მალე ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყება. აბიტურიენტები კი ცხოვრების ახალი, მნიშვნელოვანი ეტაპისთვის განსაკუთრებით ემზადებიან. ერთ-ერთი ძირითადი საგანი, რომელშიც მათ გამოცდის ჩაბარება უწევთ, ისტორიაა. ზოგიერთ ბავშვს ეს საგანი განსაკუთრებით უყვარს. ზოგს კი დიდი პროგრამა, თარიღები აშინებს და სწავლაზე თავიდანვე უარს ამბობენ. დღეს გამოცდილი პედაგოგის რჩევებს გაგიზიარებთ.
გიორგი გეთიაშვილი უკვე წლებია, სკოლა "ოპიზაში" ისტორიას ასწავლის. ის საკუთარი საქმიანობის, ისტორიის შესწავლის მნიშვნელობის, მთავარი გამოწვევებისა და იმ საკითხების შესახებ გვიყვება, რომელთა გათვალისწინებაც მოსწავლეებს საგნის შეყვარებასა და პროგრამის დაძლევაში დაეხმარება:
- სკოლაში 2010 წლიდან ვმუშაობ. თავიდან მენეჯერის პოზიციაზე მივედი. მაგრამ, ვინაიდან პროფესიით ისტორიკოსი ვარ, ბავშვებთან ურთიერთობა მაინტერესებდა და შესაბამისი კვალიფიკაციაც მქონდა, მასწავლებლობა დავიწყე. ბავშვები მუდმივად ვითარდებიან, სწავლობენ. ამიტომ, მე ვფიქრობ, პედაგოგი მოწოდების სიმაღლეზე რომ დარჩეს, მანაც არასდროს უნდა შეწყვიტოს განვითარება. თუ თვლი, რომ კარგი პედაგოგი, კვალიფიციური მასწავლებელი ხარ, რა თქმა უნდა, ბავშვებთან ერთად, თავადაც უნდა განვითარდე. მოსწავლეებთან ურთიერთობამ სწორედ თვითგანვითარებაზე ზრუნვა მასწავლა. მამაჩემი ისტორიკოსი იყო, ჩემი ძმაც ისტორიკოსია და მეც, როდესაც არჩევანის წინაშე დავდექი, ბევრი არ მიფიქრია. ისტორია ყოველთვის მაინტერესებდა და შესაბამისი პროფესია ავირჩიე. მაგისტრატურა დემოგრაფიის მიმართულებით გავიარე, დოქტორანტურაზეც შესაბამისი მიმართულებით ვისწავლე. მაგრამ, ისტორია ყოველთვის მაინტერესებდა, ვსწავლობდი და ამ კუთხით განვითარებაზე ვმუშაობდი.
- ისტორია ძალიან მრავალფეროვანი საგანია. ნებისმიერ ადამიანს რაღაც აინტერესებს. არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არაფერი აინტერესებს. ისტორია იმდენად დიდი და მრავალფეროვანია, შეუძლებელია, მასწავლებელმა კონკრეტული მოსწავლეების ინდივიდუალური ინტერესები ვერ აღმოაჩინოს. შესაძლებელია, რომელიმე ბავშვს საბრძოლო ხელოვნება აინტერესებს, ვიღაცას შეიძლება, სუპერგმირები უყვარს... პირველ რიგში, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, მათ ეს საგანი საინტერესო, მათთვის საყურადღებო კუთხით გავაცნოთ. სწორედ აქედან იწყება საგნის სიყვარული. შემდეგ ბავშვები სხვა თემებსაც ინტერესით გაეცნობიან.
