კვირის პირველ ნახევარში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, თუმცა ტემპერატურა არ მოიმატებს, კვირის მეორე ნახევრიდან კი ნალექს უნდა ველოდოთ - ამის შესახებ სინოპტიკოსი თამარ პაპაშვილი გადაცემაში "იმედის დილა" საუბრობს:
- გუშინ თბილისშიც, კახეთშიც, სამხრეთ საქართველოში, ჩრდილო მაღალმთიან რაიონებში თოვდა. თუმცა, კვირის დასაწყისში ღრუბლები გადაიფანტება, ქარი არ იქნება, მაგრამ ღამის ტემპერატურა დაიკლებს. შიდა ქართლის, ასევე, კახეთისა და ქვემო ქართლის ტერიტორიაზე ღამის ტემპერატურა უარყოფითი იქნება. შიდა ქართლის ტერიტორიაზე (ხაშური, აგარა, გორი) -9 გრადუსამდეც კი შეიძლება დაიკლოს ტემპერატურამ. რაც შეეხება თბილისსა და კახეთს, აქ -5, -3 გრადუსის ფარგლებში იქნება.
დღის ტემპერატურასთან დაკავშირებით, ისეთი სიცივე, როგორიც გუშინ იყო, მოსალოდნელი არ არის. ეს სიცივე ოდნავ შერბილდება, ტემპერატურა მოიმატებს. თბილისში +6, +8 გრადუსამდე ავა ხუთშაბათამდე. შემდეგ, ერთი დღე ქარი და ნალექი გვექნება და შემდეგ ისევ მოიმატებს. კვირის ბოლომდე თბილისში ტემპერატურის, დაახლოებით, +12 გრადუსამდე მომატებას ველოდებით.
ხუთშაბათს დღის მეორე ნახევრიდან ამინდის პირობები კვლავ გაუარესდება. სანაპირო რაიონებში ნალექით დაიწყება, შემდეგ უკვე აჭარის მაღალმთიან ზონაში, სამხრეთ საქართველოს ვულკანურ მთიანეთზე და შემდეგ უკვე აღმოსავლეთ საქართველოში გადმოინაცვლებს. მთიან და მაღალმთიან ზონაში თოვლით დაიწყება, რაც შეეხება სანაპირო რაიონებს, წვიმაა მოსალოდნელი, მაგრამ ღამის საათებსა და გამთენიას შეიძლება, ისევ თოვლჭყაპითაც გამოიხატოს.
თბილისში, შიდა ქართლში 14 თებერვალს საკმაოდ ძლიერ დაქროლვასა და ნალექს ველოდებით, შემდეგ, ქარიც ჩადგება და გამოიდარებს.
ამ კვირაში ბაკურიანში, გუდაურში თოვლი დაემატება. უფრო მეტად, ბაკურიანში.
16 თებერვალს ჩრდილო-დასავლეთიდან წამოსული ცივი ჰაერის მასების გავლენით მოთოვს ჯერ სვანეთში, მერე უკვე სხვა ტერიტორიაზე.
კვირის დასაწყისში, პირველი-ორი ღამე ძალიან დაბალი ტემპერატურები გვექნება. შესაბამისად, გზებზე მოყინულობა გამორიცხული არ არის. შემდეგ დღეებში უღელტეხილებზე ნისლი, თოვლი დაემატება, ამიტომ მძღოლები ფრთხილად უნდა იყვნენ.