2025 წლის "ოსკარის" დაჯილდოების ცერემონია რეზონანსული აღმოჩნდა და უკვე რამდენიმე დღეა, მედიაში სხვადასხვა დეტალი განიხილება. ცერემონიაზე არაერთი გამორჩეული ვარსკვლავი ვიხილეთ. ბევრმა მათგანმა მზადება კვირებისა და თვეების წინ დაიწყო. დიზაინერებს გამორჩეული კოსტიუმები წინასწარ შეაკერინეს, ვარცხნილობაზე, აქსესუარებზე იზრუნეს. თუმცა, დარბაზში ყველას ყურადღება მაინც მსახიობმა ადამ სანდლერმა მიიპყრო. მან საღამოს დრეს-კოდი დაარღვია და ღონისძიებაზე სპორტული შორტითა და ჰუდით მივიდა. ადამ სანდლერი მაყურებელს განსაკუთრებით უყვარს და ამის არაერთი მიზეზი არსებობს...
ის ცნობილი ამერიკელი მსახიობი, კომიკოსი, სცენარისტი, პროდიუსერი და მუსიკოსია და უამრავი გულშემატკივარი ჰყავს.
მიუხედავად იმისა, რომ მაყურებელს მისი როლები განსაკუთრებით უყვარს და ყოველთვის პოპულარულ პროექტებში ვხედავთ, ის ამავე რაოდენობის პრესტიჟულ ჯილდოებს ვერ იღებს.
480 მილიონი დოლარის უზარმაზარი ქონების მიუხედავად, ადამი ძალიან მოკრძალებულად ცხოვრობს და მდიდრული ნივთების მიმართ ინტერესს არ ავლენს. მას არც პირადი თვითმფრინავი ჰყავს, არც ძვირად ღირებული იახტა ან ელიტარული უძრავი ქონება, დედამისი კი სულაც უარს ამბობს იმ სახლის დატოვებაზე, სადაც სანდლერი დაიბადა. ისიც საკმაოდ ხელმოკლედ ცხოვრობს.
ადამ რიჩარდ სანდლერი ბრუკლინში, ნიუ-იორკში, 1966 წლის 9 სექტემბერს დაიბადა. მისი მშობლები ებრაელი ემიგრანტების შთამომავლები იყვნენ.
მომავალი მსახიობის მამა, სტენლი, ელექტრო ინჟინრად მუშაობდა, ხოლო დედა - ჯუდიტი დაწყებითი კლასის მასწავლებელი იყო. ადამი ოთხი შვილიდან უმცროსია.
5 წლის ასაკში ადამ სანდლერი ოჯახთან ერთად მანჩესტერში, ნიუ-ჰემფშირში გადავიდა საცხოვრებლად. ბავშვობა სწორედ იქ გაატარა. პატარაობიდანვე ხუმრობის, გარდასახვის, სხვადასხვა როლის მორგების შესანიშნავი ნიჭი ჰქონდა. ამიტომაც, სკოლაში პატარა კომიკოსის მეტსახელი მალევე მიიღო.
ინტერვიუებში ადამმა რამდენჯერმე თქვა, რომ ხუმრობა მამის ფიცხი ხასიათის გამო დაიწყო. ის სიტუაციის განმუხტვასა და შენიშვნების არიდებას სწორედ ხუმრობის დახმარებით ახერხებდა.
სხვათა შორის, სანდლერი საკუთარ ფესვებს არ ივიწყებს და ებრაულად ახლაც თავისუფლად საუბრობს.
როგორც მსახიობი იხსენებს, შოუბიზნესისკენ უფროსმა ძმამ უბიძგა. მან დაარწმუნა, რომ სთენდაფში საკუთარი ძალები მოესინჯა.
საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, ლი სტრასბერგის თეატრისა და კინოს ინსტიტუტში სწავლობდა. შემდეგ კი სწავლა ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ხელოვნების სკოლაში განაგრძო და 1991 წელს ბაკალავრის ხარისხი მიიღო.
მსახიობობა ჯერ კიდევ სტუდენტობისას დაიწყო. პირველად ეკრანზე 1987 წელს სერიალში "The Cosby Show" გამოჩნდა. ის სერიალის ოთხ ეპიზოდში მონაწილეობდა. ამავდროულად, მომავალი ვარსკვლავი სხვადასხვა კლუბში იუმორისტული ნომრებით გამოდიოდა და ამ გზით თანხის გამომუშავებას ცდილობდა.
ერთ-ერთი ასეთი გამოსვლის დროს, ადამმა ცნობილი კომიკოსის დენის მილერის ყურადღება მიიპყრო. მან ახალგაზრდა მსახიობს "Saturday Night Live"-ის პროდიუსერებთან რეკომენდაცია გაუწია.