- მიმაჩნია, რომ ისტორიის სპეციალისტმა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის ბავშვებს ასწავლის, მეტ-ნაკლებად კარგად უნდა იცოდეს სხვადასხვა ეპოქის გეოგრაფია, ლიტერატურა და ხელოვნება. ნებისმიერი ლიტერატურული ნაწარმოები, როგორც წესი, პირდაპირ ან ირიბად იმ ისტორიულ რეალობას ასახავს, რომელშიც იგი იქმნება. კინოხელოვნებაც ძალიან გვეხმარება. საინტერესოა თანამედროვე, ისტორიული ჟანრის ფილმები, რომლებიც ძველ, ისტორიულ მოვლენებზეა გადაღებული. დამხმარე რესურსების გამოყენება ძალიან კარგია. ის ბავშვებს თვალსაწიერს უფართოებს. ამიტომაც, პერიოდულად კლასშიც ვეცნობით და სახლისთვისაც ვაძლევ რეკომენდაციას. კონკრეტული თემა მასწავლებელმა უნდა შეარჩიოს იმის მიხედვით, თუ რა სჭირდება კლასს და არა იმის მიხედვით, თავად რა მოსწონს და აინტერესებს.
- გამოყოფა გამიჭირდება, რადგან ყველა ბავშვი ინდივიდუალურია და თითოეულ მათგანს განსხვავებული ინტერესები აქვს. შესაბამისად, ერთიან შაბლონზე საუბარი ძნელია. მაგრამ, საზოგადოების ნაწილში დღემდე არსებობს დამკვიდრებული ტრადიცია, რომ ისტორია მხოლოდ ფაქტებისა და თარიღების დაზეპირებაა. ეს, როგორც წესი, მოსწავლეებს აშინებთ ხოლმე. თუმცა, სინამდვილეში, ისტორია კანონზომიერი პროცესია, რომელიც მთლიანად მიზეზსა და შედეგზეა დამყარებული - იყო რაღაც მიზეზი, რასაც გარკვეული შედეგი მოჰყვა. ძირითად აქცენტს სწორედ ამაზე ვაკეთებ, რომ ბავშვებს დავანახო, რა მიზეზმა გამოიწვია კონკრეტული შედეგი. ის, რომ ისტორია ერთიანი ჯაჭვი და პროცესია, ამის დანახვა ბავშვებისთვის ზოგჯერ რთულია და ფიქრობენ, რომ მხოლოდ თარიღები ან ფაქტები უნდა დაიზეპირონ.
- ისტორია კაცობრიობის ბიოგრაფიაა. როგორც ნებისმიერ ადამიანს საკუთარი ბიოგრაფია აქვს, ასევე კაცობრიობას, ქვეყნებს თავიანთი ბიოგრაფია აქვთ. ასეთი მაგალითი მომყავს ხოლმე: თუ მე არ მინდა, რომ წყალში ფეხი დამისველდეს, ცხოვრებისეული გამოცდილებით ვიცი, რომ გუბეს გვერდი უნდა ავუარო. ისტორიაც, დაახლოებით, ასეა - თუ მე არ მინდა, რომ ჩემს ქვეყანას, მე ან ჩემ გარშემო არსებულ საზოგადოებას რაიმე მოუვიდეს, ისტორიული გამოცდილება უნდა შევისწავლო და იმ საფრთხეებს თავი ავარიდო, რაც შეიძლება, ცხოვრებაში შემემთხვეს. ისტორიის მიზანი ის არის, რომ უკვე მომხდარი მოვლენების ფონზე, გვასწავლოს. თუ არ გვინდა, რომ რაღაცები განმეორდეს, სწორედ ისტორიული გამოცდილება უნდა გამოვიყენოთ. როგორც ცხოვრებაში პირად გამოცდილებას ვიყენებთ, დაახლოებით, ისტორიული გამოცდილებაც ასეთია. ისტორიის მიზანი სწორედ ეს უნდა იყოს, რომ ჩვენ, საზოგადოებამ, წარსულის შეცდომებზე ვისწავლოთ და იგივე აღარ გავიმეოროთ.
