ექიმი-რეპროდუქტოლოგი მანანა მგალობლიშვილი სოციალურ ქსელში საუბრობს, როგორ უნდა მოიქცნენ ქალები კლიმაქსის დროს და რა უნდა გააკეთონ უსიამოვნო სიმპტომების შესამსუბუქებლად:
- ალები, შეხურებები, ოფლიანობა, უძილობა, გაღიზიანებულობა ბევრ ქალს აწუხებს. კლიმაქსი ფიზიოლოგიური მოვლენაა, რომლის დროსაც საკვერცხეები ფუნქციონირებას წყვეტს. მასში კვერცხუჯრედების მარაგი მცირდება, იცვლება ჰორმონალური ბალანსი, მცირდება ესტროგენების რაოდენობა და ორგანიზმს მიმდინარე მრავალრიცხოვან ცვლილებასთან ადაპტირება უწევს.
როგორ უნდა შევამსუბუქოთ კლიმაქსით გამოწვეული, ხშირად აუტანელი სიმპტომები და როგორ გავაუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი?
მიდგომა კომპლექსურია და მხოლოდ ერთი აქტივობა მდგომარეობას ვერ გააუმჯობესებს. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ჯანსაღი კვება. ხშირად ჯანსაღი ანუ სწორი კვება დიეტა ჰგონიათ. სინამდვილეში, სწორედ ეს არის ის კვება, როგორც უნდა იკვებოს ნებისმიერმა ადამიანმა. ამიტომ, როცა ექიმი სწორი კვების რეკომენდაციას გვაძლევს, მას როგორც დროებით დიეტას, ისე ვიღებთ და ვფიქრობთ, რომ შემდეგ ისევ ძველებურ კვებაზე უნდა გადავიდეთ. ეს ასე არ არის. დაბალანსებულად უნდა ვიკვებოთ, რაც დიდი რაოდენობით ბოსტნეულისა და ცილის მირთმევას, შედარებით შეზღუდული რაოდენობით ნახშირწყლებს და უმეტესად რთულ ნახშირწყლებს გულისხმობს. რაც შეეხება შაქრის შემცველ საკვებსა და სასმელს, კარგი იქნება, თუ კვების რაციონიდან სრულად ამოვიღებთ.
ბევრი სითხის მიღება მნიშვნელოვანია. ყოველდღიურად ადამიანმა, მინიმუმ, 1,5 ლიტრი სითხე უნდა მიიღოს. ზოგს 2,5 ლიტრი, ზოგს კი 2 ლიტრი სჭირდება. ეს ყველაფერი ასაკზე, წონაზე, სიმაღლეზე, ფიზიკურ აქტივობასა და წელიწადის დროზეა დამოკიდებული.
ფიზიკური აქტივობა - თუ თქვენ არასდროს გივარჯიშიათ სპორტ დარბაზში, ახლა სწორედ ის დროა, რომ ვარჯიში დაიწყოთ. შეიძლება, დარბაზში, სახლში ივარჯიშოთ, სირბილი, ცურვა, სიარული გადაწყვიტოთ. დღეში, მინიმუმ, 3 კილომეტრი უნდა იაროთ.
სტრესის მართვა - ბევრმა ადამიანმა სტრესის მართვა იცის, ზოგმა არ იცის. თუ თქვენ ამჩნევთ, რომ ამა თუ იმ ფაქტის მიმართ ზედმეტად მგრძნობიარე ხართ, ღიზიანდებით, შეიძლება, ამას ემოციურად ვერ გამოხატავთ, არ გეტყობათ, მაგრამ შინაგანად ძალიან ითრგუნებით, აუცილებელია სტრესის მართვა ისწავლოთ. ამაში ფსიქოლოგის კონსულტაცია და სტრესის მართვის ისეთი ტექნიკები დაგეხმარებათ, როგორებიცაა, მაგალითად, იოგა ან მედიტაცია.
ყოველწლიურად სამედიცინო სკრინინგი ჩაიტარეთ იმისათვის, რომ ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემა დროულად გამოავლინოთ და თავიდან აირიდოთ.