ასე დაიწყო ადამ სენდლერის სატელევიზიო კარიერა... ის ჯერ სცენარისტი იყო, შემდეგ კი მსახიობობა და საკუთარი სიმღერების შესრულება გადაწყვიტა. მსახიობი ამ პროექტში 1995 წლამდე მუშაობდა და ძალიან დიდი პოპულარობა და მაყურებლის სიყვარული მოიპოვა.
მაგრამ, მას შემდეგ, რაც ადამ სენდლერმა Saturday Night Live-ში პოპულარობა მოიპოვა, ის ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მსახიობი გახდა. მან არაერთ ცნობილ ფილმში მიიღო მონაწილეობა და დიდი ქონებაც დააგროვა.
.ადამ სaნდლერი მონაწილეობს ისეთ პოპულარულ ფილმებში, როგორებიცაა: "ბილი მედისონი", "ბედნიერი გილმორი", "ქორწილის მომღერალი", "დიდი მამა", "გამაოგნებელი სიყვარული", "უნებლიე მილიონერი", "სიბრაზის მართვა", "50 პირველი პაემანი", "დაწკაპუნება", "ზღაპრები ძილის წინ", "ნუ ეხუმრები ზოჰანს", "თავი მოაჩვენე ჩემს მეუღლედ", "დაუმუშავებელი ძვირფასი ქვები", "ჰასტლი" და მრავალი სხვა.
ადამ სანდლერმა ფილმის "დიდი მამა" გადასაღებ მოედანზე მომავალი მეუღლე, მსახიობი ჯეკი ტიტონი გაიცნო. მათ შორის იმდენად დიდი გრძნობა არსებობდა, რომ მალევე დაქორწინება გადაწყვიტეს. ჯეკი ტიტონი ქრისტიანი იყო და ქორწილამდე იუდაიზმზე გადავიდა.
2003 წელს მდიდრული ქორწილი მალიბუში ოკეანის სანაპიროზე ებრაული ტრადიციებით გადაიხადეს. სტუმრებს შორის იყვნენ ისეთი ცნობილი სახეები, როგორებიც არიან ჯენიფერ ენისტონი, დასტინ ჰოფმანი,შერონ ოსბორნი, რობ შნაიდერი და სხვები.
2006 წლის მაისში ადამსა და მის მეუღლეს პირველი ქალიშვილი, სედი მედისონი შეეძინათ. 2008 წლის 2 ნოემბერს მეორე გოგონა - სანი მედლინ დაიბადა.
ჰოლივუდში მას ერთ-ერთი ყველაზე მყარი ოჯახი აქვს. ადამ სენდლერთან დაკავშირებით პრესაში სკანდალური ინფორმაცია იშვიათად ვრცელდება. ის მეუღლესთან და შვილებთან ერთად მშვიდად ცხოვრობს და საკუთარ საქმეს აკეთებს.
მიუხედავად არაერთი დასამახსოვრებელი როლისა, ბევრი პრესტიჟული ჯილდო არ აქვს. მეტიც, ანტი-პრემიებისა და ნომინაციების რაოდენობით, ის სილვესტერ სტალონეს შემდეგ, მეორე ადგილზეა. თუმცა ამბობს, რომ კინოაკადემიებისა და კრიტიკოსების აღიარება არ აინტერესებს. მისთვის მთავარი მაყურებლის სიყვარულია. ეს კი ნამდვილად არ აკლია.
2023 წელს მსახიობს ამერიკულ იუმორში შეტანილი წვლილისთვის მარკ ტვენის საპატიო ჯილდო გადასცეს.
გარდა ამისა, ძალიან კონტაქტური და მეგობრულია. მეგობრებს ხშირად ანებივრებს საჩუქრებით, საკუთარ სახლშიც ხშირად ეპატიჟება.
ცალკე აღსანიშნავია საქველმოქმედო პროექტები, საითაც მიემართება ძირითადად მის მიერ გამომუშავებული ჰონორარები. ადამ სანდლერმა მშობლიურ ქალაქში საბავშვო კლუბის ასაშენებლად 1 მილიონი დოლარი გადარიცხა. ის ბავშვთა მკურნალობისათვის თანხას სხვადასხვა ორგანიზაციას ხშირად უგზავნის. ასევე რიცხავს თანხებს საგანმანათლებლო პროექტებში.
როგორც შესავალში ითქვა, საკუთარ ფუფუნებაზე ფულს ნაკლებად ხარჯავს. უყვარს მაისურებით, ჰუდებით და შორტებით სიარული და მისი სტილი საყოველთაოდ ცნობილია. ამბობს, რომ ასაკის მატებასთან ერთად, ფორმის შენარჩუნება უჭირს, თუმცა ამ საკითხში შვილები და მეუღლე ეხმარებიან.
"მათი მხარდაჭერით სიგარეტის მოწევას დავანებე თავი. 11 კილოგრამი დავიკელი. ნაკლებად ვნერვიულობ. ახლა ჩემთვის ვარჯიში ბევრად რთულია, მაგრამ არ მინდა, ჩემს გოგონებს იმედები გავუცრუო." - ამბობს ადამი.