გენეტიკოსი მაკა ჭიპაშვილი გადაცემაში "შუადღე" საუბრობს, რომელი მშობლისგან გადაეცემა ბავშვს მემკვიდრეობით გარეგნობა, ხასიათის თვისებები, დაავადებები და შეიძლება თუ არა სქესის წინასწარ დაგეგმვა:
- გენეტიკა უფრო და უფრო პოპულარული ხდება და მოსახლეობაც მეტად ინტერესდება. მიუხედავად იმისა, რომ დღეისთვის მოლეკულური ბიოლოგიისაა და მოლეკულური მედიცინის განვითარებამ ბევრ საკითხს ფარდა ახადა, ბევრი საკითხი კვლავ გაურკვეველია. რაც შეეხება ფორმირებას, უპირატესი განაყოფიერების დროს ინდივიდუალური, უნიკალური ადამიანის შექმნაა, რომლის მსგავსი გენური მასალა არც და-ძმებში მეორდება. ერთადერთი, იდენტურ ტყუპში გვაქვს ხოლმე.
ბევრი წლის განმავლობაში ითვლებოდა, რომ ყავისფერი თვალი დომინანტი, ცისფერი კი რეცესიული, სუსტი გენია. თუმცა, დღეისთვის ცნობილია, რომ თვალის ფერს პიგმენტი მელანინი განაპირობებს. იმის მიხედვით, თუ რა რაოდენობითაა თვალში, შეფერილობაც იცვლება. ხშირად ცისფერთვალება მშობლებს ყავისფერთვალება შვილი ჰყავთ ან პირიქით. ყოველთვის ერთი ხაზი არ არის. თმასთან დაკავშირებითაც ასეა.
ერთი კონკრეტული გენი პასუხისმგებელი არაფერზე არ არის. რამდენიმე გენია, რომლებიც ამას განაპირობებენ. ამიტომ, კონკრეტულ ინდივიდში რომელი გააქტიურდება, როგორ გადანაწილდება, ინდივიდის ფორმირებაც იმის მიხედვით იქნება.
თვალის ფერის ცვლილებაზეცაა საუბარი. ბავშვებს 6 თვემდე ვაკვირდებით, დარჩება თუ არა, პირობითად, ცისფერი ფერი იმიტომ, რომ ძირითადად ღია ფერის თვალი აქვთ და მერე მუქდება. თვალის ფერზე შეიძლება, გავლენა ბევრმა სხვადასხვა დაავადებამ მოახდინოს. მაგალითად, ჰერპესის ვირუსმაც კი თვალის ფერი შეიძლება შეცვალოს. ამ შემთხვევაში, ასაკს მნიშვნელობა არ აქვს.
ქალებს ორი X ქრომოსომა აქვთ. მამაკაცებს კი - XY. შესაბამისად, განაყოფიერების დროს სპერმატოზოიდი X ქრომოსომის შემცველია თუ Y-ის, მასზეა დამოკიდებული, რომელი სქესის ბავშვი დაიბადება. ამიტომ, ქალები უალტერნატივოდ ხვდებიან იმ სპერმატოზოიდს, რომელსაც მამაკაცი გამოყოფს. შესაბამისად, ბავშვის სქესის განმსაზღვრელი მამაკაცია.
რაც შეეხება ტყუპის დაბადებას, როდესაც ქალი ტყუპზეა ორსულად და გენეალოგიას ვიკვლევთ, ხშირად აღმოჩნდება, რომ სანათესაოშიც არის ტყუპი. თუმცა, ყოფილა შემთხვევები, როდესაც არც მამის და არც დედის მხრიდან გენეტიკაში ტყუპი არ ჰყოლიათ და ოჯახში პირველი ეპიზოდია. იმის თქმა, რომ ეს მამისეული ან დედისეულია, არ შეგვიძლია. ისეთ ოჯახებში, სადაც ტყუპი ჰყოლიათ, რა თქმა უნდა, ტყუპის დაბადების ტენდენცია უფრო მაღალია. მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ იქ, სადაც მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა, ტყუპი არ დაიბადება.
ადრე იყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ გოგონები უფრო მამებს ჰგვანან, ვაჟები კი - დედებს. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, გოგონები ხასიათითაც და გარეგნობითაც უფრო დედისკენ იხრებიან. აბსოლუტურად ურთიერთგამომრიცხავი რაღაცები ვრცელდება. ამ შემთხვევაშიც გააჩნია, გენების გაცვლა როგორ მოხდა.
ითვლება, რომ ინტელექტი, ხასიათი 40% გენეტიკურია, 60% კი გარემო ფაქტორებზეა დამოკიდებული. ის მოსაზრება, რომ ბავშვს ინტელექტუალური შესაძლებლობები დედისგან გადაეცემა, ალბათ, განპირობებული, რომ X ქრომოსომაშია სწორედ ბევრი ის გენი, რომლებიც გონებრივი შესაძლებლობებს განსაზღვრავს. თუმცა, ბევრი გენია, რომლებიც არა მარტო სასქესო ქრომოსომებში, სხვა ქრომოსომებშიცაა მოთავსებული და გონებრივი განვითარების ხელშემწყობიცაა. მათი დაზიანების შემთხვევაში, შესაძლოა, სხვადასხვა დაავადება გამოვლინდეს.
ვინაიდან ქალს ორი X ქრომოსომა აქვს, ერთი X კიდევ ძალიან ბევრ გენს შეიცავს, შეიძლება ითქვას, რომ დალტონიზმი, ჰემოფილია, იქთიოზი X-თან შეჭიდულია და ბავშვს დედის ხაზით გადაეცემა. მამაკაცების შემთხვევაში, დაავადებებთან დაკავშირებით ინფორმაცია ძალიან მწირია. ერთადერთი სქესის მკვეთრად დეტერმინირებაა. ამავდროულად, მიტოქონდრია დნმ-ს შეიცავს, ის კვერცხუჯრედშია. აღმოჩნდა, რომ ის ბევრ კუნთოვან დაავადებას ხელს უწყობს. ამიტომ, დედისგან ამ მხრივ უფრო მეტი დაავადება გადადის.
ასევე, საუბრობდნენ, რომ ბებიისგან, დედის ხაზით, ბავშვს მემკვიდრეობით ინტელექტუალური მონაცემები გადაეცემა, მაგრამ რომ ვთქვათ, რომ ამასთან დაკავშირებით დიდი მტკიცებულებებია, ასე არ არის.