როცა ერთ ოჯახში რამდენიმე პატარა იზრდება, მშობლების დილემის წინაშე არიან - როგორ გაანაწილონ მათ შორის დრო და საჩუქრები ისე, რომ ყველა თანაბარ პირობებში იყოს და გული არც ერთს არ დასწყდეს. სხვათა შორის, კვლევებმა აჩვენა, რომ სრულიად ერთნაირი დამოკიდებულების მიუხედავად, პატარები მაინც პოულობენ წყენის მიზეზს და მშობლებთან უკმაყოფილებას გამოხატავენ. ამიტომ ფსიქოლოგები გვარწმუნებენ, რომ შვილების მიმართ ერთნაირი მიდგომა არ არის ოჯახში ჰარმონიის გარანტია. მაშინ, თუ თანაბრად არა, როგორ შეგვიძლია გავუნაწილოთ ბავშვებს დრო, ყურადღება, მატერიალური საკითხები? ფსიქოლოგები რამდენიმე რჩევას გვიზიარებენ:
მაგალითად, თუ სამსახურიდან შინ საჩუქრებით ბრუნდებით, შეგიძლიათ უფრო დიდი სათამაშო ჩამოუტანოთ თქვენს ქალიშვილს, ხოლო პატარა მანქანა ვაჟს, მაგრამ სწორედ იმ კოლექციიდან, რომელსაც აგროვებს. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მიეცით თანაბარი შესაძლებლობები იმის მიხედვით, რაც მოსწონთ და აინტერესებთ და არა მაინცდამაინც ზუსტად ერთნაირი ზომისა და ფორმის სათამაშოებით. ან კიდევ საკვების შემთხვევა განვიხილოთ, მაგალითად ყველას ერთნაირი რაოდენობის მარწყვი არ უდევს თეფშზე. ამ დროს ერთი ტირილს იწყებს და ამბობს "მას უფრო მეტი აქვს", ასეთ დროს არ დათვალოთ კონკრეტული პროდუქტი და არ შეადაროთ მეორეს, უბრალოდ ჰკითხეთ თქვენს შვილს, რა ანერვიულებს: "კიდევ გინდა მარწყვი?", "არ გყოფნის, რაც გაქვს?" მსგავსი ფრაზებით ბავშვს ყურადღება მიაქცევინეთ საკუთარ საჭიროებებზე და არა და-ძმასთან შეჯიბრზე. თუმცა, თუ შეზღუდული რაოდენობის პროდუქტია და ყველას ერთნაირად სურს, ასეთ დროს ჯობს, თანაბარი რაოდენობით გაუნაწილოთ.
გავრცელებული ტრადიციაა დაბადების დღის საჩუქრების დარიგება არა მხოლოდ თავად იუბილარისთვის, არამედ სხვა ბავშვებისთვისაც რათა გული არ დაწყდეთ. თუმცა, ფსიქოლოგების აზრით, ეს ტრადიცია არ არის სასარგებლო და მათი თქმით, მას უფრო მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ, ვისთვისაც ეს დღე განსაკუთრებულია. ძალიან კარგია, თუ ყველა იღებს იმას, რაც ნამდვილად უნდა და როცა ყველაზე მეტად სჭირდება.
"რატომ შეიძლება ეს მისთვის და ჩემთვის არა? ის თუ მიდის მარტო, მე რატომ არ მიშვებთ? მას თუ აძლევთ ფულს, მე რატომ არ მაძლევთ?" - როცა ბავშვი მსგავს ფრაზებს ამბობს, უნდა აუხსნათ, რომ პირობითად, მისი ძმა ათი წლისაა, თავად კი სამის. უნდა უთხრათ, რომ ასაკის მატებასთან ერთად, ადამიანებს უფრო მეტი უფლება და ამავდროულად, პასუხისმგებლობაც აქვთ."ცალკე აღსანიშნავია მშობლის დროისა და ყურადღების განაწილება, რისთვისაც ბავშვები ხშირად ებრძვიან ერთმანეთს. თუმცა, ყველა ოჯახში, სადაც ერთზე მეტი შვილია, უნდა იყოს ინდივიდუალური დრო. თუ ერთს უფრო მეტი დრო სჭირდება, რომ მოუსმინოთ, რაღაცაში დაეხმაროთ, მხოლოდ იმის გამო, რომ ნახევარი საათი გაქვთ თანაბრად გამოყოფილი თითოეულისათვის, უარი არ უნდა უთხრათ დახმარებაზე", - ამბობენ სპეციალისტები.
დაგეგმეთ მათი საყვარელი აქტივობები, მაგალითად, წაიყვანეთ პარკში, გაასეირნეთ და აგრძნობინეთ, რომ მზად ხართ, იმ ეტაპზე მხოლოდ მას მოუსმინოთ და მასთან თამაშში ჩაერთოთ. იგივე გააკეთეთ სხვა შვილთანაც, გარკვეული პერიოდულობით. შესაძლოა ფიქრობდეთ, რომ არ გაქვთ ამდენი დრო, მაგრამ ბავშვები იმსახურებენ, 15 წუთი მაინც დავუთმოთ მათ ბედნიერებასა და სიხარულს.