2025 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო და აბიტურიენტები ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპისთვის განსაკუთრებით ემზადებიან. სხვადასხვა საგანში მეცადინეობენ, ტესტების ნიმუშებს წერენ და ცდილობენ, თავიანთი ცოდნა და უნარები მაქსიმალურად გამოიყენონ. დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდილი პედაგოგის გაგვიზიარებს რჩევებს.
ელზა აბლოთია უკვე მრავალი წელია, მასწავლებელია, მოსწავლეებთან მუშაობს და ყოველწლიურად, ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტებსა და სტატისტიკას აკვირდება. ის გვესაუბრება, რა ტიპის ცოდნა და უნარები სჭირდებათ აბიტურიენტებს იმისათვის, რომ ტესტი კარგად შეასრულონ და რა უნდა გაითვალისწინონ მომზადების პროცესში:
- აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის არაერთი მნიშვნელოვანი უნარი და ცოდნა სჭირდებათ. გამოცდა მხოლოდ გრამატიკის ან მხოლოდ კონკრეტული დავალებების სტრუქტურის ცოდნას არ ამოწმებს. ზოგადი განათლება, მართლწერის საკითხების ცოდნა, მსჯელობის, დამოუკიდებელი აზროვნების, დაკვირვების, ტექსტის სწორად წაკითხვისა და გააზრების უნარი - სწორედ ეს სჭირდებათ აბიტურიენტებს იმისათვის, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქართულ ენასა და ლიტერატურაში მოცემულ დავალებებს თავი კარგად გაართვან.
- ერთი კონკრეტული მიმართულების გამოყოფა გამიჭირდება, რადგან, როგორც აღვნიშნე, ერთიან ეროვნულ გამოცდაზე შემოთავაზებული ტესტი ბევრ სხვადასხვა უნარსა და ცოდნას მოითხოვს. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი, ვფიქრობ, ტექსტზე დაკვირვებაა. მართლწერის, გრამატიკის საკითხების მოგვარება შედარებით მარტივია. აბიტურიენტებს, ამ შემთხვევაში, კონკრეტული წესების სწავლა სჭირდებათ. მაგრამ, ტექსტზე დაკვირვებისა და ანალიზის უნარი დიდ შრომას მოითხოვს და შეიძლება ითქვას, წლობით მუშაობა სჭირდება. ტექსტის გააზრებას აბიტურიენტი კონკრეტული, დაზეპირებული ფორმულით ვერ შეძლებს. მას ნაწარმოებზე დაკვირვება და სწორად წაკითხვა სჭირდება. ამიტომ, აბიტურიენტებს ყოველთვის ვურჩევ, რომ ტექსტს კარგად დააკვირდნენ. თემის სათაურის სწორად გაგება და გააზრება შეძლონ. ვერ ვიტყვი, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდაზე თემის დასაწერად ისეთი თეზისებია მოცემული, გასააზრებლად რთული იყოს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, სათაურის სწორად გაგება უჭირთ ხოლმე. მნიშვნელოვანია, თავიანთი მსჯელობით სათაურს უპასუხონ და თემას არ გადაუხვიონ.
- როგორც გითხარით, გრამატიკული ნორმების შესწავლა შესაძლოა, აბიტურიენტმა მოკლე პერიოდში მოახერხოს. თუმცა, წინადადების სტილისტურად სწორად გამართვას, ლოგიკურ მსჯელობას კარგი ზოგადი განათლება და საკუთარი აზრის სწორად გამოხატვის უნარი სჭირდება. სამწუხაროდ, სკოლებში გრამატიკა ცალკე საგნად არ ისწავლება. ამიტომ, ბავშვებს, ამ მიმართულებით, პრობლემა ნამდვილად აქვთ და მე-12 კლასამდე ისე მოდიან, ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი არ იციან. ამას პანდემიური წლებიც დაემატა, რამაც, რა თქმა უნდა, უარყოფითი გავლენა მოახდინა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მართლწერის საკითხები აბიტურიენტმა ერთ წელიწადში შესაძლებელია, მეტ-ნაკლებად კარგად შეისწავლოს. ტექსტის ანალიზი კი უფრო მრავალფეროვან ცოდნას მოითხოვს. მხოლოდ მოცემული ტექსტის განხილვა საკმარისი არ არის. დეტალებს რომ დააკვირდეს, ტექსტი საფუძვლიანად განიხილოს, ამისთვის მოსწავლეს კარგი ზოგადი განათლება სჭირდება. ყველაზე ცოტა, სასკოლო პროგრამას მაინც უნდა იცნობდეს?!
- ზოგადი განათლება უმნიშვნელოვანესია. კითხვა, კარგი ფილმების ნახვა აბიტურიენტებს ცოდნის გამრავალფეროვნებაში ეხმარება და მათ აქვთ შესაძლებლობა, მსჯელობისას არაერთი არგუმენტი მოიყვანონ და საინტერესო თემა დაწერონ. გარდა ამისა, ისტორიის, სამოქალაქო განათლების კარგად შესწავლაც მნიშვნელოვანია. ამ საგნებისათვის ყურადღების მიქცევა და სხვადასხვა ისტორიული თუ სოციალური საკითხის ცოდნა ძალიან დაეხმარებათ.
