ფსიქოლოგი ეკა ნინოშვილი გადაცემაში "შუადღე" აბიტურიენტებსა და მათ მშობლებს მნიშვნელოვან რჩევებს უზიარებს, რომ მათთვის ეს პროცესი განსაკუთრებით ტრავმული არ აღმოჩნდეს:
- პირველი, რაც მშობლებმა უნდა გავითვალისწინოთ, ალბათ, იმის გააზრება, რომ შვილი ჩვენი ინტერესების გამგრძელებელი არ არის. არ უნდა იყოს ინსტრუმენტი იმისა, რომ რაც თავად გვინდოდა, მაგრამ ვერ მივაღწიეთ, მისი სახით ავისრულოთ. ყველა ცალკე ინდივიდია. შესაბამისად, მშობლის ამოცანაა, საკუთარ შვილს დააკვირდეს, აღმოაჩინოს მისი ძლიერი მხარე, ინტერესების სფერო და ამის მიხედვით, შესაბამისი პროფესიის მოძიებაში დაეხმაროს. მშობლის მეორე ამოცანა ამ პროცესში შვილის მხარდაჭერაა.
წარმოიდგინეთ, რომ აბიტურიენტი მთის ძირას დგას და მთის მწვერვალზე უნდა ავიდეს. ზურგჩანთა აქვს მოკიდებული. ზურგჩანთაში მშობელმა ისეთი რამე უნდა ჩაუდოს, რაც მას არ დაამძიმებს. პირიქით, გადაადგილების პროცესში მოეხმარება. მისცეს შესაბამისი ცოდნა და ნიადაგი თავდაჯერებულობისთვის. ზედმეტი მოლოდინები აბიტურიენტისთვის ძალიან მძიმე ტვირთია. ის ამ ზურგჩანთას დაუმძიმებს. მომავალი სტუდენტი მშობლის მოლოდინებს საკუთარ თავში გადაიტანს და შფოთვას იწყებს. მაქსიმალურ შედეგზე ორიენტირებულობა ბავშვს უფრო მეტ სტრესს უქმნის.
საზოგადოებაში სტერეოტიპული მიდგომა არსებობს, რომ ბავშვი სკოლას როცა დაამთავრებ, აუცილებლად მაშინვე სტუდენტი უნდა გახდეს. ეს იმხელა მოლოდინია, რომ თუ არ გამოვიდა, ძალიან დიდი პრობლემა იქმნება. საქართველოში ბავშვს ხშირად არც კი აძლევენ უფლებას, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ შეისვენოს და საკუთარი არჩევანი გააცნობიეროს. საზოგადოების ასეთი სტერეოტიპული მიდგომა და დამოკიდებულება, აბიტურიენტს უფრო რთულ სიტუაციაში აყენებს. ამიტომ, ჩვენი აბიტურიენტები, ერთი მხრივ, დგანან იმ გამოწვევის წინაშე, რომ გამოცდა ეფექტურად ჩააბარონ. მეორე, მშობლების მოლოდინი გაამართლონ, მესამე - საზოგადოების ინტერესები დააკმაყოფილონ... ფაქტობრივად, მათ მწვერვალისკენ მიმავალ გზაზე უმძიმესი ზურგჩანთით ვუშვებთ.
მინდა, აბიტურიენტებმა გაიაზრონ, რომ გამოცდა ჩვენი პიროვნული საზომი ინსტრუმენტი არ არის. ეს, უბრალოდ, კონკრეტულ საგანში ჩვენს ცოდნას ავლენს. დაბალი ქულის მიღების პიროვნულ მარცხთან იდენტიფიცირებას ნუ გადაწყვეტთ. თითოეულ ჩვენგანს ბევრად მეტი პოტენციალი აქვს. სულ გახსოვდეთ: გამოცდაში რა ქულას მიიღებთ, ეს თქვენი პიროვნული პოტენციალის საზომი ინსტრუმენტი არ არის.
გაამხნევეთ საკუთარი შვილები - ამ დროს ეს მშობლის მთავარი ფუნქციაა.
ამავე გადაცემაში საქართველოსა და მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები დაასახელეს: