საქართველოში ყოველი მეხუთე ბავშვი აბსოლუტურ სიღარიბეშია - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ გაეროს ბავშვთა ფონდის სოციალური პროგრამის ხელმძღვანელმა ქეთი მელიქიძემ განაცხადა. მისი თქმით, ბოლო 5 წლის განმავლობაში ფიქსირდება აბსოლუტურ სიღარიბეში მყოფი ბავშვების რაოდენობის შემცირება, თუმცა, შემწეობის მიმღებ ბავშვთა რაოდენობა გაზრდილია.
მელიქიძის თქმით, ბოლო მონაცემებით, საქართველოში აბსოლუტურ სიღარიბეში მყოფი ბავშვების რაოდენობა 20%-ს შეადგენს, მთლიანი მოსახლეობის კი 16%-ს. როგორც რესპონდენტი აღნიშნავს, მონაცემები აჩვენებს, რომ„საქართველოში ბავშვები საზოგადოების ყველაზე ღარიბი ფენაა“.
აბსოლუტური სიღარიბე ითვლის მინიმალური ფინანსური ზღვრის ქვემოთ მყოფი ბავშვების რაოდენობას. ამ მიდგომით საქართველოში ყოველი მე-5 ბავშვი აბსოლუტურ სიღარიბეშია, თუმცა განსხვავებულ მდგომარეობას აჩვენებს იმ ბავშვების რაოდენობა, რომლებიც საარსებო შემწეობას იღებენ. მაგალითად, სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, 2025 წლის იანვარში საარსებო შემწეობას იღებდა 249 852 ბავშვი. საქსტატის ბოლო მონაცემებით, 16 წელს ქვემოთ 764 759 ბავშვია. ანალიზი აჩვენებს, რომ ქვეყანაში ყოველი მე-3 ბავშვი გაჭირვებულია.
მიუხედავად იმისა, რომ მცირდება აბსოლუტური სიღარიბე, ბოლო 5 წლის განმავლობაში ზრდის ტენდენციით ხასიათდება საარსებო შემწეობის მიმღებ ბავშვთა რაოდენობა. ქეთი მელიქიძე მონაცემებს შორის სხვაობას ხსნის იმით, რომ ბოლო პერიოდში გაიზარდა სოციალური ქულების ზედა ზღვარი, რომლის მიხედვითაც, ბავშვებს სოციალური დახმარება ენიშნებათ. მაგალითად, წინა წლებში ქულათა მაქსიმალური ზღვარი 75 ათასი იყო, მოგვიანებით ზღვარი 100 ათასამდე გაიზარდა, ახლა კი 120 ათასს შეადგენს.
ჩვენ გავაკეთე ანალიზი - დახმარების მიმღები ბავშვების მშობლებს ვეკითხებოდით, რაში იყენებდნენ ამ ფულს და რამდენად მნიშვნელოვანი არის ეს მათთვის. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის დიდი თანხა, სტაბილურად შესული ფინანსები ოჯახში ყველა მშობლის მიერ აღქმული იყო დადებითად, ზოგისთვის ეს იყო პრევენცია, რომ საზღვარგარეთ არ წასულიყო სამუშაოდ, ზოგისთვის კი შეღავათი ქირის გადასახადზე“, - აღნიშნავს მელიქიძე.
გარდა აბსოლუტური სიღარიბისა, ბავშვთა სიღარიბე ითვლება მრავალგანზომილებიანი მიდგომითაც. ეს მეთოდი ადგენს იმ ძირითად საჭიროებებს, რაც აუცილებელია ბავშვის განვითარებისთვის, შემდეგ კი კონკრეტული კრიტერიუმების მიხედვით ადგენს ბავშვთა სიღარიბის დონეს ქვეყანაში. მელიქიძე აღნიშნავს, რომ მსგავსი კვლევა საქართველოში Unicef-მა საქსტატთან ერთად ჩაატარა 2023 წელს. პროცესში დადგინდა 16 კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც ხდებოდა მონაცემების ანალიზი, მათ შორის იყო მაგალითად, შემდეგი კომპონენტები: აქვს თუ არა ბავშვს წვდომა ასაკის შესაფერის წიგნზე, აქვს თუ არა საშუალება და დრო ბავშვებთან გართობის, აქვს თუ არა საკმარისი ცილოვანი, ნახშირწყლებითა და ვიტამინებით სავსე საკვები, აქვს თუ არა ასაკის შესაფერისი სათამაშო და ა.შ.
გაეროს ბავშვთა ფონდის სოციალური პროგრამის ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა იმ პრობლემებზე, რასაც ბავშვობაში სიღარიბე გამოვლილი ადამიანი ზრდასრულობაში აწყდება.
„სიღარიბეს, რომელსაც ბავშვობაში აწყდება ადამიანი, აქვს გრძელვადიანი ზემოქმედება. როდესაც ასეთი საწყისი ეტაპით ბავშვი შეაბიჯებს ახალგაზრდობაში, მსოფლიო გამოცდილება აჩვენებს, რომ ძალიან დიდია რისკი, ეს ახალგაზრდა იყოს არა დოვლათის შემქმნელი და აქტიური მონაწილე ქვეყნის და საზოგადოების ეკონომიკურ ცხოვრებაში, არამედ პირიქით ეკიდება სოციალური დაცვის სისტემას და დამატებით წნეხს ქმნის“, - აღნიშნავს ქეთი მელიქიძე.