- თემის სტრუქტურის შესწავლა რთული ნამდვილად არ არის. როგორ უნდა დაყონ აბზაცებად, რას მიაქციონ ყურადღება - ამ საკითხებს, როგორც წესი, მარტივად სწავლობენ. თუმცა, მათთვის შედარებით რთული ტექსტის სწორად წაკითხვა და გააზრებაა. ხშირ შემთხვევაში, ტექსტს ყურადღებით არ კითხულობენ. ასევე, თეზისზე დაკვირვება, სწორად აღქმა და იმის გააზრება, რას მოითხოვენ მისგან, მნიშვნელოვანია. მოგეხსენებათ, გამოცდაზე შემოთავაზებულ ტექსტს, როგორც პროგრამულს, ისე არაპროგრამულს, 10 შეკითხვა მოსდევს. ამ კითხვებს უმრავლესობა პასუხებს სწორად სცემს. უფრო მეტად თემის სათაურის გააზრება უჭირთ. დეტალებზე დაკვირვების უნარი ყველაზე მნიშვნელოვანია. ეს უნარი მოსწავლეს დაწყებითი კლასებიდან მოყოლებული, მთელი სასწავლო პროცესის განმავლობაში უყალიბდება. ეს არ არის ის, რაც ერთხელ ახსნილი წესით ისწავლება. მასწავლებელს დიდი როლი აქვს, რომ მოსწავლეს სწორად კითხვა, მსჯელობა, საკუთარი აზრის გამოხატვა ასწავლოს. ლიტერატურის განხილვა რუტინად არ უნდა გადაიქცეს - ლიტერატურულ გმირებზე დაკვირვება, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების აღმოჩენა, განხილვა საგაკვეთილო პროცესის განუყოფელი ნაწილი უნდა იყოს. ასეთ შემთხვევაში, მოსწავლე ლოგიკურად მსჯელობას ეჩვევა. ამიტომ, საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია.
- ხშირად არა, მაგრამ ზოგჯერ ასეც ხდება. ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი. მათ შორის, ემოციური ფაქტორიცაა. გამოცდა სტრესულია და ის ყოველთვის რეალურ ცოდნას არ აფასებს. შეიძლება, ნერვიულობის, სტრესის ფონზე, აბიტურიენტმა ყურადღების მობილიზება ვერ მოახერხოს და ისეთი შეცდომები დაუშვას, რაც იქამდე არ დაუშვია. მთავარი მიზეზი ეს მგონია, რადგან ის ცოდნა, რაც გვაქვს, არსად მიდის. შესაბამისად, გამოცდაზეც გამოვლინდება. ემოციების გაკონტროლება ამიტომაა ძალიან მნიშვნელოვანი. ხშირად, როდესაც ასეთი აბიტურიენტები გამოცდიდან გამოდიან, თავადვე შესანიშნავად იციან, რა შეცდომები დაუშვეს. როდესაც მოსწავლემ წერა იცის, ლიტერატურული ნაწარმოებების გააზრება შეუძლია და კარგი ზოგადი განათლება, ხედვა აქვს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ თემის დაწერა ვერ შეძლოს ან ტექსტის გაგება გაუჭირდეს. უფრო მეტად, ვფიქრობ, ემოციური ფაქტორია.
- შესაძლოა, განსხვავებული სტრატეგია ჰქონდეთ და ისე იწყებდნენ წერას, როგორც მათთვის კომფორტულია. აბიტურიენტებს გამოცდამდე ნიმუშებს ძალიან ხშირად ვაწერინებ და ვეუბნები, რომ სხვადასხვა გზა სცადონ. პირველი, შესაძლოა, რედაქტირებით დაიწყონ, შემდეგ დამშვიდდებიან და ტექსტის გააზრებაზე მთლიანად გადაერთვებიან. ყველა აბიტურიენტს ერთსა და იმავეს ვეუბნები - ტექსტი რამდენჯერმე ყურადღებით უნდა წაიკითხონ. თუნდაც ეს ნაცნობი ტექსტი იყოს. კითხვის პროცესში აზრები, იდეები იბადება. მოინიშნონ საინტერესო, მნიშვნელოვანი მონაკვეთები. წერის პროცესში რამდენჯერმე გადაამოწმონ, სწორი მიმართულებით მიდიან - თუ არა. კარგად მომზადებული აბიტურიენტიც ხანდახან შეიძლება ისე "გაიტაცოს" წერის პროცესმა, რომ დავალების პირობა ყურადღების მიღმა დარჩეს, გადაუხვიოს თემას და შესაბამისად, მაღალი ქულა ვეღარ მიიღოს.
თამარ იაკობაშვილი