ადრეული, დაგვიანებული, მტკივნეული მენსტრუაცია, სათესლეების ადრეული ზრდა ან ზრდის დაგვიანება, ცვლილებები განწყობასა და ქცევაში... - ენდოკრინოლოგები მოზარდების ჰორმონალურ დარღვევებზე, რომლებიც მშობლებს არ უნდა გამოეპაროთ - მშობლები

ადრეული, დაგვიანებული, მტკივნეული მენსტრუაცია, სათესლეების ადრეული ზრდა ან ზრდის დაგვიანება, ცვლილებები განწყობასა და ქცევაში... - ენდოკრინოლოგები მოზარდების ჰორმონალურ დარღვევებზე, რომლებიც მშობლებს არ უნდა გამოეპაროთ

2025-02-28 10:25:26+04:00

გარდატეხის პერიოდში გოგონებსა და ბიჭებში ორგანიზმში იმდენი ცვლილება ხდება, რომ ნებისმიერი სიახლე მშობლებმა (და თვითონ ბავშვმაც) შეიძლება ნორმად აღიქვან. სინამდვილეში, ამ პერიოდშიც არსებობს ჰორმონალური დარღვევები, რომლებიც საყურადღებოა. რას უნდა მივაქციოთ ყურადღება? გთავაზობთ ენდოკრინოლოგების რეკომენდაციებს.

მოზარდობის პერიოდში ორგანიზმში მნიშვნელოვანი ცვლილებები მიმდინარეობს, რაც დაკავშირებულია სასქესო ჰორმონების, ესტროგენისა და ტესტოსტერონის აქტიურ გამომუშავებასთან. ეს ჰორმონები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მეორადი სასქესო ნიშნების განვითარებაში, ასევე გავლენას ახდენენ მოზარდების ემოციურ მდგომარეობასა და საერთო ჯანმრთელობაზე.

რომელი ჰორმონალური დარღვევები შეიძლება აღენიშნებოდეს მოზარდს

ჰორმონალური დარღვევები შეიძლება სხვადასხვანაირად ვლინდება ბიჭებსა და გოგონებში.

გოგონებში ყველაზე ხშირად შემდეგი პრობლემები წარმოიქმნება:

  • ადრეული თელარქე (მკერდის ზრდის ნიშნები 7 წლამდე);
  • გვიანი თელარქე (თუ 13 წლის ასაკში ჯერ კიდევ არ არის ნიშნები, რომ მკერდი იზრდება);
  • ადრეული მენარქე (მენსტრუაცია დაიწყო 10 წლამდე);
  • გვიანი მენარქე (15 წლის ასაკში ჯერ კიდევ არ არის ნიშნები, რომ მენსტრუაცია დაიწყება);
  • არარეგულარული მენსტრუაცია;
  • ძალიან მტკივნეული მენსტრუაცია;
  • პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომის ნიშნები.

ბიჭებში ყველაზე ხშირად შემდეგი პრობლემები წარმოიქმნება:

  • სათესლეების და პენისის ზრდის დაგვიანება (14 წლის ასაკში და უფრო გვიან);
  • სათესლეების და პენისის ადრეული ზრდა (10 წლამდე);
  • მკვეთრი სიმაღლეში ზრდა და ხმის დაბოხება 9-10 წლამდე (ნორმაში ეს ხდება 13-15 წლის ასაკში);
  • არ ხდება სიმაღლეში ნახტომი და ხმის დაბოხება 14-15 წლის შემდეგ.

ჰორმონალური პრობლემები, რომლებიც ეხება ორივე სქესს:

  • ცვლილებები ენერგიის დონეში, განწყობასა და ქცევაში;
  • გაღიზიანებადობა, შფოთვა ან დეპრესიის ნიშნები;
  • წონის მკვეთრი მატება ან, პირიქით, მკვეთრი წონის კლება კვების რეჟიმის შეცვლის გარეშე;
  • კოგნიტური ფუნქციების დაქვეითება.

რატომ ხდება მოზარდებში ჰორმონალური დარღვევები

ძილისა და კვების დარღვევები, სტრესის მაღალი დონე. ჰორმონალური დარღვევების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მოზარდებში შეიძლება იყოს სტრესი, არასწორი კვება, ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა და ძილის დარღვევები. ამ ფაქტორებმა შეიძლება გამოიწვიოს ჰორმონების დისბალანსი, რაც, თავის მხრივ, შეიძლება გახდეს სხვადასხვა პრობლემის მიზეზი, როგორიცაა აკნე, მენსტრუალური ციკლის დარღვევები გოგონებში, წონის მომატება, განწყობის ცვლილებები და დეპრესიაც კი. ბიჭებში შეიძლება შეინიშნებოდეს სასქესო ორგანოების განვითარების პრობლემები, ასევე ქცევის ცვლილებები.

ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები. ყველაზე გავრცელებული მათგანი — ჰიპოთირეოზი (ჰორმონების არასაკმარისი გამომუშავება) ან ჰიპერთირეოზი (ჰორმონების ჭარბი გამომუშავება) — შეიძლება იწვევდეს სიმპტომების ფართო სპექტრს, მათ შორის ცვლილებებს წონაში, ენერგიის დონეში, განწყობასა და კოგნიტურ ფუნქციებშიც კი. მაგალითად, ჰიპოთირეოზმა შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა, დეპრესია და წონის მომატება, მაშინ როცა ჰიპერთირეოზმა შეიძლება გამოიწვიოს შფოთვა, გაღიზიანებადობა და წონის კლება.

როგორ გავიგოთ, რომ მოზარდს ჰორმონალური დარღვევები აქვს

ჰორმონალური დარღვევები მოზარდებში სერიოზული პრობლემაა, რომელიც მოითხოვს ყურადღებას. დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა, ასევე ახლობლების მხარდაჭერა, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მოზარდების ცხოვრების ხარისხს და დაეხმარება მათ, წარმატებით გაიარონ ეს რთული პერიოდი.

თუ მოზარდს აღენიშნება ჭარბი წონა, გამონაყარი სახეზე, სისუსტე, ძილიანობა, გოგონებში შესაძლოა მენსტრუალური ციკლის დარღვევები, მნიშვნელოვანია მიმართოთ ექიმ-ენდოკრინოლოგს ჯანმრთელობის მდგომარეობის კომპლექსური შეფასებისთვის. სპეციალისტი ჩაატარებს საჭირო ანალიზებს, მათ შორის ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შეფასებას და, საჭიროების შემთხვევაში, დანიშნავს მკურნალობას, რომელიც შეიძლება მოიცავდეს ჰორმონალურ თერაპიას, ცვლილებებს ცხოვრების წესსა და მენიუში.

ექიმმა შეიძლება რეკომენდაცია გაუწიოს შემდეგი ჰორმონებისა და ანალიზების ჩაბარებას:

  • TSH (თირეოტროპული ჰორმონი) — ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შესაფასებლად.
  • თავისუფალი T4 (თიროქსინი) — ასევე ფარისებრი ჯირკვლის მუშაობის შესამოწმებლად.
  • ინსულინი — სისხლში ინსულინის დონის და შესაძლო ინსულინრეზისტენტობის შესაფასებლად.
  • გლუკოზა — სისხლში შაქრის დონის შესამოწმებლად.
  • კორტიზოლი — სტრესის დონისა და თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის შესაფასებლად.
  • ლეპტინი — ჰორმონი, რომელიც დაკავშირებულია მადის რეგულირებასთან და ენერგეტიკულ ცვლასთან.

მენსტრუალური ციკლის დარღვევების დროს შეიძლება საჭირო გახდეს სასქესო ჰორმონებზე ანალიზები და გინეკოლოგის კონსულტაცია.

ასევე შეიძლება სასარგებლო იყოს სისხლის საერთო ანალიზის და ლიპიდური პროფილის ანალიზის (ქოლესტერინი და ტრიგლიცერიდები) ჩატარება.

კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს: მნიშვნელოვანია, რომ ყველა ანალიზი და გამოკვლევა ჩატარდეს ექიმის კონტროლის ქვეშ, რომელსაც შეეძლება სწორად განმარტოს შედეგები და დანიშნოს საჭირო მკურნალობა ან რეკომენდაციები.

უნდა გვესმოდეს, რომ ხშირად პრობლემა სულაც არ არის ჰორმონალურ პათოლოგიაში, არამედ ცხოვრების წესის შეცვლის აუცილებლობაში. შეცვალეთ კვება, მოაშორეთ ზედმეტი მარტივი ნახშირწყლები (ტკბილეული, ფქვილეული, ტკბილი სასმელები), დაამატეთ ფიზიკური დატვირთვა, დაიწყეთ ფეხით სიარული. ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახის ფსიქოლოგიური მხარდაჭერა, რათა ცხოვრების წესის ცვლილება კომფორტულ გარემოში მიმდინარეობდეს.

მშობლებისა და ახლობლების მხარდაჭერა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ პროცესში. ჰორმონალურ ცვლილებებთან დაკავშირებული პრობლემების ღია განხილვა შეიძლება დაეხმაროს მოზარდებს თავი უფრო თავდაჯერებულად და კომფორტულად იგრძნონ მათი ცხოვრების ამ რთულ პერიოდში.

ჯენარო ქრისტესაშვილი ბავშვებში სქესობრივ დარღვევებზე - ზოგიერთი ასეთი დარღვევა შეუძლებელია, ახალშობილობის პერიოდში აღმოვაჩინოთ
რა იწვევს ბავშვებში მკერდის გამაგრებას და როდის ითვლება სქესობრივი მომწიფება ნაადრევად ან დაგვიანებულად - ჯენარო ქრისტესაშვილის რჩევები