შვილებისთვის უსაყვარლესი ლეკვების ჩუქება ბევრი მშობლის სურვილია. უმრავლესობა ამ სურვილს ისრულებს კიდეც, თუმცა მოგვიანებით აცნობიერებენ, რომ ძაღლის მოვლა მარტივი საქმე არ არის. ჟურნალისტი ეკატერინე ლომიძე, რომელიც წლების იაპონური აკიტას ჯიშის ძაღლებს ზრდის, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელიც ამ თემას ეხმაურება.
"მირეკავს ვიღაც კაცი. არ მითხრა, ნომერი საიდან ჰქონდა, მაგრამ მაგას არც აქვს მნიშვნელობა. მთავარია, რაზეც მირეკავდა. მყავსო სამი შვილიო, პატარებიო და ერთ-ერთის დაბადების დღე მოდის ახლა, მინდა აკიტას ლეკვი ვაჩუქო და ბავშვებთან ერთად გაიზარდოსო. ვუხსნი, რომ ძაღლი არ არის სათამაშო და არ შეიძლება ბავშვებს გასართობად უყიდო. სულ ბავშვებთან არ ექნება შეხება, ძირითადად ეზოში იცხოვრებს და ბავშვები ხანდახან, დღის განმავლობაში ითამაშებენ მასთანო. არ მისმენს, საერთოდ არ მისმენს, მისას უბერავს. მე ვეუბნები, რომ ასე გაზრდილი აკიტა ერთ დღეს მის რომელიმე ბავშვს, ან სამივეს ერთად, მოაჭამს სახეს. პაუზა. ცოტა ხნის შემდეგ მეუბნება, ასე რამ გაგაბოროტათ ქალბატონოო. კი არ მომისმინა, კი არ აინტერესებდა რატომ შეიძლება ეს ტრაგედია დატრიალდეს, ჩათვალა, რომ მე ვარ ბოროტი და არ მინდა აკიტა ჰყავდეს.
თუ ვინმემ, აქაურმა, ფრენდმა, მეგობარმა თქვენს ნაცნობს მიეცით ჩემი ნომერი, ცოტა ხნის წინ, გთხოვთ, დაურეკეთ და უთხარით, არ არის აკიტა მისნაირი ყრუსთვის განკუთვნილი ძაღლი. გთხოვთ, დაიცავით მისი შვილები ჩერჩეტი მამისგან.
ხალხნო, ყველას უთხარით, რომ აკიტა არის ერთ-ერთი ურთულესი ძაღლი. ორი მყავს, ერთი ათ წელს გადაცდა, მეორე - შვიდს. 24 საათი ჩემ გვერდით ცხოვრობენ. არ მგონია, ვინმე ჩემსავით იცნობდეს მათ მოდგმას საქართველოში, თუნდაც ასე, ჩემსავით სახლში ჰყავდეს. მე ვაპათოლოგებ ყველაზე და ყველაფერზე, ვინც და რაც მყავს, და ვაკონტროლებ ყველა ნიუანსს. ამიტომაც ამ ულამაზეს, მაგრამ ურთულეს ძაღლებს ზედმიწევნით ვიცნობ. აგრესია ნულზე დავუყვანე, ორივე წარმოუდგენლად მშვიდობიანია, განსაკუთრებით ბავშვებთან, მაგრამ აქვთ უცნაური ფსიქიკა. არიან ბუტიები, გულში ჩადება და დამახსოვრება იციან ყველაფრის, კარგის და ცუდის. შეუძლიათ თავისი თავი ამოჭამონ იდიოტური ფიქრებით და დაიმართონ საზიზღარი დაავადებები. მეტიც, შეიძლება ის დაიმართონ, რაც თქვენ გჭირთ და ასე თქვენს დაცვას შეეცადონ, მაგრამ თვითონ განადგურდნენ. ამიტომ აკიტას ყოლა ითხოვს სერიოზულ ფსიქიკურ და ფიზიკურ ძალას, უზარმაზარ მატერიალურ, ეკონომიკურ ხარჯებს და უზომო სიყვარულს. ვინც არ დამიჯერა, ბოლოს თავში ირტყა ხელები. ჩემი აკიშოს ლეკვებისთვის საგანგებოდ ვარჩიე პატრონები. მაშინ ჯერ კიდევ ასე არ ვიცნობდი ამ ძაღლებს. ჰოდა, გთხოვთ, დამიჯერეთ - თუ ძაღლი ძალიან გინდათ და თან ბავშვისთვის, აიყვანეთ ცუგები ქუჩიდან, ლეკვიტები. ამით ერთ სიცოცხლეს გადაარჩენთ, დაიცავთ და დიდ ქულებს დაიწერთ სამყაროს წინაშე. ან უყიდეთ პუდელი, გენიალური ცუგა, რომელსაც არც ბეწვი ცვივა, არც აგრესიულია და შესანიშნავი ინტელექტის წყალობით იდეალურად იწვრთნება. აკიტებს შეეშვით, თუ მე გეტყვით, რომ სათქვენო არ არის. საერთოდაც ამ ძაღლების გამრავლებას საქართველოში ავკრძალავდი. ვისაც ეწყინება, ცივ წყალს მიეძალოს," - წერს ეკატერინე ლომიძე.