კახა ფირცხალაიშვილისა და ნატო თურმანიძის 31-წლიანი სიყვარულის ისტორიით ბევრი ადამიანი აღფრთოვანებულია. წყვილს მთელი აჭარა იცნობს და პატივს სცემს. მათ შესახებ საინტერესო სიუჟეტი "დღის პოსტმა" მოამზადა:
ნატო თურმანიძე: სახელმწიფო ანსამბლში ვმღეროდი. სტუდენტური ფესტივალი ტარდებოდა. კახა იქ გავიცანი. ჩვენთან ხვიჩა მაღლაკელიძე იყო. ტრიო უნდა ჩამოგვეყალიბებინა. მე ბას-ფანდურზე ვუკრავდი, ხვიჩა ფანდურზე, კახა სალამურზე. იმ პერიოდში შუქი არ იყო. კახამ გვითხრა, სახლში შუქი მაქვს, დაგპატიჟებთ და კინოს გაყურებინებთო. მე და ხვიჩამ წასვლა გადავწყვიტეთ. სახლში კახას დედა დაგვხვდა. ის რომ გარდაიცვალა, მიწაში მივყვებოდი. უსაყვარლესი ქალბატონი იყო. პირველად ციალა (დედამთილი) შემიყვარდა და მერე კახა...
კახა ფირცხალაიშვილი: სადმე რომ ვქეიფობ, ერთი სული მაქვს, სახლში როდის მოვალ. რომ მოვდივარ, მეთამაშება, მიმღერის, ჩემი ძმაკაცია. ესაა სიყვარული.
ნატო თურმანიძე: ჩვენ ერთმანეთს უსიტყვოდ ვუგებთ. სულ ვცდილობ, თვალებში ვუყურო და ის გავაკეთო, რაც მას გაუხარდება. 31-ე წელია, ერთად ვართ. დიდი ხნის ოჯახი გვაქვს, ორი შვილი გვყავს და ნამდვილად ბედნიერი ქალი ვარ. ერთი პროფესიის ვართ. "ფერი ფერსა, მადლი ღმერთსაო" - ჩვენზეა ნათქვამი.
კახა ფირცხალაიშვილი: ყველაზე დიდი ინტიმია, როდესაც მე და ნატო ყავაზე ერთად ვსხდებით...
ნატო თურმანიძე: ახლა უფრო მიყვარს, ვიდრე მაშინ. ჩემი როლი კახას ცხოვრებაში ძალიან დიდია. "ხულიგანი" ბიჭი იყო. შევუწყვე ხელი, რომ საკუთარი ნიჭიერებით ასპარეზზე გამოსულიყო.
კახა ფირცხალაიშვილი: ნატო ჩემი მოსწავლე იყო. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე მას ვასწავლე, თუ რა არის ცხოვრება, რა არის სიყვარული... მე მას ფანდური ვასწავლე. მაგრამ, მე მისმა ბუნებამ მასწავლა, რა არის ურთიერთობა. ღმერთმა ასეთი პიროვნება მაჩუქა. სიყვარული არის ის, როდესაც შენ ამ ადამიანთან ყოფნა გინდა. შენ ამ ადამიანთან ერთად მოგზაურობაში წასვლა, "გულავი", გრიალი, ქეიფი, ურთიერთობა, დალევა გინდა. ნატო, შენ შემოგევლოს ჩემი თავი. უშენოდ ღმერთმა ერთი წუთი არ მომცეს ცხოვრება.