- პირველ რიგში, ალბათ, უნდა გაითვალისწინონ ის, რომ ნერვიულობით საქმე არ შესრულდება. ჯობს, ეს ენერგია სწავლისკენ მიმართონ. ბევრი იშრომონ. ზედმეტი ცოდნა არ არსებობს. მთავარია, სწორი პრიორიტეტი გააკეთონ. მათი მიზანი ის კი არ უნდა იყოს, რომ მხოლოდ კონკრეტული გამოცდა ჩააბარონ, არამედ უნდა იყოს ის, რომ ისტორიაში ცოდნა შეიძინონ. ისტორიული ცოდნა გამოადგებათ გამოცდაზეც და ცხოვრებაშიც. რა თქმა უნდა, მიჰყვნენ ეროვნულ სასწავლო პროგრამაში გაწერილ გეგმას და ბევრი იშრომონ. გააკეთონ იმ ტიპის ანალოგიური დავალებები, რაც მისაღები გამოცდების ტესტებშია. ბევრი იკითხონ იმიტომ, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დავალება წყაროს გააზრება და ზოგადად, წაკითხული ტექსტის გააზრებაა. ამას პრაქტიკა სჭირდება. ტექსტის გააზრება ერთ გაკვეთილში არ ისწავლება. შესაბამისად, ამ მიმართულებით ბევრი იშრომონ და შედეგიც არ დააყოვნებს. ტესტი საკმაოდ საინტერესოა და ვფიქრობ, შრომის შემთხვევაში, დაძლევა არ გაუჭირდებათ.
- შედეგების ზუსტი სტატისტიკა არ ვიცი, მაგრამ ჩემი დაკვირვებით, ბავშვებს ყველაზე მეტად ე.წ. ანალოგიის დავალების შესრულება უჭირთ. მოვლენებს შორის კავშირების დადგენა ერთულებათ.
- ადამიანების შესაძლებლობები შეუზღუდავია. ალბათ, მოგვისმენია ინფორმაცია, რომ ვიღაც ენის სრულყოფილად შესწავლას 6 თვეში ახერხებს, ვიღაც დიდ ინფორმაციას მოკლე დროში ეცნობა... თუმცა, ისტორიის გამოცდისთვის წინა პერიოდში დაგროვილი ცოდნა, არა მხოლოდ კონკრეტულად ამ საგნის მიმართულებით, არამედ გეოგრაფიის, ლიტერატურის მიმართულებით, დიდი უპირატესობაა. ადამიანი, რომელიც ბევრს შრომობს, ის ყოველთვის უპირატეს მდგომარეობაში იქნება იმ ადამიანთან, რომელიც გადაწყვეტს, რომ რამდენიმე თვეში ნულიდან შეისწავლოს პროგრამა. რა თქმა უნდა, შეუძლებელი არაფერია. არც გვიანაა არასდროს და ყოველთვისაა შესაძლებელი, რომ დიდი შრომის ფასად, წარმატებას მიაღწიო. მაგრამ, რა თქმა უნდა, იმ მოსწავლეს, რომელიც ინტენსიურად და გეგმაზომიერად მუშაობს, დიდი უპირატესობა აქვს იმ ბავშვთან შედარებით, რომელიც მხოლოდ ერთი წელი ან რამდენიმე თვე იმეცადინებს.
- ისტორიის სახელმძღვანელოებში თემები ლოგიკურადაა დაყოფილი. ძველი მსოფლიოს ისტორიით დაწყებული, თანამედროვე ეპოქით დამთავრებული, მხოლოდ ერთ წიგნში არ არის თავმოყრილი. ჩემი აზრით, მასალა აბსოლუტურად დაძლევადია. მონდომება მოსწავლეების მხრიდანაც აუცილებელია და მასწავლებლების მხრიდანაც. საკითხები, რომლებიც სასკოლო პროგრამაში შედის, ვფიქრობ, კარგადაა შერჩეული.
- თავისუფლად შეძლებს. გამოცდაზე მოცემული დავალებებიდან არც ერთია ისეთი სახის, რომელსაც ბავშვი სკოლაში სწავლის პირობებში ვერ დაძლევს. შედეგი, რა თქმა უნდა, ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. მოსწავლის მონდომებას, სკოლაში სწავლის ხარისხსა და სკოლის პედაგოგის ძალისხმევას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. თუმცა, თუ სკოლაში სასწავლო პროცესი გამართულად მიმდინარეობს და აბიტურიენტი სკოლის პროგრამას მიჰყვება, მეცადინეობს, ვფიქრობ, ის თავისუფლად შეძლებს, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდაზე გამოყენებული ტესტი დაძლიოს.
თამარ იაკობაშვილი