შვილზე.
ბარდოს ვაჟი ამჟამად ნორვეგიაში ცხოვრობს, ცოლი და ორი ქალიშვილი ჰყავს. ბარდო ამბობდა ცოტა ხნის წინ: "ჩემი შვილი მემალება სკანდინავიაში და არ მაჩვენებს თავისი ოჯახის წევრებს". ნიკოლას პასუხი მარტივი იყო: "მას თავისი ზღვის გოჭები უყვარს, მე კი - ჩემი ცოლი".
რამდენიმე წლის შემდეგ მან გაუგზავნა დედას თავისი ქალიშვილების ფოტო, მაგრამ ყოფილმა მსახიობმა არც ერთხელ არ დააფასა მისი ნაბიჯი და ფოტოები უკან დაუბრუნა. ახლაც კი 90 წლის ბრიჯიტსა და ნიკოლა-ჟაკს ძალიან იშვიათად აქვთ კონტაქტი: ბარდო დაკავებულია ცხოველების უფლებების დაცვით, მისი შვილი კი - პროგრამირებით.