საქართველოს მასშტაბით რამდენიმე დღეა გადაუღებლად თოვს. სინოპტიკოსები ინტენსიურ თოვას 27 თებერვლის ჩათვლით ელოდებიან.
დიდთოვლობამ პრობლემები უკვე შექმნა გურიისა და აჭარის რეგიონებში. დიდთოვლობის შედეგად მოქალაქეთა ნაწილი გარე სამყაროს არის მოწყვეტილი. ვრცელდება ინფორმაცია 2 გარდაცვლილის შესახებ. ადგილობრივი მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. მათ ნაწილს არ მიეწოდება გაზი, დენი და წყალი, არ აქვთ წვდომა მედიკამენტებსა და საკვებზე.
ზოგიერთ სოფელში ადგილზე ვერ ახერხებს მისვლას სასწრაფო სამედიცინო დახმარებაც. მოქალაქეები სოციალურ ქსელში წერენ, რომ ვერ ახერხებენ სტიქიის ზონაში მცხოვრებ ახლობლებთან დაკავშირებას.
ემოციურად ძალიან მძიმე დღეშია სამი შვილის მამა, მალხაზ ღლონტი. ის საკუთარ სახლში მისვლას და ოჯახის დახმარებას ორი დღე ვერ ახერხებდა. რამდენიმე კილომეტრი ფეხით იარა და წვალებით მიაღწია ახლახან სახლამდე. საცხოვრებელი სახლი ავარიულ მდგომარეობაში დახვდა და ახლა შვილების სამშვიდობოს გაყვანაში დახმარებას ითხოვს.
მალხაზ ღლონტი:
- მიშველეთ, დამეხმარეთ, სოფელ მამათში ვარ. გუშინ 7 საათიდან ვითხოვ მამათის ცენტრიდან 3 კილომეტრზე ჩამოყვანას და ეს ვერ მოხერხდა. სახლში სამი შვილი მყავს. საშინელი ქარბუქია, გადადგილებაც ძალიან ჭირს. ახლახან ძლივს მოვაღწიე სახლამდე და სახლის მარჯვენა მხარეს 6 ბალკა გატეხილია, გუშინ რომ მომეღწია სახლამდე ეს ხომ არ მოხდებოდა, გაზის გამათბობელი მქონდა, ჭერში დავდგამდი და დავადნობდი თოვლს.